ჰელმინთოზი

კითხვა: მოგესალმებით მყავს 4 წლის გოგონა ხშირად იტკიებს მუცელს ღამით აქვს დორბლი და ხანდახან სისხლიანი განავალი შეიძლება ეს ყველაფერი ჭიების გამო იყოს? მადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით! პარაზიტი ბაქტერიასა და ვირუსთან შედარებით მაღალგანვითარებული ორგანიზმია, რომელიც სხვა ორგანიზმის ხარჯზე ცხოვრობს და მისგან იღებს ცხოველმყოფელობისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას. პარაზიტებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ: უმარტივესებად და ჰელმინთებად. უმარტივესი ერთუჯრედიანი ორგანიზმია.
შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა შეუძლებელია. უმარტივესებით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული დაავადებებია მალარია, ლეიშმანიოზი, ლამბლიოზი, ტოქსოპლაზმოზი და სხვა. ჰელმინთები უმარტივესებზე მაღალგანვითარებულია, მათი ზრდასრული ფორმები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ძირითადი ჩივილები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ეჭვი ჩნდება ორგანიზმში პარაზიტი ჭიების არსებობაზე არის– უმადობა, გულის რევა, ღამით ნერწყვისდენა, უზმოზე პირღებინება, მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, ტკივილი ჭიპის ირგვლივ, ყაბზობა ან ფაღარათი. ხშირია დარღვევები ნერვული სისტემის მხრივაც. აღსანიშნავია აგზნებადობის მომატება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სწავლაში ჩამორჩენა, ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი, გამონაყარი და ზოგჯერ ეპილეფსიის მსგავსი გულყრებიც კი. ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში გვხვდება ენტერობიოზი, ასკარიდოზი, ლამბლიოზი. რომლებიც იწვევენ იმუნური სისტემის დათრგუნვას, ორგანიზმში, ვიტამინების, მინერალების დეფიციტს, ირღვევა ფერმენტაციის, შეწოვის პროცესები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. არცთუ იშვიათია ანემია და ალერგიული რეაქციების განვითარება. ასკარიდოზი შესაძლებელია გახდეს ნაწლავების მწვავე გაუვალობის, ნაწლავის გადაგრეხვის, აპენდიციტის და სანაღვლე სადინარების დახშობის მიზეზი. ლამბლიოზი შეიძლება მიმდინარეობდეს, როგორც ლატენტურად(ფარულად, სიმპტომების გარეშე) ასევე შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავთა, მომნელებელი და შემწოვი ფუნქციის დარღვევით სხვადასხვა პარაზიტული დაავადებების დროს დიაგნოსტირების მეთოდები განსხვავებულია. ასკარიდოზის და ენტერობიოზის გამოსავლენად საკმარისია განავლის ანალიზი. ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებს. თქვენს შემთხვევაში უნდა მიმართოთ პედიატრს. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა