ქიმიოთერაპიის მიზანია გაანადგუროს ავთვისებიანი უჯრედები – რა უნდა იცოდეთ სიმსივნის მედიკამენტური მკურნალობის მეთოდზე?

ქიმიოთერაპიის მიზანია გაანადგუროს ავთვისებიანი უჯრედები – რა უნდა იცოდეთ სიმსივნის მედიკამენტური მკურნალობის მეთოდზე?

ადამიანის ორგანიზმში უჯრედების მუდმივი გაყოფა და გამრავლება ბუნებრივი პროცესია.

ავთვისებიანი სიმსივნეების დროს კი იწყება უჯრედების უკონტროლო გამრავლება, წარმოიქმნება უჯრედების მეტი და მეტი რაოდენობა, რომელიც იწვევს ზეწოლას, ჩაზრდას სხვადასხვა ორგანოში.

სწორედ ამ უჯრედების გაყოფის უნარს უშლის ხელს ქიმიოთერაპია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქიმიოთერაპიის განყოფილებაში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად.

ქიმიოთერაპიაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქიმიოთერაპიული მიმართულების ხელმძღვანელი, ონკოლოგი ირინე ხუბუა.

– ქალბატონო ირინე, როდის ინიშნება ქიმიოთერაპიის კურსი, რა კრიტერიუმით ადგენთ დასაშვებია თუ არა პაციენტისთვის ქიმიოთერაპიული მკურნალობა?

– ქიმიოთერაპია ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია. ეს სისტემური მოქმედების მეთოდია, რომელიც ინიშნება დამოუკიდებლად ან მკურნალობის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში, ინიშნება ოპერაციის წინ, ან შემდგომ, სხივურ თერაპიასთან ერთად და ა.შ.

მკურნალობის აღნიშნული მეთოდის დანიშვნამდე პაციენტს უტარდება რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები, ფასდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, დაავადების მორფოლოგიური ფორმიდან და გავრცელებიდან გამომდინარე ინიშნება ქიმიოთერაპია.

–   რამდენად ეფექტურია ქიმიოთერაპია?

– ქიმიოთერაპია იწვევს სწრაფად გამრავლებადი უჯრედების განადგურებას. ორგანიზმში ყველაზე სწრაფად იზრდება და იყოფა კიბოს უჯრედები და სწორედ მათ ანადგურებენ ქიმიოთერაპიის საშუალებით. ეს პრეპარატები ასევე დამთრგუნველად, თუმცა ნაკლებ უარყოფითად მოქმედებს ჯანსაღ უჯრედებზე. ქიმიოთერაპია იწვევს კიბოს უჯრედების გამრავლების უნარის შეწყვეტას. ზოგიერთი ფორმის ავთვისებიანი სიმსივნე განკურნებადია, ანუ ქიმიოთერაპია განაპირობებს 100%–იან შედეგს. ზოგჯერ კი მკურნალობის მიზანს სიმპტომების შემცირება და სიმსივნის ზრდის შეჩერება წარმოადგენს. ქიმიოთერაპიის მცირე ეფექტი ან მკურნალობის უეფექტობა განპირობებულია სიმსივნური უჯრედების მდგრადობით, პრეპარატების მიმართ. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ქიმიორეზისტენტულ ავთვისებიან სიმსივნეზე.

ზოგჯერ კიბოს უჯრედი თავიდანვე მდგრადია ქიმიოთერაპიის მიმართ, ზოგჯერ კი რეზისტენტობა მოგვიანებით ვითარდება.

– როგორ ხდება პრეპარატების შეყვანა?

– არსებობს პრეპარატების შეყვანის სხვადასხვა გზა. ყველაზე გავრცელებული გზაა ინტრავენური, ანუ ქიმიოპრეპარატი შეიყვანება უშუალოდ ვენაში, ხვდება სისხლის მიმოქცევაში და მისი საშუალებით აღწევს სხეულის ნებისმიერ ადგილას. არსებობს ასევე ტაბლეტიზირებული და კანქვეშა ფორმები. პრეპარატის მაქსიმალური კონცეტრაციის შექმნის მიზნით მისი შეყვანა ხდება ლოკალურადაც, მაგალითად მუცლის ღრუში. 

