რა უნდა მივირთვათ და რას მოვერიდოთ ზღვისა თუ მთის კურორტებზე დასვენებისას?

რა უნდა მივირთვათ და რას მოვერიდოთ ზღვისა თუ მთის კურორტებზე დასვენებისას?

ზაფხული ის სეზონია, როცა ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ზღვისა თუ მთის კურორტებს.

ზაფხული ინტოქსიკაციისა და ინფექციურ დაავადებათა გავრცელებისთვის მეტად ხელსაყრელი პერიოდია.

როგორც წესი, დასვენების პერიოდში ადამიანები დროის დაზოგვის მიზნით, უპირატესობას ანიჭებენ მზა პროდუქტებს, სტუმრობენ სწრაფი კვების ობიექტებს. კვებითმა ინტოქსიკაციებმა, თუ ნაწლავურმა ინფექციებმა ნანატრი შვებულება რომ არ გაგვიფუჭოს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რას დავლევთ და მივირთმევთ.

სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგი ეკა ზალიკიანი. ქალბატონი ეკა ჩვენს მკითხველს არაერთ სასარგებლო რეკომენდაციას აძლევს. 

„ზაფხულმა უსიამოვნებების გარეშე რომ ჩაიაროს, ყურადღება უნდა მივაქციოთ კვების რაციონს. უნდა დავიცვათ საკვების მომზადებისა და მოხმარებისას ტემპერატურული რეჟიმი. ხელების საპნითა და გამდინარე წყლით ხშირი დაბანა დაგიცავთ მრავალი დაავადებისგან“, – განაცხადა ქალბატონმა ეკამ.

– რომელი პროდუქტები უნდა მივირთვათ და რას უნდა მოვერიდოთ ზაფხულის ცხელ დღეს?

ზაფხულში სასურველია მივირთვათ დიდი რაოდენობით კარგად გარეცხილი ხილი, ბოსტნეული, თერმულად დამუშავებული ხორც-პროდუქტი. სასურველია მოვერიდოთ ცხიმიან, ღია ცის ქვეშ და სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებულ საკვებს, მით უფრო ხორციანს, ასევე შებოლილ, ნახევრად შებოლილ და დაკონსერვებულ პროდუქტებს, კრემიან ნამცხვრებს. აუცილებელია დღის განმავლობაში 2-2,5 ლიტრი სითხის მიღება, ჰიგიენის წესების დაცვა, ასევე ყურადღებას ითხოვს რძე და რძის პროდუქტებიც. დიდი მნიშვნელობა აქვს მათი შენახვის პირობებსა და ვადას.

– საკონდიტრო ნაწარმი – ტორტი და კრემიანი ნამცხვრები. როგორ შევარჩიოთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქცია?

ტორტი და კრემიანი ნამცხვრები - ეს არის მალფუჭებადი პროდუქტი რის მიმართაც მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. ზაფხულის ცხელ დღეებში ამ პროდუქტის შეძენა სასურველია ისეთ მაღაზიებში, სადაც აკონტროლებენ შენახვის პირობებსა და ვარგისობის ვადებს.

ინტერვიუს ბევრი მშობელი წაიკითხავს. რას ურჩევთ მათ, ვისაც პატარა დასასვენებლად ზღვის კურორტზე მიჰყავს?

მოგეხსენებათ, კვებითი ინტოქსიკაციების მიმართ ბავშვის კუჭ-ნაწლავი მეტად მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ მშობელმა უნდა აკონტროლოს თუ რას მიირთმევს ბავშვი. რეკომენდებულია, რომ მოერიდოთ ქუჩაში არსებული მზა საკვების შეძენას. სასურველია, ბავშვს არ მივცეთ ონკანის წყალი, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები - ხშირად დავბანოთ პატარას ხელები და ა.შ.

რას გვეტყვით რძის პროდუქტებზე?

რძის ნაწარმიც მიეკუთვნება მალფუჭებად პროდუქტთა სიას. აუცილებლად შეამოწმეთ ვარგისიანობა და შენახვის პირობები.

