ფარისებრი ჯირკვალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რომელსაც ორგანიზმში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია.
ფარისებრი ჯირკვალი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ზემოქმედებს ორგანოებისა და ქსოვილების ფუნქციონირებაზე.
დადგენილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები აღენიშნება მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2%–ს. საქართველოში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
აღნიშნულ პრობლემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი.
– რა არის ჩიყვი?
– ტერმინი ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდებას ეწოდება. ხშირად, მოსახლეობაში ფარისებრი ჯირკვლის ყველა პათოლოგიას ჩიყვს უწოდებენ.
- რა შემთხვევაში ვითარდება ჩიყვი?
- ჩიყვი შესაძლოა განვითარდეს იოდდეფიციტის პირობებში, რაც ხშირია იოდდეფიციტის ენდემურ ზონებში. ასეთ შემთხვევაში, ამ პათოლოგიას, ენდემურ ჩიყვს ვუწოდებთ. ფარისებრი ჯირკვალი ზომაში შეიძლება გადიდდეს აუტოიმუნური დაზიანების შემთხვევაშიც, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ფუნქციური დარღვევაც.
- რა არის კვანძოვანი ჩიყვი?
- როდესაც ფარისებრი ჯირკვლის გარკვეულ უბნებში გამოხატულია მისი კვანძოვანი დაზიანება, ასეთ შემთხვევაში მას კვანძოვან ჩიყვს უწოდებენ. კვანძოვანი ჩიყვი შესაძლოა განვითარდეს, როგორც ნორმალურ, ისე ზომაში გადიდებულ ან დაპატარავებულ ფარისებრ ჯირკვალში, ნორმალური ან დარღვეული ფუნქციის ფონზე.
– როგორ ამოვიცნოთ კვანძოვანი ჩიყვი?
– როდესაც კვანძი ზომაში დიდია, ის შეიძლება ვიზუალურადაც იყოს შესამჩნევი. კვანძების შემჩნევა შესაძლებელია პალპაციითაც, თუმცა დღეს ამ კუთხით დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად მიჩნეულია ექოსკოპიური კვლევა. თანამედროვე აპარატურით შესაძლებელია 2მმ ზომის კეროვანი დაზიანების ვიზუალიზებაც.
– რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ დარღვევას?
– ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს შესაძლოა განვითარდეს ფუნქციური სიჭარბე – ჰიპერფუნქცია, ჰიპერთირეოზი ან ნაკლებობა – ჰიპოფუნქცია, ჰიპოთირეოზი.
ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელია: ოფლიანობა, წონის კლება, ხელების კანკალი, ემოციური ლაბილობა, გაღიზიანებადობა, გულისცემის აჩქარება, შესაძლოა გამოვლინდეს კუჭის გახშირებული მოქმედებაც, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე.
ჰიპოთირეოზს ახასიათებს: ძლიერი საერთო სისუსტე, კანის სიმშრალე, ზოგადი შეშუპება, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, გულის რიტმის დარღვევა, ძილიანობა, ყაბზობა.
თუ პაციენტს აქვს კვანძოვანი ჩიყვი, მაგრამ არც კვანძი და არც ფარისებრი ჯირკვალი არ არის ზომაში იმდენად დიდი, რომ ყლაპვის გაძნელებას ან ზეწოლას იწვევდეს, ამ შემთხვევაში შესაძლოა პათოლოგია უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს.
– ვინ არის განსაკუთრებული რისკის ქვეშ?
– რისკ–ჯგუფს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, ვისაც აქვთ გენეტიკური განწყობა ფ/ჯ–ის პათოლოგიების მიმართ, ასევე იოდდეფიციტის ენდემურ ზონაში მცხოვრებნი, ორსულები, პირები, ვისაც ანამნეზში ჰქონდათ დასხივება ფ/ჯ–ის საპროექციო არეში, ნებისმიერი სხვა ჰორმონული დარღვევის მქონე ადამიანები.
– რას გვეტყვით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტირების მეთოდებზე?
– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ხორციელდება ფარისებრი ჯირკვლის სრული ჰორმონული კვლევა, ექოსკოპია უახლესი აპარატით TOSHIBA APLIO 500. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ფარისებრი ჯირკვლის კვანძის პუნქციური ბიოფსია, ბიოპტატის იმუნოჰისტოქიმიური კვლევა.
კლინიკის ულტრათანამედროვე ექოსკოპიის აპარატის TOSHIBA APLIO 500–ის დახმარებით, მაღალი სიზუსტით ხდება მკურნალობის შედეგების მონიტორირება, რაც პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა.
ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია არის კვლევის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი, მისი ზომებისა და იმ სტრუქტურული ცვლილებების გამოსავლენად, რომელიც გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიის დროს. კვლევის შედეგად დიაგნოსტირებული კვანძის შეფასება ხდება ექიმ–ენდოკრინოლოგისა და რადიოლოგის მიერ, ერთობლივად.
საეჭვო კვანძის დიაგნოსტირების შემდეგ ეტაპად მიჩნეულია წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია, რათა უჯრედულ დონეზე დადგინდეს ავთვისებიანია თუ არა წარმონაქმნი. ელასტოგრაფია ექოლოგიურად განსაზღვრავს წარმონაქმნის სიმკვრივეს. ელასტოგრაფიის რეჟიმს სიმკვრივის შესაფასებლად სპეციალური შკალაც აქვს. მისი მეშვეობით აპარატს შეუძლია ქსოვილის სიმკვრივის რიცხვობრივი ანალიზი გააკეთოს. ხდება ორი საკონტროლო სივრცის აღება, ერთი ინტაქტურ რბილ ქსოვილზე, ხოლო მეორე – საეჭვო უბანზე. აპარატი გვიჩვენებს ელასტიურობის კოეფიციენტს მითითებულ უბნებში, შედარებით მაღალი კოეფიციენტის მქონე უბანი უფრო საეჭვოდ მიიჩნევა და რეკომენდებულია მისი ბიოფსია.
ელასტოგრაფიის რეჟიმი თავად ბიოფსიის პროცესშიც გვეხმარება და საშუალებას გვაძლევს, კონკრეტული კვანძის ყველაზე მკვრივი, პროგნოზულად სახიფათო უბანი დავაფიქსიროთ და ქსოვილი გამოსაკვლევად იქიდან ავიღოთ. ამით ცრუ, პოზიტიური თუ ცრუ ნეგატიური შედეგი გამოირიცხება. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა. აუცილებლობის დროს ტარდება მაღალკვალიფიციური ქირურგიული მკურნალობა. მიმდინარეობს პაციენტის მუდმივი მონიტორინგი პრე და პოსტოპერაციულ პერიოდში.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N7.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!