
ჰელიკობაქტერიის სუნთქვითი ურეაზული ტესტი
რა არის ჰელიკობაქტერია?
ჰელიკობაქტერია პილორი აღმოაჩინეს ავსტრალიელმა მეცნიერებმა, ბარი მარშალმა და რობინ ვორენმა, 1982 წელს, რისთვისაც ისინი ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ.
ეს არის ბაქტერია, რომელიც აინფიცირებს კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს და ზრდის გასტრიტის, პეპტიური წყლულების და კუჭის კიბოს რისკს. იგი ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის ბარიერულ ფუნქციას და აადვილებს მისი კედლების მარილმჟავათი დაზიანებას. შედეგად კი, ხელს უწყობს ეროზიებისა და წყლულების განვითარებას.
H. Pylori ფართოდ გავრცელებულია და გვხვდება მსოფლიოს მოსახლეობის 50%–ში, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მისი არსებობა პაციენტებისთვის შეუმჩნეველია, რადგან მრავლდება უსიმპტომოდ და კლინიკური გამოვლინება მხოლოდ მოგვიანებით იწყება.
H. Pylori–ის კვლევა რეკომენდებულია, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი ჩივილები:
- წვა, ტკივილი მკერდის ძვლის უკან;
- ტკივილი იწყება და შემდეგ ქრება ანტაციდის ან საკვების მიღების შემდეგ;
- შებერილობა;
- გულძმარვა;
- ღებინება;
- წონის კლება;
- თუ ოჯახის რომელიმე წევრს უკვე აღენიშნება ჰელიკობაქტერიით ინფიცირება.
არსებობს ჰელიკობაქტერია პილორის კვლევის განსხვავებული მეთოდები:
სისხლის შრატში ჰელიკობაქტერიის საწინააღმდეგო IgG–ანტისხეულების კვლევა
აღნიშნული ტიპის კვლევა ნაკლებად ინფორმატიულია, რადგანაც დადებითი შედეგი შეიძლება მიუთითებდეს როგორც არსებულ, ისევე გადატანილ ინფექციაზე. შესაბამისად, ექიმი ვერ განსაზღვრავს ანტიბიოტიკების საჭიროებას მკურნალობის კურსში.
ჰელიკობაქტერიის კვლევა განავალში
იგი არის არაინვაზიური, მაგრამ ნაკლებად ეფექტური გამოკვლევა. დადებითი შედეგი მიუთითებს, რომ კუჭის ეროზიული ან სხვა სახის დაზიანება შესაძლოა, გამოწვეული იყოს ჰელიკობაქტერიით, ხოლო უარყოფითი შედეგის შემთხვევაში - სხვა პათოლოგიის არსებობით.
აღნიშნული გამოკვლევების კიდევ ერთი უარყოფითი მხარეა შედეგების მიღების ხანგრძლივი დრო.
ჰელიკობაქტერიის კვლევა ქსოვილოვან მასალაში სწრაფი ურეაზა ტესტით
კვლევის ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, თუმცა ინვაზიურია და მხოლოდ გასტროსკოპიის დროს გამოიყენება.
აღნიშნული წესით კვლევის პროცესში, საბიოფსიო მაშის დახმარებით, იღებენ კუჭის ლორწოვანი გარსიდან პატარა ზომის ქსოვილს, რომელსაც ათავსებენ ექსპრეს-ტესტის ფირფიტაზე და აფიქსირებენ გამჭვირვალე, წებოვანი ფირფიტით. ინფიცირების შემთხვევაში, 3 წუთის ინტერვალში, ინდიკატორმა უნდა შეიცვალოს ფერი და ფირფიტაზე გაჩნდეს მომწვანო–მოლურჯო ლაქები.
ჰელიკობაქტერიის სუნთქვითი ურეაზა ტესტი
პირველად ჰელიკობაქტერიის სუნთქვითი ურეაზა ტესტის აღწერა 1987 წელს მოხდა. შემდგომში, კვლევის ტექნიკა მრავალჯერ შეიცვალა და დაიხვეწა.
