დიაბეტური ტერფი და მისი მკურნალობა

დიაბეტური ტერფი და მისი მკურნალობა

შევინარჩუნოთ კიდური - გადავარჩინოთ სიცოცხლე

მოგეხსენებათ, ნოემბრის თვე დიაბეტს და ამ დაავადების მატარებელ ადამიანებს ეძღვნება. მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ ამ პათოლოგიას თავისი თანმდევი პროცესებით, რათა თავი დავიცვათ მდომარეობის უეცარი გართულებისგან და დიაგნოზი დროულად, სხვა დაავადების ჩამოყალიბებამდე დავსვათ. დიაბეტისა და მისი თანმდევი დაავადების შესახებ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანგიოლოგი, სისხლძარღვთა, ენდოვასკულური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან გოგლიაშვილი ისაუბრებს.

რა არის დიაბეტური ტერფი

გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, დიაბეტური ტერფი არის შაქრიანი დიაბეტის გართულება, რომელიც ხასიათდება ნეიროპათიით: მგრძნობელობის დაკარგვით კიდურში, მიკროანგიოპათიით-მცირე კალიბრის სისხლძარღვების გამკვრივებით, დახურვით, რაც იწვევს იშემიას-სისხლის მიმოქცევის მოშლას, წყლულის გაჩენას და ინფიცირებას. საბოლოოდ, საქმე შესაძლოა მივიდეს დიაბეტურ განგრენასა და ამპუტაციამდე.

 

პირველად, სახელწოდება დიაბეტური ტერფი აღწერილ იქნა 1956 წელს. მას შემდეგ  მედიცინის ტექნოლოგიურმა და ფარმაკოლოგიურმა მიღწევებმა გააუმჯობესა შაქრიანი დიაბეტის მართვა და მისგან გამოწვეული გართულებები. თუმცა, დაავადებით განვითარებული დაიბეტური განგრენა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.

 

დიაბეტი და საქართველო

  • 2017 წლის დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მე-8 გამოცემის ატლასის მონაცემებით, საქართველოში სავარაუდოდ, 232,000 (163500-368500) ადამიანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული;
  • საქართველოში ეს დიაგნოზი სიკვილის მიზეზთა შორის მე-7 ადგილს იკავებს;
  • გლობალური ხარჯთაღრიცხვა ჯანდაცვაზე დიაბეტით დაავადებულებში 2018 წლისათვის შეფასდა 850 მილიარდი აშშ დოლარით;
  • მსოფლიოში დიაბეტი დაახლოებით 500 მილიონ ადამიანის აქვს დადასტურებული;
  • ამერიკაში ყოველწლიურად სრულდება 100 000 ფეხის ამპუტაცია და ამ შემთხვევებიდან 50-76% პაციენტებს აქვთ დიაბეტი;
  • 4-ჯერ იზრდება ამპუტაციის რისკი, თუ პაციენტს ქრონიკულ არტერიულ დაავადებასთან ერთად დიაბეტიც აქვს;
  • ქვემო კიდურების განგრენა 20-ჯერ მეტად არის მომატებული დიაბეტით დაავადებულებში მსოფლიოს მთელ პოპულაციასთან შედარებით, ამპუტაციის შემდეგ სიკვდილიანობა 5 წელში დაახლოებით 50-65% ს შეადგენს.

 

რა არის დიაბეტური ანგიოპათია

დაიბეტური ანგიოპათია, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია დიაბეტური ტერფის ჩამოყალიბების პროცესში. დიაბეტის დროს ზიანდება როგორც კაპილარები, ასევე მცირე და საშუალო კალიბრის სიხლძარღვები, ხდება სისხლძარღვის კედლის გამკვრივება, დახურვა, ვითარდება ათეროსკლეროზი, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ სისხლძარღვების შევიწროების და დახურვისაკენ. ეს კი, თავის მხრივ იწვევს ქსოვილების იშემიას-სისხლის მიმოქცევის ნაკლებობას, ზიანდება ნერვული დაბოლოებები, ქვეითდება ადგილობრივი იმუნიტეტი, რის გამოც ვითარდება კანის დაზიანება, ინფექცია, განგრენა.

 

რა არის დიაბეტური ნეიროპათია

დიაბეტური ნეიროპათია ერთ -ერთი მთავარი ფაქტორია დიაბეტური ტერფის განვითარებაში. ამ დროს ზიანდება მგრძნობიარე და მამოძრავებელი ნერვები. მგრძნობიარე ნერვის დაზიანების დროს ავადმყოფი ვერ გრძნობს შეხებას, ტკივილს, ტემპერატურას, როგორც აღწერენ - ,,თითქოს ქვები უყრიათ ფეხსაცმელებში’’,  შეიძლება მიიღონ ღრმა დამწვრობა ისე, რომ ვერც იგრძნონ.

