კუჭ–ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ხასიათდება ლორწოვან გარსზე ეროზიულ-წყლულოვანი დეფექტების გაჩენით.
ძირითადად ვითარდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმალურ (ზედა) ნაწილში, იშვითად საყლაპავის დისტალურ (ქვედა) ნაწილსა და წვრილ ნაწლავში. წყლულის დიამეტრი სულ მცირე 5მმ-ს შეადგენს და ეროზიისგან განსხვავებით, ის ლორწოვანის უფრო ღრმა დაზიანებად ითვლება და კუნთოვან შრემდე აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ წყლულოვან დაავადებას ახასიათებს პერიოდული გამწვავებები, ძირითადად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მოგეხსენებათ, რომ ამ სეზონზე იმუნური სისტემა არ არის სათანადო დონეზე მოწესრიგებული, მაგალითად, ზამთრის პერიოდში კვების რაციონი განიცდის ვიტამინებით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტს, ასევე ალერგიული მდგომარეობა, ვირუსი, ინფექცია უარყოფითად აისახება როგორც იმუნიტეტზე, ასევე კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე. გამწვავების მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ წყლულოვანი დაავადება არ არის ნამკურნალები.
რადგან დაავადებას სეზონურობა ახასიათებს, გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის კუჭ–ნაწლავის წყლულოვან დაავადებაზე მოგვეთხრო.
თემის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგი ეკა ზალიკიანი.
„წყლულოვანი დაავადების ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც განსხვავდება იმის მიხედვით თუ სადაა წყლული კუჭსა თუ თორმეტგოჯა ნაწლავში. კუჭის წყლულის დროს ტკივილი ვლინდება ეპიგასტრიუმის არეში (კუჭის არეში), კვებიდან 5-15 წუთის შემდეგ და გრძელდება კუჭის შიგთავსის გადასვლამდე თორმეტგოჯა ნაწლავში ან ღებინებამდე. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისთვის კი დამახასიათებელია რიტმული ტკივილი, რომელიც თავს იჩენს საკვების ან ანტაციდების (სიმჟავის დასაქვეითებელი პრეპარატები) მიღების შემდეგ. ტკივილი იწყება უზმოზე ანუ “მშიერი ტკივილი” ან ჭამიდან 1,5–4 საათის შემდეგ, ტიპიურია ღამის ტკივილი. ტკივილი გადაეცემა მარჯვენა ფერდქვეშა არეში. წყლულოვანი დაავადების დროს ზოგჯერ აღინიშნება დისპეფსიური მოვლენები: გულძმარვა, ღებინება, გულისრევა, მჟავე ბოყინი და სხვა.
– ხშირია საქართველოში ეს დიაგნოზი და ძირითადად, რა ასაკის ადამიანებში ვლინდება?
– კუჭ-ნაწლავის დაავადებების, მათ შორის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სიხშირე საქართველოში ყოველთვის იქცევდა სპეციალისტთა ყურადღებას, რადგან მათ განვითარებაში სხვა ფაქტორებთან ერთად დიდ როლს ასრულებს ცხოვრების არასწორი, არაჯანსაღი რეჟიმი, კვების თავისებურებებიც. ბოლო ხანს თვალნათლივ შეიმჩნევა არასასურველი ტენდენცია - აღნიშნული პათოლოგიის განვითარება ახალგაზრდა და ბავშვობის ასაკშიც კი. დაავადება აქვს მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული კუჭის წყლულზე ხშირია და უფრო ახალგაზრდა ასაკშიც გვხვდება. 20-დან 50 წლამდე ასაკში მამაკაცებს ეს დაავადება ქალებზე ხშირად ემართებათ, მაგრამ მენოპაუზის შემდეგ სხვაობა მცირდება.
– როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– ჩვენს კლინიკაში ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ოქროს სტანდარტად ითვლება ენდოსკოპიური კვლევა, კერძოდ ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია არა მხოლოდ წყლულის გამოვლენა, არამედ ბიოფსიის ჩატარება, PH-ის (მჟავიანობის) განსაზღვრა, ასევე ადგილობრივი მკურნალობა და ჩატარებული მკურნალობის ეფექტის შეფასება წყლულის სადიაგნოზოდ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია იაპონური ფირმის ულტრათანამედროვე ენდოსკოპიური აპარატით OLYMPUS–ით. ასევე საკმაოდ ინფორმაციულია რენტგენოლოგიური კვლევა – რენტგენოგრამაზე წყლული კრატერის მსგავსი ჩაღრმავების სახით მოსჩანს. ეს უფრო ეხება დიდი ზომის წყლულებს.
– რა იწვევს წყლულს?
– უკანასკნელ დრომდე წყლულს მულტიფაქტორულ დაავადებად მიიჩნევდნენ, რომელიც ვითარდებოდა კუჭის ლორწოვანის დამცავი უნარის დაქვეითებისა და ამ ფონზე მჟავისა და ფერმენტ პეპსინის მოქმედების შედეგად. სადღეისოდ წყლულის განვითარებაში ძირითადი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჰელიკობაქტერიას (Helicobacter pylori), ასევე წყლულოვანი დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (აასს-ბი), ანტიაგრეგანტებით, ალკოჰოლით, თამბაქოს მოხმარებით, კვების რეჟიმის დარღვევით და ა. შ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგს ეკა ზალიკიანს ნომერზე 555 18 97 54;
გისურვებთ ჯანმრთელობას!