ჰემოფილიის საერთაშორისო სემინარის დასკვნითი დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

ჰემოფილიის საერთაშორისო სემინარის დასკვნითი დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

ჰემოფილიის საერთაშორისო სემინარის დასკვნითი დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში


ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციამ და საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციამ, ერთობლივი ორგანიზებით, ექიმ ლაბორანტებისთვის კოაგულოლოგიური მიმართულებით ჩაატარა 3 დღიანი საერთაშორისო ტრეინინგი. ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებელი იყო სტივ ქიჩენი, რომელიც არის სამეფო კლინიკის კოაგულაციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი (იორკშირი, დიდი ბრიტანეთი).

ტრეინინგის დასკვნით დღეს ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა. ჩვენს კლინიკაში ჩატარებულ სემინარს ესწრებოდნენ უცხოელი სპეციალისტები შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი და ბელორუსი. უცხოელმა ექიმმა ლაბორანტებმა დაათვალიერეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა დეპარტამენტი და მათ შორის, ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრი.

ჰემოფილია სისხლის მძიმე თანდაყოლილი და განუკურნებელი დაავადებაა, რომელიც სიცოცხლის მანძილზე საჭიროებს მკურნალობას, პერიოდულად ანტიჰემოფილური ფაქტორ–კონცენტრატების გადასხმას. ფაქტორ–კონცენტრატი სისხლის შემადედებელი პრეპარატია, რომელიც ჰემოფილიით დაავადებული ადამიანის სიცოცხლისთვის არის აუცილებელი. ამ დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ სისხლის შედედების დარღვევები და სისხლდენისკენ არიან მიდრეკილნი. განასხვავებენ დაავადების მძიმე, საშუალო და მსუბუქ ფორმებს. ჰემოფილიას ხშირად ახასიათებს ჰემატომური ტიპის სისხლდენა, თუმცა სისხლდენა შესაძლებელია განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ორგანოში, ძლიერი, მასიური და მტკივნეული სისხლჩაქცევებითა და სისხლდენებით – სახსრებში, კუნთებსა და სხვა ორგანოებში. 

ტრეინინგის ფარგლებში ჩვენი კლინიკის ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჰემატოლოგმა ლევან მახალდიანმა ჩაატარა სემინარი.

„ჩვენი კლინიკისთვის ამ სემინარს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან უცხოელ კოლეგებთან მოხდა გამოცდილების გაზიარება. კოაგულოლოგიური ტესტების შესრულება ხშირ შემთხვევაში სირთულეს წარმოადგენს, რადგან მოითხოვს დიდ გამოცდილებასა და ცოდნას. დამსწრე საზოგადოებისთვის წარმოვადგინე პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოში სისხლმდენი დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობას და იმ ლაბორატორიულ ტესტებს, რომელიც ჩვენს კლინიკაში კეთდება. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში არსებობს ჰემოსტაზის (სისხლის შედედება) ლაბორატორია, სადაც ხდება სისხლის შემადედებელი სისტემის პათოლოგიის დიაგნოსტირება“, – განაცხადა ლევან მახალდიანმა.

სემინარის მნიშვნელობაზე გვესაუბრა საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემოფილიის ცენტრის კოორდინატორი, რომანოზ ხომასურიძე.

„მსგავსი მასშტაბური, წარმომადგენლობითი სემინარი ჯერ არ გვქონია. 7 ქვეყნის სპეციალისტი მონაწილეობდა. ვფიქრობ, ტრეინინგმა კარგი შედეგი გამოიღო – ყველა პირობა იყო შექმნილი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისთვის. ვიზიტორებმა დაათვალიერეს ჩვენი ლაბორატორია და მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ კარგი შთაბეჭდილებით წავიდნენ. ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, მოხდა ცოდნის გაღრმავება. სემინარი წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში და ყველა მონაწილეს ჰქონდა საშუალება, რომ პრაქტიკულად შეესრულებინა სხვადასხვა კოაგულაციური ტესტები“, – განაცხადა რომანოზ ხომასურიძემ.

მსგავსი სემინარი მომავალშიც იგეგმება.



ავტორი ეკატერინე ციცხვაია