ქირურგიის ეროვნული ცენტრი 24 საათის განმავლობაში აწვდის პაციენტებს სერვისს ყბა–სახის ქირურგიის მიმართულებაში.
კლინიკაში ტარდება ნებისმიერი სირთულის ყბა–სახის ოპერაცია ტრადიციული, ღია წესით და ასევე ენდოსკოპიური მეთოდით, როგორც გეგმიურ, ისე ურგენტულ რეჟიმში, კერძოდ, სახის ძვლების თანდაყოლილი და შეძენილი ანომალიების, ქვედა ყბის ართრიტის, ართროზისა და ანკილოზის ქირურგიული მკურნალობა, სახის ძვლების ახალი და მოძველებული მოტეხილობების მკურნალობა, სახის მიდამოს კეთილთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა, რთული დენტალური იმპლანტაცია, ძვლის პლასტიკა აუტოძვლისა და ხელოვნური ძვლის გამოყენებით, სინუს–ლიფტინგი, დენტო–ალვეოლური ქირურგია–რეცესიების მკურნალობა, ვესტიბულოპლასტიკა, სახის მიდამოს ანთებითი დაავადებების მკურნალობა.
გარდა ამისა ჩვენი სურვილია, დავნერგოთ ახალი, ინოვაციური მეთოდები. სწორედ ამ მიზნით ქირურგიის ეროვნულ ცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ უცხოეთში მოღვაწე ქირურგები, სანკტ–პეტერბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ყბა–სახის ქირურგიის განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გურამ მაღრაძე და ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი ემეკა ნკენკე. მოწვეულ სტუმრებს მასპინძლობდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყბა–სახის ქირურგი შოთა ლობჟანიძე.
ჩატარდა წარმატებული ოპერაციები ყბა–სახის ქირურგიასა და მიკროქირურგიაში:
• ორთოგნათიული ოპერაცია – 3D დაგეგმარებით ოსტეოტომია, ბისაგიტალური ოსტეოტომია;
• ყბებისა და სახის ძვლების ოსტეოპლასტიკა მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით (მცირე წვივის ძვლის ამოღება, შერთულის დადება გარეთა საძილე არტერიაზე, ოსტეოპლასტიკა აუტოძვლისა და ტიტანის რეკონსტრუქციული ფირფიტის გამოყენებით). მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ტიპის ოპერაცია პირველად ჩატარდა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში!
ორივე ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ჭრილობები შეხორცდა პირველადი დაჭიმვით. დღეის მონაცემებით პაციენტების მდგომარეობა, კოსმეტიკური ეფექტი დამაკმაყოფილებელია.
სანკტ–პეტერბურგში მოღვაწე ყბა–სახის ქირურგის გურამ მაღრაძის ვიზიტი კლინიკაში კვლავ იგეგმება. გეგმაშია აქცია, კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში ოპერაციები.
მკითხველს მისი სამომავლო ვიზიტის შესახებ შევატყობინებთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებ–გვერდისა და „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19;
გისურვებთ ჯანმრთელობას!