რატომ უნდა უმკურნალონ ინსულტიან პაციენტს მხოლოდ იმ კლინიკაში, რომელსაც ინსულტის ცენტრი აქვს?

რატომ უნდა უმკურნალონ ინსულტიან პაციენტს მხოლოდ იმ კლინიკაში, რომელსაც ინსულტის ცენტრი აქვს?

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს სტუმრობდა ევროპის ინსულტის ასოციაციის წარმომადგენელი ლევ პრისტუპიუკი.

მან წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

თემა ეძღვნებოდა ინსულტს და ინსულტის მართვის მეთოდებს. ასევე მის მოხსენებაში ერთ–ერთი ძირითადი აქცენტი გამახვილებული იყო იმ ფაქტზე, რომ ინსულტის მქონე პაციენტი აუცილებლად უნდა მოთავსდეს ისეთ დაწესებულებაში, რომელიც ინსულტის ცენტრითაა აღჭურვილი.

ბატონი ლევი Angels Initiative-ს ევროპის ინსულტის ორგანიზაციის კონსულტანტია. ორგანიზაციის მთავარი მიზანია საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტი შეიტყოს ინსულტის შესახებ და არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად შემცირდეს ინსულტის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა და ინვალიდიზაცია.

„ყოველ 30 წუთში ინსულტის მქონე პაციენტი, რომელიც შეიძლება გადარჩენილიყო, იღუპება ან სიცოცხლის ბოლომდე უნარშეზღუდული რჩება და ამის მიზეზია არა ინსულტი, არამედ ის, რომ უმკურნალეს არასწორად შერჩეულ საავადმყოფოში. ფაქტია, რომ ინსულტის მქონე პაციენტთა მხოლოდ მესამედზე ნაკლები მკურნალობს კლინიკაში, რომელსაც აქვს ინსულტის ცენტრი. ეს იმას ნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი ვერ სარგებლობს სპეციალისტთა დახმარებით, რომელიც სასწრაფოდ ესაჭიროება. ეს უნდა შევცვალოთ“, – ვკითხულობთ ევროპის ინსულტის ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ კლინიკის ხელმძღვანელები, ასევე ნევროლოგები და ნეიროქირურგები. პრეზენტაციის ავტორმა წარმოადგინა სქემა, თუ რა სტანდარტის მიხედვით უნდა მოხდეს ინსულტიანი პაციენტის გადაყვანა მხოლოდ ინსულტის ერთეულით აღჭურვილ კლინიკაში და რა სავალალო შედეგი დგება, როცა ავადმყოფი მკურნალობს საავადმყოფოში, სადაც ინსულტის მართვის ყველა თანამედროვე მეთოდი არ არის დანერგილი.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ სწორედ ამ კამპანიისთვის შექმნილი კლიპი, სადაც რეალური პაციენტი მონაწილეობს. ვიდეო თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ ინსულტის მართვისთვის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად განაწილებულ თითოეულ წუთს და რატომ უნდა გადაიყვანოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ინსულტის ცენტრში.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია ინსულტის ერთეულით.

ინსულტის მართვის მიზნით კლინიკაში დანერგილია:

  • მწვავე სტადიის პაციენტების ტრიაჟი;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის აღდგენისა და პათოლოგიური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები – სისტემური ინტრავენური  თრომბოლიზისი და ენდოვასკულური თრომბექტომია;
  • თავის ტვინში სისხლჩაქცევის, ანევრიზმის, არტერიო–ვენური მალფორმაციის, კაროტიდული და ვერტებრული არტერიების სტენოზის ქირურგიული მკურნალობა როგორც ღია, ისე ენდოვასკულური მეთოდით;
  • ადრეული ნეირორეაბილიტაცია;
  • ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია;
  • ინსულტის განმეორებისა და ვასკულური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები;
  • ჰემორაგიული ინსულტის მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობა.

პაციენტის ცენტრში მიყვანისთანავე პროფესიონალთა გუნდი ადგენს ინსულტის ტიპსა და გენეზს. იშემიური ინსულტის სამკურნალოდ, თანამედროვე გაიდლაინების დაცვით, ტარდება სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი ან ენდოვასკულური თრომბექტომია, ან ზოგ შემთხვევაში ორივე მეთოდის ერთდროული კომბინაცია. მეთოდს პაციენტის მდგომარეობისა და სათანადო ჩვენების მიხედვით ინდივიდუალურად არჩევენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად თრომბექტომია და თრომბოლიზისი ერთად სწორედ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა.

თუმცა კლინიკის ინსულტის ცენტრის შესახებ ყველამ არ იცის და სამწუხაროდ, არაინფორმირებულობის გამო სავსებით შესაძლებელია ის პაციენტი დაიღუპა, რომელიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რომ მიეყვანათ, თრომბოლიზისისა თუ თრომბექტომიის დახმარებით არათუ გადარჩებოდა, არამედ ცხოვრების აქტიურ წესს დაუბრუნდებოდა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ინსულტს მკურნალობენ იმ ინოვაციური მეთოდებით, რომელიც უკვე დანერგილია ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში. 

სწორედ ამიტომ მოსახლეობას გვინდა შევახსენოთ, რომ თუ შეესწრებით ინციდენტს და სიმპტომებიდან (თავბრუსხვევა, დამბლა, პირღებინება, ძალის დაქვეითება კიდურებში, თავის ტკივილი, მეტყველების დარღვევა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ცნობიერების დაქვეითება, სახის მიდამოსა და კიდურების დაბუჟება, სახის ასიმეტრია) გამომდინარე ეჭვს ინსულტზე მიიტანთ, გაიხსენეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრი, სადაც დანერგილია მკურნალობის ინოვაციური მეთოდები, სწორი და დროული დიაგნოსტირებისთვის შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა. 

კლინიკის ნეიროქირურგებმა და ნევროლოგებმა უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, ნევროლოგიური დეფიციტისგან და ინვალიდობისგან იხსნეს. ახლაც კი, როცა სტატიას კითხულობთ, იცოდეთ, რომ ინსულტის ცენტრში პაციენტის გადარჩენას ცდილობენ.

გახსოვდეთ, ინსულტი თანამედროვე მედიცინის ერთ–ერთი დიდი გამოწვევაა და ამ ვერაგი პათოლოგიის დასამარცხებლად ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში იბრძვის!

გისურვებთ ჯანმრთელობას!