მამოძრავებელი ნერვის დაზიანების დროს კი, ირღვევა ტერფის ბიომექანიკა.

 

დიაბეტური ტერფის დიაგნოსტირება

პათოლოგიის დიაგნოსტირება მოიცავს პაციენტის გასინჯვას, ანამნეზის ზუსტ და სწორ შეკრებას, კიდურის კარგად დათვალიერებას, პულსაციის გასინჯვას მანუალურად. ამის შემდეგ ინიშება ლაბორატორული და ინსტრუმენტალური გამოკვლევები.

 

კიდურის სისხლმიმოქცევის დიაგნოსტირება

  1. პირველ ეტაპად ტარდება გოჯ-მხრის ინდექსის განსაზღვრა და ქვემო კიდურების არტერიების დუპლექს სკანირება. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, ტარდება მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ციფრული ანგიოგრაფია;
  2. კომპიუტერული ანგიოგრაფია უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს სისხლძარღვების დაზიანების ლოკალიზაციის, შევიწროების ხარისხის და გამომწვევი მიზეზის შესახებ. თუმცა, კომპიუტერული ანგიოგრაფია ვერ ჩატარდება თუ ავადმყოფს აქვს თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, რაც ხშირია დიაბეტიან ავადმყოფებში, დიაბეტური ნეიროპათიის გამო. ეს ართულებს სწორ დიაგნოსტირებას, მკურნალობას და ოპერაციულ ჩარევას;
  3. ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია უახლესი, 3 ტესლიანი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით, რომელსაც უკონტრასტოდ და/ან მინიმალური კონტრასტის გამოყენებით შეუძლია მოგვცეს ის მონაცემი, რაც ჭირდება სისხლძარღვთა ქირურგს, ავადმყოფის შემდგომი მართვისთვის. იმავდროულად, არ დააზიანებს თირკმლის ფუნქციას და ავადმყოფი არ მიიღებს სხივურ დატვირთვას;
  4. წყლულის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ნაცხის აღება, ბაქტერიოგრამის განსაზღვრა შესაბამისი ანტიბიოტიკის დანიშვნა. ტერფის ძვალ-სახსროვანი სისტემის შეფასება, რენტგენოგრაფია, პოდოგრაფია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიაბეტის დროს ზიანდება ტერფის ძვლები, სახსრები, ირღვევა ტერფის ბიომექანიკა, რასაც მივყავართ ტერფის დეფორმაციამდე და ძალის არასწორ გადანაწილებამდე ტერფზე, რაც თავის მხრივ იწვევს უამრავ გართულებას (კოჟრის გაჩენა, სახსრების ტკივილი, წელის ტკივილი და ა.შ.), ამიტომ უნდა შეირჩეს სპეციალური ფეხსაცმელი და ჩასაფენი კონკრეტული პაციენტის ტერფის ბიომექანიკის მიხედვით, რათა სწორად გადანაწილდეს დატვირთვა. დაზიანებული ქსოვილი აღარ განიცდის მუდმივ ზეწოლას, რაც მნიშვნელოვანია შეხორცებისთვის;
  5. ნეიროპათიის შეფასება-შეხების ძალის განსაზღვრა, მოტორიკის განსაზღვრა, ვიბრაციის განსაზღვრა, ტემპერატურის აღქმის განსაზღრვა.

დიაბეტური ტერფის მკურნალობა

თანამედროვე მედიცინის მიღწევა ის კი არ არის, თუ როგორ უმკურნალოს დაავადებას, არამედ, როგორ არ განვითარდეს დაავადება. ამაში დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის და მისი ახლობლების ცოდნის ამაღლებას, თუ რა არის დიაბეტი, რა არის ის მარტივი და ელემენტარული უნარ-ჩვევები, რომელიც უნდა იცოდნენ.

