ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ეწვია პროფესორი ლუის ალედორტი.
ის მუშაობს აშშ–ში ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ და დიდი ისტორიის მქონე კლინიკაში Mount Sinai Hospital-ში. ბატონი ლუისი 50 წელზე მეტია ჰემატოლოგიაში მოღვაწეობს და არამარტო აშშ–ის, არამედ მსოფლიო მასშტაბით დიდი ავტორიტეტია. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სისხლის შედედება და მასთან დაკავშირებული პრობლემები.
მან ჩვენი კლინიკის საკონფერენციო დარბაზში თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურისა და თრომბოფილიის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორსულობის პერიოდში თრომბოფილიის დიაგნოსტირებისა და მართვის პრობლემებზე. ასევე ისაუბრა თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის (მოშკოვიცის სინდრომი) შესახებ.
პროფესორმა ლექციაზე განმარტა, რომ მოშკოვიცის დაავადების დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია, რადგან ის მიეკუთვნება იშვიათი დაავადებების კატეგორიას და მკურნალობის ერთ–ერთი ძირითადი მეთოდია ჩანაცვლებითი პლაზმოფერეზი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები. ლექცია მიმდინარეობდა კითხვა–პასუხის რეჟიმში.
პროფესორმა კლინიკის მმართველ გუნდსა და დამსწრე საზოგადოებას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა!
გისურვებთ ჯანმრთელობას!