სულ მალე ახალი 2018 წელი შემობრძანდება.
ქართული სადღესასწაულო სუფრა მდიდარია გემრიელი და ნოყიერი კერძებით. ასეთი სუფრა უალკოჰოლოდ წარმოუდგენელია. ალკოჰოლით ინტოქსიკაციის მაჩვენებელიც სწორედ ამ დღესასწაულზე იზრდება. სწორედ ამიტომ მივმართეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ ტოქსიკოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ეკა ქურდაძეს. ქალბატონი ეკა ალკოჰოლთან დაკავშირებით რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაციას გვაძლევს.
– როგორ მოვიქცეთ ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს?
– პირველ რიგში მკითხველს ვულოცავ დამდეგ შობა–ახალ წელს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და ბედნიერებას! რაც შეეხება ალკოჰოლს, როცა საქმე მის მოხმარებას ეხება, ზომიერებისა და ხარისხის გათვალისწინებაა საჭირო. მნიშვნელოვანია სასმელის წარმომავლობის და მომზადების ხარისხის ცოდნა. ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს ვეცადოთ, რომ ადამიანი შევაფხიზლოთ, სუფთა ჰაერზე გავიყვანოთ. თუ გონზეა სასურველია მექანიკურად ღებინების გამოწვევა. დავალევინოთ მაგარი ყავა, ჩაი ან მინერალური წყალი. დაძინებისას უსაფრთხო პოზაში დავაწვინოთ, გვერდულად.
– რამდენად რეკომენდირებულია ალკოჰოლზე გაზიანი ან ტკბილი სასმელის დაყოლება?
– ალკოჰოლურ სასმელზე გაზიანი, ტკბილი სასმელის დაყოლება არ არის რეკომენდირებული. გირჩევთ, რომ ალკოჰოლს მიაყოლოთ წყალი, მინერალური სასმელი და ახლად მომზადებული ტკბილი კომპოტი.
– მოლხენის შემდეგ ნაბახუსევს ვებრძვით – რაიმე რეცეპტს ხომ ვერ გვასწავლით?
– ნაბახუსევზე შეგიძლიათ დალიოთ გაზგასული მინერალური წყალი, მიირთვათ მაწონი, კეფირი, მჟავე ან ახლად მოხარშული ტკბილი კომპოტი. თუ გაუსაძლისი თავის ტკივილი გაწუხებთ, წყალში ხსნადი ასპირინის და რომელიმე სპაზმოლიზური საშუალების გამოყენებაც დაგეხმარებათ. სასარგებლოა ხილიც, განსაკუთრებით ციტრუსი, ანანასი.
– ახალი წლის პერიოდში ქართველი პაციენტები რა პრობლემებით მოგმართავენ?
– ძირითადად კვებითი ინტოქსიკაციებია, მათ შორის სოკოთი მოწამვლა. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ძირითადად მრავალფეროვანი, სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელის ჭარბად გამოყენების შემთხვევაში. რაც შეეხება სქესს – თითქმის თანაბრად ხვდებიან კლინიკებში, თუმცა უპირატესობით მაინც მამაკაცები გამოირჩევიან.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 11 91 19;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ ტოქსიკოლოგს, ეკა ქურდაძეს ნომერზე 577 11 86 91.
გისურვებთ ჯანმრთელობას!