გულმკერდის არეში ტკივილი ექიმთან მიმართვიანობის კუთხით ერთ–ერთ წამყვან ადგილზეა.
ის სხვადასხვა ლოკალიზების, ხასიათისა და ინტენსივობის დისკომფორტს გულისხმობს, რომელიც ხშირად სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების გამოვლინებაა და დროულ რეაგირებას საჭიროებს.
ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს გულთან დაკავშირებული, მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია (ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც გროვდება არტერიების შიდა კედლებზე და გულის კუნთს უზღუდავს სისხლის მიწოდებას), აორტის აშრევება (აორტის, გულის მთავარი არტერიის შიდა შრეების გაცალკევება), პერიკარდიტი (გულის შემომსაზღვრელი შრის ანთება).
ასევე გულმკერდის არეში ტკივილს შესაძლოა გრძნობდეთ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული მიზეზებით (გულძმარვა, საყლაპავის დაავადებები, ნაღვლის ბუშტის ან პანკრეასის პრობლემები).
შესაძლოა გულმკერდის არეში ტკივილი გამოწვეული იყოს ნერვული, ძვალ–კუნთოვანი, სასუნთქი სისტემების დაავადებებით.
როგორც ხედავთ, გულმკერდის არეში ტკივილი ყოველთვის კარდიული მიზეზით არაა განპირობებული და შესაძლოა მიზეზი იყოს არაიშემიური. სწორედ ამიტომ ნებისმიერი სახის ტკივილი გულმკერდის არეში საყურადღებოა და დროულ რეაგირებას საჭიროებს.
თუ თქვენთვის ეს ჩივილი ნაცნობია, მიმართეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“, სადაც პაციენტს გულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კვლევებს ვთავაზობთ. შეგიძლიათ ჩაიტაროთ ეკგ – ელექტროკარდიოგრამა, რომელიც გულის მუშაობის დროს გულის კუნთში აღძრული ელექტრული იმპულსების გრაფიკული გამოსახულებაა. აღნიშნული კვლევა საშუალებას იძლევა სწრაფად განხორციელდეს გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების სარწმუნო დიფერენცირება.
კარდიოლოგიურ კაბინეტში თქვენს განკარგულებაშია ე.წ. ტრედმილი, სარბენი ბილიკი, რომლის საშუალებითაც ვატარებთ დატვირთვის ტესტს. საუბარია გარკვეული სიჩქარით მოძრავ ბილიკზე, რომელზეც პაციენტი დადის და სწორედ ფიზიკური დატვირთვის პროცესში ხდება ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ იშემიური ცვლილებების არსებობა.
ასევე გთავაზობთ გულის ექოსკოპიას. ექოკარდიოგრაფია წარმოადგენს გულის ულტრაბგერით კვლევას, რომლის საშუალებითაც ხდება გულის ღრუების, სარქველებისა და სხვა სტრუქტურების დათვალიერება, გულის კუნთის კუმშვადობისა და ფუნქციური მაჩვენებლების შეფასება.
კლინიკა გთავაზობთ ჰოლტერის მონიტორირებას, კვლევის მეთოდს, რომლის დროსაც გულის რიტმის უწყვეტი ჩაწერა ხორციელდება. გამოკვლევას ჩვეულებრივ 24 საათი ეთმობა. კვლევის ამ მეთოდს ამბულატორიულ ელექტროკარდიოგრამასაც უწოდებენ. გულის რიტმის ჩაწერა ხორციელდება გულმკერდზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით. ელექტროდები პატარა პლასტიკური ფირფიტებია, რომლებიც მავთულების საშუალებით დაკავშირებულია მონიტორთან. ამ ტესტის ჩატარება დაეხმარება ექიმს შეაფასოს თქვენი გულის მუშაობა როგორც ჩვეული ფიზიკური დატვირთვის, ასევე ღამით მოსვენებულ მდგომარეობაში.
გულმკერდის არეში ტკივილის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კარდიოლოგი მანანა გაგუა.
– შესაძლებელია თუ არა გულის დაავადებების დიაგნოსტირება ტკივილის ხასიათის მიხედვით?
– გულის პათოლოგიების დროს ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს სიმპტომატიკის ვარიაბელურობა და პაციენტის მიერ მისი არასწორი აღქმა. კარდიული ხასიათის ტკივილი საკმაოდ მრავალფეროვანია. ამიტომაც უამრავი პაციენტი კვალიფიციური დახმარებისთვის დაგვიანებით მიმართავს ექიმს. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის დროს, გულმკერდში ტკივილის მართვა არის გაცილებით ეფექტური, თუ მას დაიწყებენ სიმპტომის გაჩენისთანავე. ამ დროს პაციენტის დროული გამოკვლევა და მკურნალობის დაწყება არის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზა.
– რა არის დამახასიათებელი ტიპიური კარდიული ტკივილისთვის?
– რეტროსტერნალური (მკერდის ძვლის უკან) დისკომფორტი, ირადიაციით (გადაცემით) ორივე წინამხარში და ბეჭში, ქვედა ყბაში და კბილში, ეპიგასტრიუმში, კისრის არეში. ტკივილის ხანგრძლივობა გრძელდება 2–დან 30 წუთამდე. პროვოცირებულია ფიზიკური დატვირთვით ან ემოციური სტრესით. ტკივილი იხსნება მოსვენების დროს ან მედიკამენტის მიღებისას.კარდიული სიმპტომების მქონე პაციენტები ხშირად აღწერენ ჩივილებს შემდეგი ტერმინებით: მოჭერა, სიმძიმე, გახვრეტა, გაგლეჯვა, ზეწოლა და ნაკლებად ხშირად - ჩხვლეტა, შეწუხება. გულმკერდის არეში ტკივილი ძირითადად ასოცირებულია ვეგეტატიური ნერვული სისტემის სტიმულაციასთან, რაც გამოიხატება: კანის გაფერმკრთალებით, დიაფორეზით (ოფლიანობა), ცივი კანით, გულისრევით, ღებინებით, დისპნეით (სუნთქვის გაძნელება).
ხოლო არაკარდიული სიმპტომების დროს ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან გვხვდება 1 ან 2 ან არცერთი.
გულმკერდში ტკივილის დროს დიაგნოსტიკური ტესტი ემსახურება 2 ძირითად მიზანს:
- გამოვლინდნენ მაღალი რისკის ჯგუფის მქონე პაციენტები და დაუყოვნებლივ ჩატარდეს მკურნალობა;
- გამოვლინდეს დაბალი რისკის პაციენტთა ჯგუფი.
სწორი დიაგნოზისთვის აუცილებელია ელექტროკარდიოგრამის, ექოკარდიოგრაფიის, გულმკერდის რენტგენის გადაღება და მათთან ლაბორატორიული მონაცემების კორელაცია.
ეკგ-ს ძირითადი მიზანია გულმკერდში ტკივილის მქონე პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომის დიაგნოსტირება. ასევე ეკგ გამოიყენება არითმიის, წინაგულების მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიის, გამტარებლობის დარღვევის დასადგენად.
ექოკარდიოგრაფია ფართოდ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტირებისთვის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გულის ზომის, ფორმის, კამერების (ღრუების), სარქველოვანი აპარატის აგებულების, გულის კედლების, გულის კუმშვისა და ავსების ფუნქციის, გულშიდა სისხლის მიმოქცევის შეფასება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ექოკარდიოგრაფიის როლი გულის სარქვლოვანი დაავადებების (მანკების) დიაგნოსტირებისა და ადეკვატური მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრაში. ასევე კარდიომიოპათიების და პერიკარდიუმის დაავადებების დიაგნოსტირებაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექოკარდიოგრაფია არ არის საკმარისი მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზის დასადგენად, რადგან რეგიონული კუმშვადობის დარღვევა შეიძლება სიმპტომების დაწყებიდან გაცილებით გვიან გამოჩნდეს. ექოკარდიოგრაფია მნიშვნელოვანი კვლევის მეთოდია სისტოლური დისფუნქციის მქონე პაციენტების შორეული და ახლო პროგნოზის განსაზღვრისთვის.
– რას გვეტყვით ფიზიკური დატვირთვის ფონზე აღმოცენებულ ტკივილზე?
– გულმკერდის არეში ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ფიზიკური აქტივობით (სიარულის დროს მოძრაობის აჩქარებით, კიბეებზე ან აღმართზე ასვლით, მკვეთრი შემხვედრი ქარით, ჭამის შემდეგ მოძრაობით ან მძიმე ტვირთის აწევით) ასევე რაიმე სხვა ტიპის ფიზიკური დატვირთვით ან ემოციური დაძაბულობით. ყველაზე ხშირად გამოწვეულია დაძაბვის სტენოკარდიით. ფიზიკური დატვირთვის გაგრძელებისას ან გაზრდისას განუხრელად მატულობს ტკივილის ინტენსივობაც, ხოლო შეწყვეტისას ტკივილი სუსტდება და რამდენიმე წუთში ქრება.
დაძაბვის სტენოკარდიას ახასიათებს შემდეგი კლინიკური ნიშნები:
- ტკივილის ლოკალიზება მკერდის უკან (განსაკუთრებით ტიპიურია), იშვიათად კისრის მიდამოში, ქვედა ყბასა და კბილებში, ხელებში, ბეჭის (ხშირად მარცხნივ) არეში, გულის მიდამოში;
- ტკივილის ხასიათი – მოჭერითი, ზეწოლითი, იშვიათად მკერდში უცხო სხეულის შეგრძნება (ზოგჯერ პაციენტს აქვს არა ტკივილის, არამედ უსიამოვნო შეგრძნება მკერდის უკან და უარყოფს საკუთრივ ტკივილის არსებობას);
- შეტევასთან ერთად არტერიული წნევის მომატება, კანის სიფერმკრთალე, პულსის სიხშირის ცვლილება, რითმის დარღვევა.
რომელიმე სიმპტომის აღმოცენებისთანავე აუცილებელია პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს!
– როგორ მკურნალობთ გულმკერდის ტკივილს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“?
–პაციენტებს, ტკივილით გულმკერდის არეში, შეუძლიათ მომართონ კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით. პაციენტებს უტარდებათ ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, რენტგენოგრაფია და სხვა მაღალტექნოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები, ბიოქიმიური მარკერები. ასეთი კომპლექსური მიდგომა გვეხმარება სწორი და ეფექტური კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. დიაგნოზის დადგენის შემდეგ, პაციენტების მკურნალობა და შემდგომი მართვა ხორციელდება თანამედროვე მიდგომებითა და უახლესი გაიდლაინებით.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21ა;
კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კარდიოლოგს მანანა გაგუას ნომერზე 599 32 34 39;
გისურვებთ ჯანმრთელობას!