სულ მალე ახალი 2017 წელი შემობრძანდება.
სადღესასწაულო სუფრა მრავალფეროვანია და განსაკუთრებით ჩვენი ეროვნული კერძები, რომელიც ძალიან გემრიელი, მაგრამ ნოყიერია. ზოგიერთი პროდუქტი კი ორგანიზმისთვის რთულად გადასამუშავებელია. იმისთვის, რომ დღესასწაულზე ალკოჰოლის ჭარბი დოზის და ზედმეტად ცხიმიანი ან ცხარე კერძებისგან გამოწვეულმა დისკომფორტმა ხასიათი არ გაგიფუჭოთ, გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები.
როგორ მოვიქცეთ ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს, რამდენად რეკომენდირებულია ალკოჰოლზე გაზიანი ან ტკბილი სასმელის დაყოლება, როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს, რომელ კერძებს მივანიჭოთ უპირატესობა?
ამ თემებზე გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი ტოქსიკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ეკა ქურდაძე.
- საახალწლო სუფრაზე განსაკუთრებით რომელი კერძებია სახიფათო?
- ზედმეტად ცხიმიანი საკვები, კრემიანი ნამცხვრები. ყველასთვის საყვარელი მაიონეზის სალათები და ტკბილი გაზიანი სასმელები. უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ცხიმის მიღება. ვინაიდან საახალწლო სუფრის მუდმივ კერძად შემწვარი ქათამი და მწვადი ითვლება, სასურველია შემწვარი ქათამი კანის გარეშე მივირთვათ, ხოლო მწვადი შამფურზე ან გრილზე შემწვარი თუ არ იქნება საკუთარ ცხიმში შეიწვას. უპირატესობა მიანიჭეთ სამარხვო მაიონეზს ან არაჟნით ჩაანაცვლეთ. ტკბილი გაზიანი სასმელების ნაცვლად დალიეთ ხილის წვენი (ახლადგამოწურული), ახლად მომზადებული კომპოტი ან მინერალური წყალი.
- რომელ კერძებს მივანიჭოთ უპირატესობა?
- თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები არ გაწუხებთ, მცირე ულუფებად შეგიძლიათ ყველაფერი მიირთვათ. ვისაც გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი, ყაბზობა და სხვა მსგავსი პრობლემები აქვს ბუნებრივია უნდა მოერიდოს როგორც მრავალფეროვანი საკვების მიღებას, ასევე რაოდენობაც მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს. ახალი წლის სუფრა თუ მაინც საცდურად იქცა, გართულების შემთხვევაში სასურველია ექიმს მიმართოთ, რათა დროულად მოგვარდეს პრობლემა.
- როგორ მოვიქცეთ ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს?
- როცა საქმე ალკოჰოლს ეხება, ზომიერების დაცვაა საჭირო. ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს ვეცადოთ, რომ ადამიანი შევაფხიზლოთ, სუფთა ჰაერზე გავიყვანოთ. თუ გონზეა სასურველია მექანიკურად ღებინების გამოწვევა. დავალევინოთ მაგარი ყავა, ჩაი ან მინერალური წყალი. დაძინებისას უსაფრთხო პოზაში დავაწვინოთ, გვერდულად.
- რამდენად რეკომენდირებულია ალკოჰოლზე გაზიანი ან ტკბილი სასმელის დაყოლება?
- ალკოჰოლურ სასმელზე გაზიანი, ტკბილი სასმელის დაყოლება არ არის რეკომენდებული. გირჩევთ, რომ ალკოჰოლს მიაყოლოთ წყალი, მინერალური სასმელი და ახლად მომზადებული ტკბილი კომპოტი.
- ვინც ალერგიულია გოზინაყის ან საცივის მირთმევის შემდეგ გამონაყარი უჩნდება. როგორ დავაცხროთ ალერგიული ფონი?
- ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით მათთვის ვისთვისაც ალერგიული გამოვლინებები არც თუ ისე იშვიათი პრობლემაა, ორგანიზმი სათანადოდ მოამზადოთ და დაიცვათ ე.წ. განტვირთვის დღეები. დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და გაზგასული მინერალური სასმელი. მიიღეთ დღის განმავლობაში დაახლოებით 2 ლიტრამდე სითხე და მცირე ულუფებად მხოლოდ მოხარშული საკვები. ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!
- ვიდრე სუფრას მივუსხდებით რომელიმე წამლის მიღებას ხომ არ გვირჩევთ?
- თუ ჯანმრთელი ორგანიზმი გვაქვს და ზომიერების დაცვაც არ გვიჭირს შეგვიძლია წამლის გარეშეც ადვილად გადავიტანოთ საახალწლო პერიოდი. ვისაც პრობლემები აქვს შეუძლია ფერმენტის მიღება, რათა თავიდან აიცილონ საახალწლო სუფრით გამოწვეული დისკომფორტი. ბევრი ადამიანი თვითნებურად ირჩევს გასტრო და ჰეპატოპროტექტორებს, ე.წ. კუჭისა და ღვიძლის დამცავ მედიკამენტებს, მაგრამ აუცილებელია, რომ თითოეული მედიკამენტი ექიმმა ინდივიდუალურად შეგირჩიოთ.
- მოლხენის შემდეგ ნაბახუსევს ვებრძვით - რაიმე რეცეპტს ხომ ვერ გვასწავლით?
- ნაბახუსევზე შეგიძლიათ დალიოთ გაზგასული მინერალური წყალი. მიირთვათ მაწონი, კეფირი, მჟავე ან ახლად მოხარშული ტკბილი კომპოტი. თუ გაუსაძლისი თავის ტკივილი გაწუხებთ, წყალში ხსნადი ასპირინის და რომელიმე სპაზმოლიზური საშუალების გამოყენებაც დაგეხმარებათ. სასარგებლოა ხილიც, განსაკუთრებით ციტრუსი, ანანასი.
- ახალი წლის პერიოდში ქართველი პაციენტები რა პრობლემებით გაწუხებენ და ძირითადად ქალები ჭარბობენ თუ კაცები?
- ძირითადად კვებითი ინტოქსიკაციებია, მათ შორის სოკოთი მოწამვლა. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ძირითადად მრავალფეროვანი, სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელის ჭარბად გამოყენების შემთხვევაში. რაც შეეხება სქესს.. თითქმის თანაბრად ხვდებიან კლინიკაში, თუმცა უპირატესობით მაინც მამაკაცები გამოირჩევიან.
მკითხველს ვულოცავ დამდეგ შობა–ახალ წელს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და ბედნიერებას!
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმ ტოქსიკოლოგს, ეკა ქურდაძეს ნომერზე: 577 11 86 91.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ავტორი ეკატერინე ციცხვაია