რა არის გასტროსკოპია?

რა არის გასტროსკოპია?

გაიგე მეტი გასტროსკოპიის შესახებ

სტატიაში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
  • გასტროსკოპია - რა არის გასტროსკოპია?
  • რომელ ორგანოებს ვიკვლევთ?
  • როდის გვესაჭიროება და რა სიხშირით?
  • უკუჩვენება თუ აქვს?
  • როგორ ვემზადებით?
  • გასტროსკოპია ანესთეზიით კეთდება?
  • რომელი თაობის აპარატზე კეთდება  გასტროსკოპია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

გასტროსკოპია - რა არის გასტროსკოპია?

 ეს არის ენდოსკოპიური კვლევა, რომელიც ტარდება სპეციალური ინსტრუმენტით - გასტროსკოპით.

 

რომელ ორგანოებს ვიკვლევთ?

 გასტროსკოპიით ხდება საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის კედლების (ლორწოვანი შრის) დათვალიერება და დიაგნოსტიკა.

 

როდის გვესაჭიროება და რა სიხშირით?

გასტროსკოპია საჭიროა, როცა გაქვთ შემდეგი ჩივილები:

1.    დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი კუჭის არეში;
2.    გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება ან დარღვევა;
3.    გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ხშირი ბოყინი;
4.    ეჭვი სისხლდენაზე (შავი ფერის განავალი, სისხლიანი ღებინება), ანემია;
5.    მადის დაკარგვა, წონაში კლება, ზოგადი საერთო სისუსტე;
6.    მჟავე, მეტალის ან მწარე გემო პირში, ცუდი სუნი პირიდან;
7.    მოკლე დროით შიმშილობის ფონზე მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესება;
8.    თუ ახლო ნათესავებს ჰქონდათ საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან ონკოლოგიური დაავადებები;
9.    თუ ჩივილები არ გაქვთ, 40 წლის შემდეგ ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოთ პროფილაქტიკის მიზნით ონკოლოგიის გაახალგაზრდავების გამო! გახსოვდეთ, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანში არ არის ტკივილის ნერვული დაბოლოებები!

 

უკუჩვენება თუ აქვს?

  1. ფსიქიური დარღვევები;
  2. მაღალი არტერიული წნევა;
  3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება;
  4. გადატანილი ინსულტისა და ინფარქტის შემდგომი ადრეული რეაბილიტაციის პერიოდი;
  5. გასტროსკოპიის გაკეთების საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ექიმი-ენდოსკოპისტი პაციენტის გასინჯვის შემდეგ!

 

როგორ ვემზადებით?

  1. კვლევის დღეს გასტროსკოპიის წინ სითხის მიღება არ შეიძლება ბოლო 4 საათი, ხოლო საკვების მიღება - ბოლო 8 საათი;
  2. კვლევამდე 3 დღით ადრე არ შეიძლება ცხიმიანი, შემწვარი, მძიმე საკვების მიღება. ასევე აკრძალულია: ხილ-ბოსტნეული, ლობიო, ალკოჰოლი, მაგარი ყავა, გაზიანი სასმელები;
  3. კვლევის წინა დღეს ნებადართულია: კისელი, უცხიმო ბულიონები, იოგურტი, მაწონი;
  4. კვლევამდე 4 საათით ადრე შეგიძლიათ მიიღო წამლები, რომლებსაც მუდმივად სვამთ;
  5. ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და არ ინერვიულოთ - ყველაფერი ჩაივლის კარგად!

 

გასტროსკოპია ანესთეზიით კეთდება?

თუ ზედმეტად ემოციური ადამიანი ბრძანდებით, ან გაქვთ ხშირი გულისრევის შეგრძნება, ან უბრალოდ პროცედურის შიში გაქვთ - შეგიძლიათ გაიკეთოთ გასტროსკოპია ხანმოკლე სედაციის ქვეშ:

-        თქვენ მომენტალურად დაიძინებთ(5-10 წუთი) და კვლევის დასრულების შემდეგ 5 წუთში გამოიღვიძებთ, 30 წუთში კი უბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს;

-        კვლევის დასრულებიდან 30 წუთში შეძლებთ სითხის მიღებას, ხოლო 2 საათში - საკვების მიღებას;

-        სედაციის უკუჩვენებაა პრეპარატის შემადგენელ ნივთიერებებზე ალერგიული რეაქციები და ზოგადად ალერგიული ფონი;

-        სხვა მხრივ, სედაცია სრულიად უსაფრთხო და კომფორტულია!

 

რომელი თაობის აპარატზე კეთდება  გასტროსკოპია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

 

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პირველად მხოლოდ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ცენტრალური ფილიალი აღიჭურვა იაპონური, ხელოვნური ინტელექტის მქონე უახლესი თაობის და პროგრამული ფუნქციების მომცველი აპარატის სრული კომპლექტაციით OLYMPUS EVIS X1 CV-1500, რომელიც უმცირესი დეტალების აღმოჩენის საშუალებას იძლევა, ამცირებს კვლევის დროს და აქვს პაციენტის კომფორტზე მორგებული მცირე დიამეტრის გასტროსკოპი.

 

გასტროსკოპია ტარდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

 

წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

დაგვირეკეთ