კატარაქტა თვალის ბროლის სრული ან ნაწილობრივი შემღვრევა, მისი გამჭირვალობის დაკარგვაა.
ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმში რიგი ცვლილებები მიმდინარეობს და გამონაკლისს არც თვალი წარმოადგენს. 60 წლის ზემოთ პაციენტების ძირითადი ჩივილი მხედველობის გაუარესებაა, რომელიც თანდათანობით პროგრესირებს და შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული.
აღსანიშნავია, რომ კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი საშუალება შემღვრეული ბროლის ქირურგიული გზით მოცილებაა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგიური სამსახური უზრუნველყოფს თვალის დაავადებათა დიაგნოსტირებასა და მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენს კლინიკაში მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად და აღსადგენად წარმოებს ყველა სახის დიაგნოსტიკური კვლევა, გაიდლაინებით მოწოდებული თერაპიული და ოპერაციული მკურნალობა.
მაღალკვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქირურგები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ატარებენ ოპერაციებს თვალის ყველა ტიპის პათოლოგიების დროს.
კატარაქტის ოპერაციის დროს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გამოიყენება „გეუდერის“ ფირმის აპარატი „მეგატრონ S”, რომელიც წარმოებულია გერმანიაში. აპარატი გამოირჩევა სიმძლავრით, სისწრაფითა და რქოვანა გარსის დამცველობითი ფუნქციით. რაც შეეხება საოპერაციო მიკროსკოპს – კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ამერიკული წარმოების, „მერელის“ ფირმის მიკროსკოპს.
კატარაქტის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგიური სამსახურის ექიმი ოფთალმოლოგი, მაკა რობაქიძე.
– რა არის კატარაქტა?
– კატარაქტა არის თვალში არსებული ბუნებრივი, გამჭირვალე, ოპტიკური ლინზის, ანუ ბროლის შემღვრევა, რომელიც იწვევს სხვადასხვა ხარისხის მხედველობის სიმახვილის მნიშვნელოვან დაქვეითებას, როგორც ერთ ასევე ორივე თვალზე. ბროლი წარმოადგენს თვალში არსებულ გამჭირვალე, ორმხრივ ამოზნექილ ბუნებრივ ოპტიკურ ლინზას. მისი ფუნქციაა გაატაროს და გარდატეხოს სინათლის სხივები ბადურა გარსზე საგნების მკაფიო გამოსახულების მისაღებად. ბროლის ელასტიურობის გამო ადამიანს ახალგაზრდა ასაკში (40 წლამდე) აქვს უნარი სხვადასხვა მანძილზე დაინახოს საგნები მკაფიოდ, სათვალის გარეშე.
– კატარაქტა შესაძლოა იყოს თანდაყოლილი და შეძენილი, გთხოვთ, განგვიმარტეთ.
– თანდაყოლილი კატარაქტის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს დედის ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციური დაავადებები, სამშობიარო ტრავმა, სტეროიდული ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მოხმარება. შეძენილი კატარაქტის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ასაკი (50 წლის შემდეგ), ტრავმა, ზოგადი დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი და სხვა), ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, თვალის დაავადებები (თვალის ანთებითი პროცესები და სხვა), სტეროიდების ხანგრძლივი მიღება, ტოქსიური ნივთიერებების, ულტრაიისფერი და რადიაციული გამოსხივების ზემოქმედება. თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ზრდის კატარაქტის განვითარების რისკს.
– რას გვეტყვით სიმპტომების შესახებ?
– კატარაქტის დამახასიათებელ სიმპტომებს მიეკუთვნება მხედველობის დაბინდვა, გაორება, ღამით გაუარესება, ფერების აღქმის ცვლილება, სათვალეების ხშირად შეცვლის აუცილებლობა, ზოგ შემთხვევაში ჩნდება ე.წ. ცრუ, დროებითი ახლომხედველობა (ხანდაზმული ადამიანი, რომელიც შორს კარგად ხედავდა და კითხვა უჭირდა, კატარაქტის განვითარების ამ ეტაპზე ახლოს კითხულობს სათვალის გარეშე, შორს კი ხედავს ცუდად). დაავადების პროგრესირებას ახასიათებს მხედველობის თანდათანობითი დაქვეითება.
– როგორ მკურნალობთ კატარაქტას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– მიუხედავად დაავადების სერიოზულობისა, კატარაქტა ინკურნება თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით. რაც შეეხება კონსერვატიულ მკურნალობას მას მხოლოდ დაწყებით სტადიაზე აქვს აზრი – ის მომწიფების პროცესს ახანგრძლივებს, მაგრამ შემღვრევას ვერ აღმოფხვრის. დღეს კატარაქტის ქირურგიული მკურნალობა მაღალ დონეზეა. კატარაქტის ოპერაცია კეთდება ამბულატორიულად უმტკივნეულოდ. გრძელდება რამდენიმე წუთი. შედეგი ერთ საათში ხდება თვალსაჩინო, გართულების ალბათობა მინიმალურია.
– ქალბატონო მაკა, რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?
– 50 წლის ასაკიდან ზოგადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩატარება რეკომენდებულია ყოველწლიურად. შაქრიანი დიაბეტის და ასევე სხვა ისეთი დაავადებების დროს, რაც კატარაქტის განვითარების რისკ–ფაქტორებს წარმოადგენს, სასურველია ოფთალმოლოგთან ვიზიტი ყოველ 6 თვეში ერთხელ.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ ოფთალმოლოგს, მაკა რობაქიძეს ნომერზე 558 36 39 74
ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ-ცენტრს ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25
გისურვებთ ჯანმრთელობას!