–  რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ქიმიოთერაპიის შემდეგ?

– პროცედურის შემდგომ, სხვადასხვა სახის ჰემატოლოგიური გართულების დროულად შეფასებისა და გამოვლენის მიზნით, პაციენტებს უტარდებათ ლაბორატორიული კვლევები.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მედიკამენტი განაპირობებს სხვადასხვა ჰემატოლოგიურ გართულებას: ანემიას, ლეიკოპენიას, თრომბოციტოპენიას და ა.შ.

–  რამდენად ხშირია თმის ცვენა ქიმიოთერაპიის დროს, მისი დასრულების შემდეგ ამოდის თუ არა თმა, რით აიხსნება თმის ცვენა?

– როგორც აღვნიშნე, ქიმიოთერაპია იწვევს სწრაფად გამრავლებადი უჯრედების განადგურებას. ასეთ უჯრედებს მიეკუთვნება და ყველაზე ხშირად ზიანდება სისხლის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების უჯრედები, თმის ფოლიკულები და ასე შემდეგ. სწორედ თმის ფოლიკულების დაზიანება იწვევს თმის ცვენას. თუმცა ყველა ქიმიოპრეპარატი არ იწვევს თმის ცვენას.

– რა რჩევას მისცემთ პაციენტს იმისთვის, რომ ქიმიოთერაპიის კურსი რაც შეიძლება მსუბუქად გადაიტანოს?

– ქიმიური პრეპარატების ტოქსიურობა თითქმის ყველა შემთხვევაში დროებითი და მართვადი მოვლენაა, ადამიანის ორგანიზმს თავად აქვს უნარი აღიდგინოს მკურნალობით მიყენებული ზიანი. ძალიან ბევრი პაციენტი ასეთ მკურნალობას ყოველგვარი გართულებების გარეშე იტანს.

– მოგვითხრეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქიმიოთერაპიის განყოფილების შესახებ.

– ქიმიოთერაპიის განყოფილებაში ტარდება სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეების მედიკამენტური მკურნალობა – ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნო და ტარგეტული თერაპია ნეოადიუვანტურ, ადიუვანტურ და პალიატიურ რეჟიმებში, როგორც მონოთერაპიის სახით, ისე პოლიქიმიოთერაპიის სახით. სიმსივნის ტიპის, დაავადების სტადიისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, მკურნალობა წარიმართება როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარულად.  

–   რის მიხედვით არჩევთ წამლის კომბინაციას?

– მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისთვის მულტიდისციპლინური მიდგომით, რაც გულისხმობს პაციენტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტის ერთობლივ მონაწილეობას.

–  ქიმიოთერაპიის სქემის დასრულების შემდეგ ვინ მეთვალყურეობს პაციენტს?

– პროცედურის დასრულების შემდგომ პაციენტი ეწერება ბინაზე.  კვირაში ერთხელ  ამბულატორიულ პირობებში იტარებს ლაბორატორიულ კვლევებს და მუდმივად იმყოფება მისი ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. დანიშნულების სწორად და ზუსტად შესრულებისას, უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

 

–   როგორი უნდა იყოს ქიმიოთერაპიის დროს პაციენტის კვების რეჟიმი?

–  ქიმიოთერაპიის დროს საკმაოდ მნიშვნელოვანია სრულყოფილი კვების რეჟიმი, ანუ აუცილებელია გარკვეული რაოდენობით ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების მიღება.

კვება უნდა იყოს საკმაოდ კალორიული და მრავალფეროვანი, რაც განაპირობებს ორგანიზმის აღდგენითი პროცესების დაჩქარებას. ქიმიოთერაპიის დროს სასურველია, გაზარდოთ სითხის მიღება წვენების, კომპოტების და მინერალური წყლების ხარჯზე. განსაკუთრებით სასარგებლოა სტაფილოს, ჭარხლის, პომიდვრის, ჟოლოს წვენი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ–ონკოლოგს ირინე ხუბუას ნომერზე 558 80 89 89;
გისურვებთ ჯანმრთელობას!