პაციენტმა უნდა დაიცვას შემდეგი წესები:

  • ყოველდღე დაათვალიეროს ტერფი, არ გამორჩეს: ნაწოლი, ნაფხაჭნი, შეშუპება, გაწითლება;
  • დაიბანეთ ტერფი ყოველდღე, გაიმშრალეთ ნაზად, განსაკუთერებით თითებს შორის, გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემები მშრალ ადგილებზე;
  • არ მოიცილოთ და მოიჭრათ კოჟრი ან სხვა რაიმე სახის დაზიანება თქვენს ტერფზე;
  • დაიჭერით ფრჩხილები ფრთხილად. თუ ვერ იჭრით, სთხოვეთ დახმარება სხვას;
  • არ იაროთ ფეხშიშველმა, სახლშიც კი;
  • ჩაიცვით სუფთა და შრალი, ბამბის მასალისგან დამზადებული წინდა, არ ატაროთ ელასტიური მასალა (ბანდაჟი);
  • იყიდეთ კომფორტული, რბილი ფეხსაცმელი ორთოპედიული ჩასაფენით. უმჯობესი იქნება, პაციენტზე მორგებული ფეხსაცმლის ჩასაფენი. არ ჩაიცვათ მაღალქუსლიანი ან ვიწრო ფეხსაცმელები,  რომელიც უჭერს თითებს;
  • რეგულარული ვიზიტი ოჯახის ექიმთან, ენდოკრინოლოგთნ, ანგიოლოგთან.

 

დიაბეტის და დიაბეტური გართულებებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რისკ-ფაქტორების მოცილება, შეწყვეტა:

  1. სიგარეტის მოწევა - არსებობს ფსიქოლოგიური მეთოდი, ჩანაცვლებითი თერაპია;
  2. ჰიპერტენზია -  პრეპარატების მიღება რეგულალურად, კარდიოლოგის მეთვალყურეობით;
  3. ჰიპერლიპიდემია - სწორი კვება, სტატინების მიღება, კარდიოლოგის ან ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით;
  4. გლუკოზის კონტროლი - კრიტიკული როლი აქვს გლუკოზის ციფრების მაქსიმალურად ნორმასთან მიახლოებას, რადგან 1% გაზრდილი გლიკოზირებული ჰემოგლინი 25-28% ით ზრდის პერიფერიული სისხლძარღვების დაავადების რისკს, რასაც მივყავართ ქსოვილების იშემიასთან - შიმშილთან და განგრენასთან.

 

თუ ავადმყოფს უკვე აქვს განვითარებული ტერფზე წყლული ან რომელიმე თითის ნეკროზი, განგრენა, პირველ რიგში, უნდა მოხდეს სისხლძარღოვანი ქსელის შეფასება ზემოთ აღწერილი ინსტრუმენტული გამოკვლევებით. მისი არაკომპეტენტურების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს რეკონსტრუქციული ოპერაცია: სისხლძარღვის რეკანალიზცია-გაბურღვა, ბალონური ანგიოპლასტიკა-ბალონით გაფართოება, სტენტირება-სპეციალური მოწყობილობა, რომელიც რჩება სისხლძარღვში და აფერხებს სისხლძარღვის შევიწროებას.

წარმატებული ოპერაციის შემდეგ ხდება ნეკროზული ქსოვილების მოცილება ცოცხალი ქსოვილის ფარგლებში, ჭრილობიდან ნაცხის აღება, ბაქტრიოგრამის გაკეთება და ანტიბიოთიკოთერაპიის დანიშვნა მგრძნობელობის მიხედვით.

ოპერაციის შემდეგ აუცილებელია ხანგრძლივად ანტიკუაგულანტების, ე.წ სისხლის გამათხელებლების მიღება. არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ ექიმთან შეთანხმების გარეშე.

 

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დიაბეტის მართვა-მკურნალობა შესაძლებელია უახლესი ტექნიკის და კვალიფიცური პროფესიონალების დახმარებით.

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ანგიოგრაფით, რომელიც ფართო სპექტრით, სახარჯი მასალით, როგორიც არის სტენტი, ბალონი, მმართველი მავთულები, რაც იძლევა საშუალებას ერთი ჩხვლეტით, პრატიკულად უსისხლოდ, ადგილობრივი ანესთეზიით ავირიდოთ ამპუტაცია.

 

თუ გაქვთ დიაბეტი, გაწუხებთ დაბუჟება, კიდურების გაცივება, სიარულის გაძნელება, წყლული ტერფზე ან თითებზე, თითების ფერის შეცვლა, ნუ დაელოდებით დაავადების პროგრესირებას! მობრძანდით ქირურგის ეროვნულ ცენტრში, სადაც ფუნქციონირებს კიდურის შემანარჩნებელი მიმართულება. ჩვენ შეგვიძლია ვუმკურნალოთ ყველა ტიპის სისხლძარღვოვან პათოლოგიას, დიაბეტური ტერფის ჩათვლით.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!