ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მორფოლოგიური ლაბორატორია ფუნქციონირებს 1956 წლიდან.
ლაბორატორიის ძირითადი მიზანია ბიოფსიური და ოპერაციული მასალის მორფოლოგიური დიაგნოსტირება, ინტრაოპერაციული კვლევის ჩატარება, რაც მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს.
ამასთან, ლაბორატორიაში წარმოებს მასალის (ბიოფსიური, ოპერაციული) მეცნიერული დამუშავება, ციტოლოგიური გამოკვლევები.
მორფოლოგიურ ლაბორატორიაში მოღვაწეობენ გამოცდილი მედიცინის მუშაკები: ექიმი–პათომორფოლოგი, მოწვეული სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – თეიმურაზ ჯორბენაძე, ექიმი–პათომორფოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – მარინა ფაილოძე, კლინიკური პათოლოგი, ექიმი–პათოლოგანატომი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი – ნინო ხვიჩია, ექიმი–ციტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი – მარინა ბეროზაშვილი, უფროსი ლაბორანტი ქეთევან ედილაშვილი, ოპერატორი თამარ ბუსხრიკიძე.
მუდმივად მიმდინარეობს ლაბორატორიის თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლება. მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ამასთან, ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამედიცინო ინსტიტუტებში.
კლინიკის მორფოლოგიური ლაბორატორიის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური პათოლოგი, ექიმი–პათოლოგანატომი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო ხვიჩია.
– რას წარმოადგენს მორფოლოგიური კვლევა?
– მორფოლოგიური სამსახურის გარეშე წარმოუდგენელია სამკურნალო დაწესებულება. მის დანიშნულებას წარმოადგენს დიაგნოზის საბოლოო ვერიფიცირება, რაც ხორციელდება ბიოფსიური და ოპერაციული მასალის გამოკვლევით – ქსოვილოვან, უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე. მიუხედავად მაღალეფექტური სამედიცინო ტექნოლოგიებისა, საბოლოო დიაგნოზი იყო, არის და იქნება მორფოლოგიური, რაც ანბანური ჭეშმარიტებაა, შესაბამისად, პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა, პროგნოზი განისაზღვრება მორფოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე.
– ქალბატონო ნინო, რა უნდა იცოდეს მკითხველმა ქირურგიის ეროვნული ცენტრის მორფოლოგიური ლაბორატორიის შესახებ, რა ტიპის კვლევები ტარდება?
– კლინიკის მორფოლოგიურ ლაბორატორიაში, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, ხორციელდება ბიოფსიური, ოპერაციული, ციტოლოგიური მასალის გამოკვლევა. ასევე ტარდება ინტრაოპერაციული დიაგნოსტირება, რაც გულისხმობს ოპერაციის მსვლელობისას აღებული ქსოვილის სასწრაფო გამოკვლევას, რომლის საფუძველზეც ისაზღვრება ოპერაციული მკურნალობის ტაქტიკა.
– რას გვეტყვით ქირურგიის ეროვნული ცენტრის მორფოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის ძირითად მიმართულებაზე?
– მორფოლოგიური სამსახურის საქმიანობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ონკოპათოლოგიური კვლევები.
– რას გვეტყვით აპარატურაზე, რომლითაც ლაბორატორიაა აღჭურვილი?
– ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების ძალისხმევით, ლაბორატორია აღიჭურვა კომპანია Leica-ს ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც ბუნებრივია, გამოკვლევების მაღალ ხარისხს განსაზღვრავს. სამომავლოდ დაგეგმილია კვლევის უახლესი მეთოდების დანერგვა, PCR, მოლეკულური გენეტიკა, საკვალიფიკაციო ნაშრომების შესრულება, ექსპერიმენტული გამოკვლევები.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ–პათოლოგანატომს ნინო ხვიჩიას ნომერზე 551 33 44 80.
გისურვებთ ჯანმრთელობას!