სოლარიუმი, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, ხალის ტრავმა – რამდენიმე რისკ–ფაქტორი, რომელიც აგრესიულ ავთვისებიან სიმსივნეს, მელანომას იწვევს!

სოლარიუმი, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, ხალის ტრავმა – რამდენიმე რისკ–ფაქტორი, რომელიც აგრესიულ ავთვისებიან სიმსივნეს, მელანომას იწვევს!

მელანომა ერთ–ერთი ყველაზე აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც აღმოცენდება პიგმენტის შემცველი უჯრედებიდან, მელანოციტებიდან.

ძირითადად, გვხვდება კანის ფორმის სახით, თუმცა იშვიათად შეიძლება განვითარდეს ლორწოვან გარსებზე, მაგალითად, ნაწლავში, პირის ღრუში, ასევე თვალში. ვლინდება ფრჩხილქვეშა მელანომაც.

მელანომის განვითარების მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი ულტრაიისფერი გამოსხივებაა.


მელანომაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ონკოქირურგი ნინო ხუჯაძე.

–   მელანომა და ულტრაიისფერი გამოსხივება. ჩვენი ბევრი მკითხველი გაირუჯება   სანაპიროზე. უსაფრთხოების რა ნორმების დაცვას ურჩევთ და დღის რომელ მონაკვეთშია მზის სხივები განსაკუთრებით სახიფათო?

– აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება არის მელანომის განვითარების მთავარი ფაქტორი. საჭიროა ზომიერების დაცვა, სასურველია სანაპიროს გასარუჯად ეწვიოთ დილის 10:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან. აუცილებელია მაღალი სპექტრის მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება - მზეზე გასვლამდე კანზე 20 წუთით ადრე უნდა შეიზილოთ. ყოველი 2 საათის შემდეგ უნდა განახლდეს მზისგან დამცავი საშუალების ფენა.

გახსოვდეთ, რომ შუადღეს ქოლგის ჩრდილიც არ გიცავთ მზის გამოსხივებისგან.

–  ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედების გარდა, კიდევ რომელი რისკ–ფაქტორები იწვევს მელანომას?

– როგორც წესი მელანომა ვითარდება მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული დნმ დაზიანებით. ამასთანავე, გენეტიკური ფაქტორიც თამაშობს მნიშვნელოვან როლს. გასათვალისწინებელია ოჯახური ანამნეზი.

დღეისათვის დადგენილია გენეტიკური მუტაციები, რომელთა არსებობაც ბევრად ზრდის მელანომის განვითარების რისკს. კერძოდ, სიმსივნის განვითარების რისკი მომატებულია იმ ოჯახებში, რომელთა წევრებსაც ატიპიური (დისპლაზიური) ხალის სინდრომი აქვთ (AMS – Atypical Mole Syndrome).

კანზე ორმოცდაათზე მეტი ხალის ქონა მიანიშნებს მელანომის აღმოცენების მომატებულ რისკზე. კანის მელანომის განვითარების მნიშვნელოვანი და ხშირი ეტიოლოგიური ფაქტორია პიგმენტური ნევუსების ტრავმა (დაჟეჟილობა, გაჭრა, გადატყავება). კანის მელანომების წარმოქმნაში ასევე დიდი როლი ენიჭება იმუნურ ფაქტორებს. აღსანიშნავია, რომ იმუნოდეპრესია და იმუნოდეფიციტური მდგომარეობა ზრდის დაავადების განვითარების რისკს.

მნიშვნელოვანია ენდოკრინული ფაქტორებიც, მაგალითად, ორსულობამ შეიძლება მასტიმულირებელი გავლენა მოახდინოს პიგმენტური ნევუსების მალიგნიზებაზე.

– სოლარიუმი და მელანომა. რას ურჩევთ მათ, ვინც სოლარიუმით წელიწადში თუნდაც მხოლოდ ერთხელ სარგებლობს?

– სოლარიუმში 20 წუთის განმავლობაში გარუჯვა ტოლფასია სანაპიროზე შუადღის მზეზე გატარებული 2 საათისა, დამცავი საშუალების გარეშე. მზესთან შედარებით, სოლარიუმში გამოსხივების ინტენსივობა 3-5–ჯერ უფრო მაღალია.

რუჯის მოყვარულებს ვურჩევ ზომიერების ფარგლებში ისარგებლონ სოლარიუმით. პირველი ვიზიტისას 5-7 წუთზე დიდხანს გარუჯვა არ არის სასურველი. სესიებს შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 48 საათი, განსაკუთრებით, მეორე ტიპის კანის მქონე ადამიანებში. ევროპული სტანდარტებით, სოლარიუმით სარგებლობა არ არის რეკომენდებული წელიწადში 60 სესიაზე მეტჯერ.

– რის მიხედვით განისაზღვრება ადამიანის კანის ტიპი და რომელია განსაკუთრებით დაუცველი დაავადების მიმართ და რატომ?

– კანის ტიპი განისაზღვრება  კანის, თმისა და თვალის ფერის მიხედვით, ასევე  მზის სხივებზე კანის რეაქციით. არსებობს ექვსი ტიპის კანი. კლასიფიკაციის მოდელი შემუშავებული იქნა 1975 წელს და ითვლება ყველაზე აქტუალურად და ფართოდ გავრცელებულ კლასიფიკაციად მსოფლიოში: 

I ტიპი ყოველთვის იწვება, არასდროს ირუჯება (ფერმკრთალი თეთრი, ქერა ან წითური თმა, ცისფერი თვალები, ჭორფლები);
• II ტიპი იწვება, მცირედ ირუჯება (თეთრი, ქერა ან წითური თმა, ცისფერი, მწვანე ან თაფლისფერი თვალები);
• III ტიპი ხანდახან ზომიერი დამწვრობა, თანაბარი ტონი (კრემისფერი თეთრი, ნებისმიერი თმის ან თვალის ფერით);
• IV ტიპი იწვება, ყოველთვის კარგად ირუჯება (ზომიერი ყავისფერი);
• V ტიპი ძალიან იშვიათად იწვება, ძალიან კარგად ირუჯება (მუქი ყავისფერი);
• VI ტიპი არასდროს იწვება, არასდროს ირუჯება (ღრმა პიგმენტაცია, მუქი ყავისფერი).

პიგმენტი მელანინი (მზის მავნე გამოსხივების შემაკავებელი ბუნებრივი ბარიერი) პირველ და მეორე ტიპის კანში ძალიან მცირე რაოდენობით გამომუშავდება, აქედან გამომდინარე, ამ ტიპის კანის მქონე ადამიანებს მელანომის განვითარების მეტად მაღალი რისკი აქვთ. V და VI ტიპის კანის მქონე პაციენტებში მელანომის კანის ფორმა პრაქტიკულად არ გვხვდება.

– მელანომა და ხალი – რამდენად ხშირად იქცევა ხალი მელანომის მიზეზად?

– არსებობს მოსაზრება, რომ მელანომა მხოლოდ ხალის გადაგვარების შედეგია, თუმცა შემთხვევათა თითქმის ნახევარში ის კანზე პირველადად აღმოცენდება. შესაძლოა, წარმონაქმნი ხალი გვეგონოს, თუმცა სინამდვილეში ეს მელანომა იყოს.

– პიგმენტური ნევუსისგან (ხალი) რამ შეიძლება წარმოქმნას მელანომა?

– პირველ რიგში კვლავაც აღსანიშნავია მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, ასევე სოლარიუმის ხშირი მოხმარება. მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ნევუსების ქრონიკულ ტრავმირებას. არსებობს მონაცემები ქიმიური კანცეროგნების, შესაძლო ეტიოლოგიური როლის შესახებ.

– რა სიმპტომები ახასიათებს მელანომას?

– კანზე არსებული წარმონაქმნის ნებისმიერი ცვლილება მოითხოვს ყურადღებას.
მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს მელანომის შემდეგ თვისებებს:

• კანის სურათის გაქრობა ნევუსის ზედაპირზე;
• ნევუსის პრიალა ზედაპირის ფორმირება;
• ნევუსის ასიმეტრიის გაჩენა, ფორმის ცვლილება;
• ჰორიზონტალური ზრდა;
• ზედაპირის აქერცვლა ფუფხის წარმოქმნით;
• ნევუსის ზედაპირზე თმოვანი საფარის ცვენა;
• პიგმენტაციის ცვლილება, შესაძლოა გაჩნდეს არათანაბარი შეფერილობა, დეპიგმენტაციის უბნების გამოჩენა;
• ნევუსის ზედაპირზე წვრილი კვანძების გაჩენა;
• ნევუსის თავზე ეპიდერმისის დაწყლულება;
• ანთებითი მოვლენები ნევუსის მიდამოსა და მიმდებარე ქსოვილებში;
• ნევუსიდან სისხლიანი გამონადენი;
• შვილობილი კერების გაჩენა, ანუ სატელიტების გაჩენა პირველადი კერის ირგვლივ ან მისგან მოშორებულ ადგილას.

ABCDE – “ავთვისებიანობის წესი“ ასახავს მელანომის ყველაზე ტიპიურ ნიშნებს:

A (Asymmetry) - ასიმეტრია;
B (Border irregularity) _ უსწორმასწორო კიდეები;
C (Color) _ ფერი. სხვა პიგმენტურ წარმონაქმნებთან შედარებით, გაცილებით მუქია ან შავია, შესაძლოა ახლდეს წითელი, თეთრი, ან ლურჯი ჩანართები, ანუ მასზე შეინიშნება სხვადასხვა ფერთა გამა;
D (Diameter) _ დიამეტრი, 6მმ-ზე მეტი;
E (Evolving) – ცვლილება დროთა განმავლობაში. პიგმენტური წარმონაქმნის ნებისმიერი ცვლილება ზომის, ფორმის, ფერის, სიმაღლის ან სხვა თვისებების, ან ნებისმიერი ახალი სიმპტომის, როგორიცაა სისხლდენა, მიუთითებს საშიშროებაზე.

– უპირატესად, მელანომა სხეულის რომელ მონაკვეთში ვრცელდება?

– მელანომის განვითარების რისკი ყველაზე მეტად იზრდება მზის სხივების პერიოდული ინტენსიური (შესაძლოა ერთჯერადი ინტენსიური) ზემოქმედებით, მაშინ როდესაც კანის კიბოს სხვა ტიპების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ქრონიკული ულტრაიისფერი გამოსხივება. ეს დასტურდება იმით, რომ მელანომა უფრო ხშირად ჩნდება ყოველდღიურ ცხოვრებაში ტანსაცმლით დაცულ უბნებზე. მაგალითად, ზღვის სანაპიროზე მზის ქვეშ დასვენებისას მიღებული კანის ერთჯერადი ძლიერი დამწვრობით შესაძლოა ხელი შევუწყოთ მელანომის განვითარებას, მაგრამ არა კანის ბრტყელუჯრედოვანი ან ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის გაჩენას.

მამაკაცებში მელანომა ყველაზე ხშირად გვხვდება ზურგსა და ტორსზე, ასევე თავსა და კისერზე. ქალებში ყველაზე გავრცელებული ადგილებია ზედა და ქვედა კიდურები.

–  მელანომა და მეტასტაზები – რა უნდა იცოდეს მკითხველმა ამ საკითხზე?

– მელანომა გვაძლევს მეტასტაზებს როგორც ლიმფოგენურს, ასევე ჰემატოგენურს. ლიმფოგენური მეტასტაზირება ნიშნავს, რომ გადაგვარებული უჯრედები მიყვება ლიმფურ სადინრებს და ვრცელდება ლიმფურ კვანძებში, ხოლო ჰემატოგენური მეტასტაზირებისას, ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედები სისხლის დინების საშუალებით ვრცელდება სხვადასხვა ორგანოში. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს აქვთ მხოლოდ ჰემატოგენური მეტასტაზები და რეგიონული ლიმფური კვანძები ინტაქტურია.

ძირითადად, რა ასაკის ადამიანებში ვლინდება, ქალებში უფრო ხშირია თუ მამაკაცებში და რატომ?

– კანის მელანომა მამაკაცებში უფრო მეტად გვხვდება, ვიდრე ქალებში, დაახლოებით 40%–ით მეტი შემთხვევა. კიდევ უფრო დრამატული და შემაშფოთებელი არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მელანომით დაავადებული ადამიანებიდან თითქმის ორჯერ მეტი მამაკაცი იღუპება, ვიდრე ქალი და ეს მაჩვენებელი მზარდია.

კანის კიბოს ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მამაკაცების 70%–მა არ იცის მელანომის გამაფრთხილებელი ნიშნები. იმავე გამოკვლევამ ასევე დაადგინა, რომ მამაკაცების თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ მზისგან დამცავი საშუალებებით არ სარგებლობს ან თუ სარგებლობს, სავარაუდოდ, არ იყენებს სათანადო წესების დაცვით, მაგალითად, თითქმის 80%–მა არ იცოდა, რომ ყოველ ჯერზე სრულად უნდა დაიტანოს სხეულზე დამცავი. ბევრი მამაკაცი მიიჩნევს, რომ მზისგან დამცავი საშუალების დღე-ღამეში ერთჯერადი გამოყენება საკმარისია.

– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დიაგნოსტირების რომელ მეთოდებს მიმართავთ?

– პირველ რიგში მელანომაზე ეჭვის მიტანა ხდება ვიზუალური მონაცემებით, აღსანიშნავია, დერმატოსკოპიის როლი მელანომის ადრეულ დიაგნოსტირებაში. დერმატოსკოპია არის დიაგნოსტირების არაინვაზიური მეთოდი.

დღესდღეობით მისი საშუალებით შესაძლებელი გახდა მელანომის აღმოჩენა მეტად ადრეულ ეტაპზე, ე.წ in situ ფორმის. In situ მელამომა არის არაინვაზიური მელანომა. ამ შემთხვევაში გადაგვარებული უჯერედები არ სცილდება ბაზალურ მემბრანას. ამ ეტაპზე სიმსივნის ამოკვეთისას პაციენტი ითვლება სრულიად განკურნებულად. ციტოლოგიურ დიაგნოსტირებას ფართოდ იყენებენ კანის მელანომის სადიაგნოსტიკოდ. თუმცა დიაგნოზის დადასტურება ან უარყოფა მხოლოდ ამ გამოკვლევის შედეგების საფუძველზე არ უნდა მოხდეს.

ჰისტომორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევები არის ჯერჯერობით დიაგნოსტირების უალტერნატივო მეთოდი. ითვლებოდა, რომ მელანომის შემთხვევაში ბიოფსია დაუშვებელი იყო, იწვევდა დაავადების სწრაფ პროგრესირებასა და მეტასტაზირებას. ამჟამად დამტკიცებულია, რომ ბიოფსია გავლენას არ ახდებს დაავადების პროგრესირებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

არსებობს ექსციზიური ბიოფსია, როდესად პირველადი კერა არ აღემატება 1,5 სმ-ს. ამ პროცედურის დროს იკვეთება წარმონაქმნი კანის მთლიანი სისქით და ხდება პრეპარატის მორფოლოგიური შესწავლა. მელანომის დადასტურების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს რადიკალური ოპერაცია.

ინციზიურ ბიოფსიას ატარებენ დიდი ზომის პიგმენტური წარმონაქმნების შემთხვევაში ან მაშინ, როდესაც ქსოვილების დეფექტს თან სდევს არასასურველი კოსმეტიკური ეფექტი. ამ ტიპის ბიოფსიისას აუცილებელია ჯანსაღი ქსოვილის საზღვრების ჩართვაც. ინციზიური ბიოფსიის შემდეგ მელანომის დადასტურების შემთხვევაშიც აუცილებელია ჩატარდეს რადიკალური ოპერაცია.

–როგორ ადგენთ მეტასტაზირებულია თუ არა სიმსივნე?

– როდესაც დგინდება კანის მელანომის დიაგნოზი, მკურნალობის დაგეგმვამდე აუცილებელია იმის გარკვევა გავრცელებულია თუ არა დაავადება ორგანიზმში. მელანომა ძალიან არაპროგნოზირებადი ხასიათისაა, სამწუხაროდ, შესაძლოა მცირე ზომების მიუხედავად, დაავადება ლიმფურ კვანძებსა თუ სხვა ორგანოებში მაინც იყოს გავრცელებული.

აუცილებელია რეგიონული ლიმფური კვანძების გამოკვლევა, მაგალითად, თუ მელანომა არის სახეზე, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ კისრის რეგიონი. პირველ ეტაპზე ტარდება პალპაცია, პალპაციისას შესაძლოა მოვსინჯოთ გადიდებული ლიმფური კვანძები, რაც შესაძლოა მხოლოდ კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია აღმოჩნდეს.

მეტასტაზსა და ჰიპერპლაზიას შორის დიფერენცირებულ დიაგნოსტირებაში გვეხმარება ულტრასონოგრაფია და კვანძის ასპირაციული ბიოფსია.

ასევე მიმართავენ მოდარაჯე (sentinel lymph node) ლიმფური კვანძების გამოკვლევას.

ინტრაოპერაციულად შეჰყავთ საკონტრასტო ნივთიერება, რომელიც ლიმფის დინებას მიყვება და მოდარაჯე ლიმფურ კვანძსაც მოიცავს. ამ კვანძის ამოკვეთისა და მორფოლოგიური შესწავლისას თუ არ დადასტურდება მეტასტაზის არსებობა, ითვლება, რომ არც სხვაგან იქნება. სამწუხაროდ, აღსანიშნავია, რომ მელანომას არ ახასიათებს მხოლოდ ლიმფოგენური მეტასტაზირება და ის ჰემატოგენურიცაა. არც თუ ისე იშვიათია, როდესაც რეგიონულ ლიმფურ კვანძებში არ გვაქვს დაავადების გავრცელება და მეტასტაზებს ვხვდებით ვისცერულ ორგანოებში, თავის ტვინსა თუ კანშივე. მიკრომეტასტაზების გამოსავლენად ოქროს სტანდარტად ითვლება პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET/CT).

– როგორ მკურნალობთ მელანომას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და ზოგადად, როგორია ამ დაავადების პროგნოზი? 

– მკურნალობა ხდება მსოფლიოში მოწოდებული გაიდლაინების მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ სახეზე გვაქვს მხოლოდ კანის დაზიანება, მკურნალობა არის ქირურგიული - ხდება მისი ფართოდ ამოკვეთა კანის მთელი სისქითა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილითურთ, სიმსივნის ხილულ კიდეებს უნდა მოვცილდეთ 2-2 სმ-ით. როგორც წესი ამ შემთხვევაში არ ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა.

თუ პირველად კერასთან ერთად პაციენტს აღენიშნება რეგიონული ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანება ან თუნდაც სატელიტური მეტასტაზები კანში, მოწოდებულია ძირითადი კერის ფართო ექსციზია, ლიმფადენექტომია, ან სატელიტური კვანძების ამოკვეთა.

შემდგომ ინიშნება ადიუვანტური მედიკამენტური მკურნალობა, რაც გულისხმობს ქიმიოთერაპიას, იმუნო ან თარგეთულ თერაპიას. ქიმიოთერაპიის ეფექტურობა მეტად მწირია. რაც შეეხება თარგეთულ თერაპიას, ეს არის მკურნალობის სახეობა, რომელიც იყენებს ნივთიერებებს, რათა ამოიცნოს და შეაჩეროს კიბოს უჯრედების კონკრეტული სახეები, ნორმალური უჯრედებისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით. ხელს უშლის გარკვეული ფერმენტების, ცილების ან სხვა მოლეკულების მოქმედების ბლოკირებას, რომელიც ჩართულია კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში.

მელანომის შემთხვევაში ვიკვლევთ გენების მუტაციას. თუ დადასტურდა მუტაციის არსებობა, შესაძლებელია თარგეთული თერაპიის ჩართვა მკურნალობაში, რაც მეტად ეფექტურია, სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხს აუმჯობესებს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა მოხდეს BRAF და MEK ინჰიბიტორების მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობის ჩამოყალიბებაც. მელანომა რადიოთერაპიის მიმართ არ არის მგრძნობიარე სიმსივნე, ამიტომ სხივური თერაპიის როლი მელანომის მკურნალობისას მწირია.

In situ მელანომა, ანუ არაინვაზიური მელანომა – დაავადების ამ ეტაპზე აღმოჩენა ითვლება სიმსივნის განკურნებად ტიპად.

ზედაპირული გავრცელების მელანომების რადიკალური მკურნალობის შემდეგ 10 წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა აღწევს 95%-ს. მეტასტაზური მელანომის შემთხვევაში, 5–წლიანი სიცოცხლის მაჩვენებელი 40%-ს არ აღემატება.

ზოგადად, მეტასტაზირებული მელანომის მკურნალობა და მართვა მეტად რთულია, პროგნოზი არაკეთილსაიმედო.

თანამედროვე მსოფლიო ვითარდება, ძირითადი აქცენტები კეთდება იმუნოთერაპიაზე, კლინიკური ცდებით მეტად დამაიმედებელი შედეგებია, რაც ახლო მომავალში ამ დაავადების დაძლევის იმედს გვაძლევს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ონკოქირურგს ნინო ხუჯაძეს ნომერზე 555 22 77 64;

გისურვებთ ჯანმრთელობას!