როგორია კვებითი ტოქსიკოინფექციის საეჭვო ნიშნები?

საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციის ნიშნები შეიძლება იყოს: გულისრევა, ღებინება, ზოგადი საერთო სისუსტე, ფაღარათი, მოვლითი ან ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის (უპირატესად ჰიპოგასტრიუმის) არეში, შებერილობა, ტემპერატურის მატება, პირის სიმშრალე და ა.შ.

როგორ მოვიქცეთ მოწამვლის შემთხვევაში და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ინტოქსიკაციის შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეცვალოთ კვების რაციონი და დაიცვათ დიეტა. უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. თუ აღნიშნულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო სასურველია დროულად მიმართოთ ექიმს.

არაჯანსაღი კვების რაციონი თუ ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენის გამო თავს იჩენს გასტრიტი. გთხოვთ, განგვიმარტეთ რას ნიშნავს გასტრიტი?

ზაფხულის პერიოდში ასევე ხშირია გასტრიტი და გასტრიტის გამწვავება, ანუ კუჭის ლორწოვანის ანთებითი პროცესი, რაც დაკავშირებულია კვების რეჟიმის, საკვები რაციონის, წყლის, ჰაერის ცვლასთან, მოგზაურობასთან, ალკოჰოლის ჭარბ დოზასთან.

– როგორია გასტრიტის სიმპტომები?

გასტრიტის სიმპტომები შეიძლება იყოს: ყრუ ან მწვავე ტკივილი ან წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მატება,

სიმძიმის შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ, შებერილობა, დეფეკაციის ცვლილებები და ა.შ.

შესაძლებელია თუ არა გასტრიტის პრევენცია?

გასტრიტის პრევენცია შესაძლებელია თუ დავიცავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოწესრიგებული იქნება ჩვენი კვების რეჟიმი, მოვერიდებით ისეთ მავნე ფაქტორებს როგორიცაა, თამბაქო, ალკოჰოლი, სწრაფი კვება და ა.შ.

როგორ მკურნალობთ გასტრიტს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

პირველ რიგში აუცილებელია გასტრიტის დიაგნოზის დადგენა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ენდოსკოპიური გზით ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიით, ბიოფსიით. დიაგნოზის დასმის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჩევთ კვების რეჟიმს, დიეტასა და სამკურნალო საშუალებებს.

როგორ უნდა იკვებოს გასტრიტით დაავადებულმა ადამიანმა?

გასტრიტით დაავადებულმა ადამიანმა უნდა იკვებოს ხშირად მცირე ულუფებით, მოერიდოს ქუჩაში კვებას, შეზღუდოს მჟავე, ცხარე, მწარე და ცხიმიანი პროდუქტები. მიიღოს წყალი საჭირო ოდენობით, მოერიდოს მალფუჭებად პროდუქტს.

ალკოჰოლი და სიცხე. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ზოგიერთი ადამიანი ალკოჰოლურ სასმელს ვერ ელევა. რას ურჩევდით მათ?

ზაფხულის პერიოდში ალკოჰოლური სასმელებით ინტოქსიკაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რის გამოც დიდი სიფრთხილე გვმართებს. პირველ რიგში უნდა შემოწმდეს ვარგისიანობა, თუ მაინც გსურთ სასმელის მიღება, შეგიძლიათ მიირთვათ ე.წ "ზაფხულის კოქტეილები" რომელთა დიდი ნაწილი ხილით არის გაჯერებული და ბევრი ყინულით არის შეზავებული. ასეთი სახის კოქტეილები ნაკლებად მავნებელია, (არ იგულისხმება მათი დიდი რაოდენობით მიღება). ასევე ეცადეთ, არ მიიღოთ სხვადასხვა სახის სასმელი ერთდროულად.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართიქალაქი თბილისიდიღომიჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგს, ეკა ზალიკიანს ნომერზე 555 18 97 54
გისურვებთ ჯანმრთელობას!