სუნთქვითი ტესტი მარტივი, არაინვაზიური და სწრაფი კვლევაა, რომლის სიზუსტე 96%–ს აღემატება. იგი ფართოდ გამოიყენება დიაგნოსტირების მიზნით და საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ბაქტერია, განვსაზღვროთ მისი აქტივობა და დავადგინოთ უკვე ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, დადებითი პასუხის შემთხვევაშიც კი, შეგვიძლია განვსაზღვროთ რამდენად გადაუდებელია ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროება.
როგორ მოვემზადოთ ჰელიკობაქტერიის სუნთქვითი ურეაზული ტესტისთვის?
- სუნთქვით ტესტამდე, 14 დღით ადრე წყვეტთ ტკივილგამაყუჩებლების, მჟავიანობის შესამცირებელი პრეპარატების მიღებას (ნუროფენი, მიგ 400, ნიმესილი, დექსალგინი, ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, ნოლპაზა, ნექსიუმი, მაალოქსი, სიმალგელი და სხვ.);
- ურეაზულ ტესტამდე, ბოლო ანტიბიოტიკოთერაპიიდან გასული უნდა იყოს 4–6 კვირა;
- ბოლო 3 დღის მანძილზე, არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელების მიღება;
- ბოლო 3 დღის მანძილზე, კვების რაციონიდან უნდა ამოიღოთ ლობიო, სოიო, ბარდა, ოსპი;
- კვლევის წინა დღეს, საღამოს 7–8 საათიდან წყვეტთ საკვების მიღებას. ღამის 12 საათის შემდეგ აღარ იღებთ წყალს;
- პროცედურის დღეს არ გამოიყენოთ საღეჭი რეზინი;
- პროცედურამდე, სიგარეტის მოწევიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 3 საათი, შემდეგ კი, პირის ღრუ უნდა გაიწმინდოთ წყლით.
როგორ ტარდება ჰელიკობაქტერიის სუნთქვითი ტესტი?
იგი აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცედურაა და დაახლოებით 15 წუთს გრძელდება. რეზინის მილზე მაგრდება პლასტმასის მილი ინდიკატორით (შუა ნაწილში), რომელსაც პაციენტი ათავსებს პირის ღრუში ისე, რომ არ მოხდეს ლორწოვან გარსებთან და ნერწყვთან კონტაქტი. პაციენტი სუნთქავს მშვიდად, პირით, 6 წუთის განმავლობაში. ჰელიკობაქტერიის არსებობის შემთხვევაში, ინდიკატორის ფერი იცვლება მოლურჯო–იისფრად. იზომება მისი დონე მილიმეტრებში, შემდეგ ბრუნდება ჩხირი და რეზინის მილში მაგრდება მეორე ბოლოდან. ამასობაში, ექიმი 100 მლ. წყალში ხსნის კარბამიდის ფხვნილს, რომელსაც სვამს პაციენტი და პროცედურა 2 წუთის შემდეგ გრძელდება. ჩხირი თავსდება პირის ღრუში და პაციენტი აგრძელებს სუნთქვას ისევ 6 წუთის მანძილზე. პლასტმასის მილის ამ ბოლოშიც ინდიკატორი იცვლის ფერს, კვლავ იზომება იგი და ბოლოს, ექიმს გამოჰყავს სხვაობა, რომელიც განსაზღვრავს H. Pylori–ის არსებობას და მისი აქტივობის ხარისხს.
ჩვენს კლინიკაში H pylori-ზე კვლევა ტარდება როგორც სისხლიდან და ქსოვილოვანი მასალიდან, ასევე რესპირატორული მეთოდითაც, უახლესი აპარატის, „HELIC“ ტუმბოს გამოყენებით.
ყოველდღე კვირის გარდა.
ჰელიკობაქტერია პილორის კვლევაზე წინასწარ ჩასაწერად გთხოვთ, დაგვირეკოთ ცხელი ხაზის ნომრებზე +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25 .
შეგახსენებთ, ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუშაობს ყოველდღე, 24 საათიან რეჟიმში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