ქირურგიის ეროვნული ცენტრის ციფრული ტექნოლოგიები - DERMLITE DL4
რას გვეტყვით ციფრულ დერმატოსკოპიაზე?
-ეს არის კვლევის მეთოდი, როდესაც სპეციალური ხელსაწყო დერმატოსკოპით ხდება კანის, სკალპისა და თმის ღერის სტრუქტურის, ასევე ფრჩხილის დაავადებათა შეფასება და დიაგნოსტირება (იხილეთ აქცია). პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო და არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას. კვლევას ვიყენებთ კანზე არსებული ნებისმიერი პრობლემის სადიაგნოსტიკოდ: გამონაყარი, ლაქები, თმის ცვენის დაავადებები (ალოპეცია). დიაგნოსტირების ეს მეთოდი ამარტივებს დიფერენცირებას პიგმენტურ და არაპიგმენტურ, კეთილთვისებიან და ავთვისებიან წარმონაქმნებს შორის და წარმოადგენს კანის კიბოს აღმოჩენის ოქროს სტანდარტს.
რით განსხვავდება ციფრული დერმატოსკოპი კლასიკური გამადიდებლისგან?
-თუ გამადიდებლით შეგვიძლია კანის მხოლოდ ზედაპირული დათვალიერება, დერმოსკოპით დეტალურად ვახდენთ წარმონაქმნების სტრუქტურულ შეფასებას. მაგალითად: მელანომების დროს დერმოსკოპით ვაფიქსირებთ ატიპიურ პიგმენტურ ქსელს, ატიპიურ სისხლძარღვებს, რეგრესის კერებს და ა.შ. ეს კლასიკური გამადიდებელი მოწყობილობით შეუძლებელია. ჩვეულებრივი გამადიდებლისგან განსხვავებით, დერმატოსკოპი აღჭურვილია მაღალი ხარისხის გამადიდებელი ლინზით, ასევე გააჩნია პოლარიზებული და არაპოლარიზებული ნათება, რომელიც იძლევა კანის ზედაპირული სტრუქტურების ვიზუალიზაციას ათჯერ უფრო სრულყოფილად და ღრმად, როგორც ეპიდერმისში, ისე დერმოეპიდერმულ საზღვარზე და პაპილარულ დერმისში.
როდის ხდება დერმატოსკოპიული კვლევის ჩატარების აუცილებლობა და რა მიზნით ტარდება კვლევა?
-თანამედროვე დერმატოლოგია ციფრული დერმოსკოპიის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. კანზე არსებული ნებისმიერი ახალი ან უკვე არსებული წარმონაქმნები, რომელთაც შეიცვალეს ფორმა, ფერი და საზღვრები, აუცილებლად უნდა ინახოს დერმატოლოგის მიერ დერმატოსკოპით, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები. დერმოსკოპია საშუალებას გვაძლევს შევამციროთ არასაჭირო ბიოფსიათა რიცხვი, რადგან ვახდენთ კეთილ და ავთვისებიანი წარმონაქმნების დიფერენცირებას. მაგალითად, ზოგიერთი უსაფრთხო წარმონაქმნი საერთოდ არ საჭიროებს ამოკვეთას და მხოლოდ კოსმეტიკურ დეფექტს წარმოადგენს, მაშინ როდესაც ავთვისებიანი სიმსივნეები გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
რომელი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება დერმატოსკოპია?
-დერმატოსკოპიული კვლევა შესანიშნავი სკრინინგის ინსტრუმენტია ყოველდღიურ დერმატოლოგიურ პრაქტიკაში. ძირითადად, იგი ტარდება კანის შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირების მიზნით:
- მელანომა;
- კანის ბაზალურუჯრედოვანი კარცინომები;
- ბრტყელუჯრედოვანი კარცინომები;
- სებორეული კერატოზები;
- დერმატოფიბრომა;
- ჰემანგიომა.
ვიყენებთ კანის ინფექციური და ანთებითი პათოლოგიების აღმოსაჩენად, მაგალითად: ფსორიაზი, წითელი ბრტყელი ლიქენი, დისკოიდური წითელი მგლურა, მიკოზები. პიგმენტაციის დარღვევით მიმდინარე დაავადებების დროს: ვიტილიგო, მელაზმა. ვირუსული დერმატოზების შემთხვევაში: მეჭეჭების, კონტაგიუზური მოლუსკების, ასევე თმის და სკალპის დაავადებების აღმოსაჩენად.
აღწერეთ დერმატოსკოპიული კვლევის ჩატარების პროცესი...
-ციფრული კვლევის პროცესი გამოირჩევა სიმარტივით და არაინვაზიურობით, თანაც პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა. კანის ზედაპირზე აპარატის მოთავსებისას ავტომატურ რეჟიმში ვიღებთ ციფრულ გამოსახულებას, დერმოსკოპიულ სურათს, რის საფუძველზეც ისმება დიაგნოზი და მარტივდება განსხვავების დანახვა სხვადასხვა დერმატოზებს შორის. ამას გარდა, შესაძლებელია დაავადებების მუდმივი მონიტორინგი, რადგან აპარატი აღჭურვილია ფოტო გადაღების, ციფრული გამოსახულების შენახვისა და მომავალ მონაცემებთან შედარების ტექნოლოგიით.
რა ჩივილების საფუძველზე ატარებს დერმატოლოგი დერმატოსკოპიულ კვლევას?
-პაციენტები ძირითადად მოგვმართავენ ნევუსების (ხალების) დიაგნოსტირების მიზნით, რომლებმაც შეიცვალეს ფორმა, ფერი, საზღვრები. თუ წარმონაქმნი გახდა სისხლმდენი ან აქვს სველი, შეუხორცებელი ზედაპირი (წყლული, რომელიც არ ხორცდება). თმის ცვენით მიმდინარე დაავადებების (ალოპეციების) სადიაგნოსტიკოდ. სწორედ დერმატოსკოპიით დგინდება ალოპეციის ფორმა და ხასიათი, აქტიურია თუ პასიური მისი მიმდინარეობა. ეს საშუალებას გვაძლევს დავსვათ სწორი დიაგნოზი და შევარჩიოთ მკურნალობის შესაფერისი მეთოდი. ხშირია მომართვა პიგმენტაციის დარღვევით მიმდინარე დაავადებების დროს შემდეგი ჩივილებით:
- მოყავისფრო ლაქები სახის მიდამოში;
- თეთრი ლაქები სხეულზე.
ციფრული დერმოსკოპით ხდება ლაქების ზუსტი დიაგნოსტირება. მისი ხასიათის განსაზღვრა, შეძენილია იგი, ინფექციური თუ აუტოიმუნური ხასიათის.
გვითხარით DERMLITE DL4 აპარატის ტექნიკური ღირსებები და უპირატესობები....
-მეოთხე თაობის Dermlite DL4 დერმოსკოპი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ციფრული გამოსახულებით და წარმოადგენს პორტატული დერმოსკოპების ყველაზე დახვეწილ ნიმუშს. პოლარიზებული/არაპოლარიზებული ნათებით და 30 მმ-იანი ლინზით ვიღებთ უფრო დიდი ხედვის ველს და ღრმა პიგმენტაციის გაძლიერებულ გამოსახულებას. DL4-ის ეპიდემიოლოგიური სისტემა IceCap გვთავაზობს ინფექციის კონტროლისთვის ერთჯერად თავაკებს, რომელიც იცავს პაციენტს ჯვარედინი დაბინძურებისგან აპარატის კანთან კონტაქტის დროს. DERMLITE დერმატოსკოპით შესაძლებელია წარმონაქმნების მუდმივი მონიტორინგი, ციფრული გამოსახულების ფოტო გადაღების გზით.
დერმატოლოგთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩასაწერად გთხოვთ, დაგვირეკოთ ცხელი ხაზის ნომერზე +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
გისურვებთ ჯანმრთელობას!