ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მადლობა ამ საშუალებისათვის. გთხოვთ მჭირდება თქვენი რჩევა. უკვე 3 წელია მაქვს მაღალი წნევა. ხშირად 170/100 და უფრო მაღალი. უამრავი რამ ვცადე. ვიარე ექიმთან. ჩავიტარე გარკვეული კვლევები.რაიონში.არ მაქვს საშუალება ძვირადღირებული კვლევის ჩატარების.ახლა ვსვამ თვითნებურად წამლებს. უფრო ხშირად snap. H ა.შ.კლოფელინს.თუმცა რეგულარული მიღების შემდეგ წნევა მივარდება. მაქვს თავის გაცხელების შეგრძნება. თუმცა დააკვირდი და უფრო მეტად ემოციურად დატვირთვის შემდეგ მემართება.სკოლაში 1.2 გაკვეთილი კარგად ვარ შემდეგ მიწევს მაღლა.არ ვიცი როგორ მოვიქცე. იქნებ მირჩიოთ რამე. კონკრეტული კვლევა ან მედიკამენტი. ისე არ მაქვს საშუალება და ვფიქრობ ასე კარგად ვერ დაასრულებს. მადლობელი ვიქნები თუ გულისხმიერად მოეკიდებით ჩემს თხოვნას. ექიმთან ვიზიტი უკვე იქცა აუტანელი პროცედურად. იქ რიგები და ფორმალობა უარესად მხდის.
პასუხი:

მოგესალმებით, 

არტერიული ჰიპერტენზია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს სამედიცინო პრობლემად მიიჩნევა. საშუალოზე მძიმეა მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაში –რაც ყველაზე საგანგაშოა, ჰიპერტენზიით დაავადებული ხუთი ადამიანიდან სამი არ მკურნალობს.

არტერიული წნევა ძალაა, რომლითაც სისხლი სისხლძარღვებს ეჯახება. როცა ეს ძალა მეტისმეტად დიდია, გულს გაძლიერებული მუშაობა უხდება, რაც სისხლძარღვებს აზიანებს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარების რისკს წარმოშობს. საშიშროება ემუქრება ყველა ორგანოს, რომლამდეც სისხლძარღვი მიდის და ვინაიდან ყველა ორგანო ასეთია, არტერიული ჰიპერტენზია მთელ ორგანიზმს უქადის საფრთხეს.

არტერიულ ჰიპერტენზიად ითვლება მდგომარეობა, როდესაც სისტოლური წნევა 140 მმ ვწყ. სვ ან უფრო მაღალია, ანდა დიასტოლური წნევა უტოლდება ან აღემატება 90 მმ ვწყ.სვ-ს. არტერიული ჰიპერტენზიის ასიდან 90-95 შემთხვევაში მიზეზი დაუდგენელი რჩება. ამას პირველადი, ესენციური ან იდიოპათიური ჰიპერტენზია ეწოდება.

ჰიპერტენზიულ პირებში, განსაკუთრებით კი 50 წელს გადაცილებულებში, პირველი რიგის ამოცანა სისტოლური წნევის კონტროლის მიღწევაა. სამიზნე არტერიულ წნევად ანუ იმ წნევად, რომელსაც უნდა მივაღწიოთ და შემდეგ შევინარჩუნოთ, მიჩნეულია <140/90 მმ ვწყ.სვ, რადგან ამ შემთხვევაში კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების ალბათობა საგრძნობლად მცირდება.

იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სამიზნე წნევაა <130/80 მმ ვწყ. სვ.

ჰიპერტენზიულ პირთა დაახლოებით ორ მესამედში სამიზნე არტერიული წნევის მიღწევა ორი ან მეტი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის საშუალებით ხერხდება.

გასათვალისწინებელია, რამდენად სწორად იზომავთ წნევას, იდეალურ შემთხვევაში , არ უნდა გქონდეთ მოშარდვის სურვილი, ცოტა ხნით ადრე ადგილი არ უნდა ჰქონდეს საკვებისა და კოფეინის მიღებას, თამბაქოს მოწევას ან ვარჯიშს, ასევე რეკომენდებულია წნევის გაზომვამდე  სულ მცირე 5 წუთის მანძილზე დასვენება.

უნდა მიმართოთ კვალიფიციურ ნევროპათოლოგს და/ან კარდიოლოგს და მკურნალობაში შეიტანოთ კორექტირება. მხოლოდ ჰიპოტენზიური მკურნალობა არ არის ხოლმე საკმარისი საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ჰიპოლიპიდემიური თერაპია, ანტიაგრეგაციული თერაპია.

პრეპარატის დანიშვნის დროს ექიმი ითვალისწინებს: პაციენტის  ასაკს, დაავადების სტადიასა და კლინიკურ ფორმას, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან გართულებების არსებობას (სტენოკარდია, გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევა), სხვა ორგანოების ფუნქციის დარღვევებს (სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქოსპაზმი და ა.შ.). სადღეისოდ ჰიპერტონიას მკურნალობენ არა ერთი წამლით, არამედ რამდენიმე პრეპარატის შერწყმით. შედეგად წნევა არამხოლოდ სტაბილურად ქვეითდება, ასევე გვერდითი ეფექტებიც მცირდება. სწორედ ამიტომ, დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, თქვენც გირჩევთ თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.

რაც შეეხება კვლევას,  შეგვიძლია გირჩიოთ და შემოგთავაზოთ, ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში,  სრულ კარდიოლოგიურ გამოკვლევაზე ფასდაკლება, დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს:  https://kirurgia.ge/article/25670/chaitaret-sruli-kardiologiuri-gamokvleva-166-laris-nacvlad-99-larad

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა