ზამთრის ცივი დღეების გამო ორგანიზმს ხშირად ვერ ვანებივრებდით D ვიტამინით, მაგრამ გაზაფხულზე ამის გამოსწორება შესაძლებელია!
თუ დღემდე ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის შესახებ არაფერი იცოდით, დღეიდან გაითვალისწინეთ, რომ სასურველია მზიან ამინდში დიდი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, რადგან სწორედ ამ გზით შეითვისებს ორგანიზმი D ვიტამინს.
მას მზის სხივების ვიტამინსაც უწოდებენ. ძალიან სასარგებლოა ძვლისა და კბილების ზრდა–განვითარებისთვის, იმუნიტეტისთვის, დადებითად აისახება ჩვენს გუნება–განწყობილებაზე, გვეხმარება კალციუმის ათვისებაში.
როგორც წესი ამ ვიტამინის დეფიციტით იტანჯებიან ოფისში დასაქმებულები, რომლებიც დღის დიდ მონაკვეთს კომპიუტერის წინ ატარებენ. D ვიტამინის დეფიციტი კი ჯანმრთელობის რიგ პრობლემებს იწვევს.
როგორ ამოვიცნოთ D ვიტამინის ნაკლებობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები? სწორედ ამ შეკითხვით მივმართეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგს სოფიო ფუტურიძეს.
„D ვიტამინის დეფიციტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, ძვლისა და კუნთის მწვავე ტკივილი, ენერგიის დაქვეითება იმ დონემდე, რომ პიროვნებას უჭირს ყოველდღიური საქმიანობის შესრულება, დაქვეითებული იმუნური სისტემა, განწყობის ცვლილება, თმის ცვენა. ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ D ვიტამინი დიდ გავლენას ახდენს ძვალ–სახსროვან სისტემაზე და მისი დეფიციტი რევმატიული დაავადებების გამწვავების მიზეზია. თუმცა, თუ თანამედროვე კვლევებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სურათი საგრძნობლად იცვლება, დაავადებების რაოდენობა უფრო მეტად იზრდება. რაქიტი, ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი, დიაბეტი, გულ–სისხლძარღვთა დაავადება, დეპრესია, აუტოიმუნური დაავადებები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომელთა განვითარების რისკიც იზრდება, როცა ორგანიზმში D ვიტამინის რაოდენობა საკმარისი არაა“, – აცხადებს ენდოკრინოლოგი.
როგორც ქალბატონი სოფიო ჩვენთან ინტერვიუში განმარტავს, D ვიტამინის ტაბლეტის სახით თვითნებურად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიღება დაუშვებელია!
თუ სტატიაში წარმოდგენილი ჩივილები თქვენთვის ნაცნობია, სასურველია მომართოთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, ჩვენი კლინიკის ლაბორატორიაში ჩაიტაროთ სპეციალური ანალიზი, რომელიც სისხლში D ვიტამინის განსაზღვრას გულისხმობს. სწორედ ანალიზის პასუხის შესაბამისად, ენდოკრინოლოგი ამ ვიტამინის ადეკვატურ დოზას დაგინიშნავთ.
D ვიტამინის მიღების პირდაპირი და ბუნებრივი წყარო მზის სხივებია. ასევე ამ ვიტამინს შეიცავს ორაგული, კვერცხის გული, რძე, მარცვლეული, იოგურტი, ფორთოხალი. გაითვალისწინეთ, რომ სასარგებლოა ეს რაციონიც, მაგრამ D ვიტამინი კანში წარმოიქმნება და სისხლში ორჯერ მეტი ხანგრძლივობით რჩება მაშინ, როცა ადამიანი მზის სხივებით ტკბება.
ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგის თქმით, Dვიტამინის დეფიციტის სკრინინგი რეკომენდებულია ჩატარდეს მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებში, მაგალითად:
- ოსტეოპოროზის მქონე პაციენტები;
- მალაბსორბციის სინდრომის მქონე ადამიანები;
- ჭარბწონიანები;
- პირები D ვიტამინის მეტაბოლიზმზე მქონე დარღვევებით, მაგალითად, თირკმლის ქრონიკული დაავადებით.
„აუცილებელია, რომ მკითხველმა სწორად აღიქვას რჩევა! გაზაფხულისგან განსხვავებით ზაფხულში მწველი მზეა, შესაბამისად, დაუშვებელია ზაფხულის ცხელ დღეს, შუადღეს, მზის გულზე დიდხანს ყოფნა! ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მიეცით ორგანიზმს საშუალება აითვისოს მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს ერთ–ერთი მარტივი საშუალებაა ჯანმრთელობის, სილამაზისა და დღეგრძელობის შესანარჩუნებლად“, – აცხადებს სოფიო ფუტურიძე.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმ-ენდოკრინოლოგს სოფიო ფუტურიძეს ნომერზე 593 25 11 55;
გისურვებთ ჯანმრთელობას!