იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა

კითხვა: გამარჯობათ მყავს 9თვის პატარა თავიდანვე ვამჩნევდი მკავების სილურჯეს მივმართე იმ წუთას პედიატრს და მითხრა რომ დროთა განმავლობაში გაუვლიდა ამდრომდე ისევ ვამჩნევ რომ ოდნავ რომ ერთ მხარეს დააწვეს ულურჯდება იმწუთას ის ადგილი შავდება სილურჯეზე მეტად გთხოვთ მირჩიოთ რაიმე ყყველაფერი გამოკვლევა მიღებული გვაქვს ბავში არის თეთრი.გმადლობთ წინასწარ
პასუხი:

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა ბავშვთა ასაკის ჰემორაგიული სინდრომით მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის აუტოიმუნურია და თრომბოციტული რგოლის რაოდენობრივი და თვისობრივი დარღვევით არის განპირობებული. გვხვდება უპირატესად ექვს წლამდე, ანუ იმუნური სისტემის ჩამოყალიბების “კრიტიკულ პერიოდში”. ამ ასაკში სქესის მიხედვით განსხვავება არ შეინიშნება, ხოლო ათი წლის შემდეგ უპირატესად გოგონებშია გავრცელებული.
დაავადება იდიოპათიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი უშუალო მიზეზი დაუდგენელია, მაგრამ ცნობილია მისი გამშვები, მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომლებიც დაავადებას არ იწვევს, მაგრამ შესაძლოა, პროვოცირება გაუწიოს მას. ყველაზე ხშირად ამ როლს ასრულებს ვირუსული ინფექცია და ვაქცინა, შედარებით იშვიათად – ბაქტერიული ინფექცია, მზის სხივებით ინსოლაცია, გადაცივება, ტრავმა, მედიკამენტები, კვებითი ინტოქსიკაცია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აღრიცხულ შემთხვევათა დაახლოებით მესამედში დაავადებას წინ არც ერთი საეჭვო ფაქტორი არ უძღვოდა. საზოგადო მონაცემებით, ყველაზე მძიმედ იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურას ის შემთხვევები მიმდინარეობს, სადაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ვაქცინაა, ამიტომ ანამნეზის შეკრებისას ექიმი დედას ყოველთვის ეკითხება, უკანასკნელი 3-4 კვირის განმავლობაში ხომ არ იყო ბავშვი ავად, ხომ არ გადაიტანა ტრავმა, ხომ არ გაუკეთებიათ მისთვის ვაქცინაცია ან მიუღია რომელიმე მედიკამენტი.დაავადების ძირითადი ნიშანია კანის ჰემორაგიული სინდრომი ანუ სისხლჩაქცევები და სისხლდენა. სულ ხუთი ტიპის სისხლჩაქცევა არსებობს. აღნიშნული დაავადების დროს შეიძლება განვითარდეს ყველა მათგანი, პეტექიით (წერტილოვანი სისხლჩაქცევა) დაწყებული, ჰემატომით (დიდი ზომის სისხლნაჟღენთი) დამთავრებული. სისხლჩაქცევა შეიძლება სხეულის ნებისმიერ ადგილას გაჩნდეს, მაგრამ მას “საყვარელი” უბნებიც აქვს – ქვედა კიდურები,შემდეგ – ზედა კიდურები და ტორსი. ის იშვიათად ჩნდება სახეზე, პირის ღრუში, განსაკუთრებით საშიშია მისი გაჩენა თვალის სკლერაზე. ეს უკანასკნელი ზოგჯერ თავის ტვინში სისხლჩაქცევის პირველი ნიშანია. ყველაზე ხშირად სისხლჩაქცევები ქვედა კიდურებზე ჩნდება.
ჩვენი რჩევა იქნება,მიჰყვეთ თქვენი პედიატრის დანიშნულებას. თუ გნებავთ ალტერნატიული აზრის მოსმენა,მიმართეთ ასაკობრივ კლინიკას. ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონდე პირებს. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა