მოგესალმებით,
იშემიური ინსულტი, ანუ ტვინის ინფარქტი, უფრო ხშირად უვითარდება 60 წელზე მეტი ასაკის მქონე პირებს, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ შემდეგი პათოლოგიები:
- ათეროსკლეროზული ცვლილება;
- მიოკარდიუმის ინფარქტი;
- გულის რევმატიული მანკი;
- არითმია;
- შაქრიანი დიაბეტი.
იშემიური ინსულტი ტვინის მკვებავი სისხლძარღვების თრომბით დახშობის, ან ათეროსკლეროზული ფოლაქით შევიწროების შედეგად ვითარდება, რასაც ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვება. ვითარდება ამ უბნის ლოკალური იშემია. ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდების შეწყვეტის გამო ტვინის უჯრედების ნაწილი იღუპება, ხოლო მის გარშემო არსებული უჯრედები განიცდიან „შიმშილს“. დროული ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში ეს „მოშიმშილე უჯრედები“ გადარჩებიან და განაგრძობენ ფუნქციონირებას. ამდენად, დროულ სამედიცინო დახმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ინფარქტის ზონა არ გაიზარდოს, რაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის, ან ღრმა ინვალიდიზების თავიდან აცილების გარანტიაა. ინსულტის დარტყმის ქვეშ მოხვედრილი ადამიანი ხშირად მნიშვნელობას არ ანიჭებს დაავადების პირველ ნიშნებს:
- მოძრაობის კოორდინაციის უმნიშვნელო დარღვევა;
- სახის, ხელებისა და ფეხების დაბუჟება;
- წამოხურების შეგრძნება;
- ოფლიანობა;
- გაძლიერებული გულისცემა;
- პირის სიმშრალე;
- მეტყველების მოშლა;
- თავბრუსხვევა.
და რამდენიმე საათი ელოდება, სანამ ყველაფერი თავისით გაივლის. შედეგად კი იკარგება ძვირფასი დრო.
ინსულტის მკურნალობა
არსებობს სისხლძარღვების თერაპია (ისეთი პრეპარატების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვინის მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებას), ჟანგბადის თერაპია, აღდგენითი მკურნალობა, და ასევე რეაბილიტაცია, რაც ერთ– ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მკურნალობაში (სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია, მასაჟი).
ჩვენს კლინიკაში წარმატებით ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი.
ადეკვატური თერაპიის ჩასატარებლად საჭიროა ზუსტი დიაგნოზი. ამისთვის აუცილებელია განისაზღვროს თავის ტვინის დაზიანების კერის, სისხლძარღვოვანი პათოლოგიური პროცესის (რომელიც განაპირობებს პაციენტის ნევროლოგიურ სიმპტომატიკას) ხასიათი და ლოკალიზაცია, ასევე იშემიის ზონაში კოლატერალური სისხლის მიმოქცევის ანატომიური მონაცემები ნებისმიერ შენარჩუნებულ გზებზე.
იშემიური ინსულტის კვლევებში გამოიყენება:
- ექსტრაკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია;
- თავის ტვინის სისხლძარღვების ანგიოგრაფია.
თრომბოლიზური თერაპია
ეს არის მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თავის ტვინის კონკრეტული სისხლძარღვის რეკანალიზება, ანუ ხდება სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს ინსულტის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას . ჩვენს კლინიკაში ინსულტის მკურნალობაში ასევე დანერგილი გვაქვს ენდოვასკულარული ქირურგიის მეთოდებით მართვა ,კერძოდ კი დახშული სისხლძარღვიდან თრომბის მექანიკური მეთოდით ,სისხლძარღვში კათეტერით შესვლის გზით ამოღება .
თუმცა ,აღსანიშნავია ,რომ ამ მეთოდების გამოყენება შესაძლებელია მწვავე დაწყებიდან მხოლოდ რამოდენიმე საათის განმავლობაში , შემდგომ კი ყალიბდება შეუქცევადი ცვლილებები და მათ გამოყენებას აზრი ეკარგება .
გადატანილი ინსულტის შემდგომ მკურნალობის პრინციპები კი მედიკამენტურ თერაპიას და რეაბილიტაციის მეთოდების გამოყენებას ეფუძნება , რომელთა შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენს კლინიკაში ,ნევროლოგთან , უფასო გასინჯვის აქციის დროს ,ყოველ პარასკევს, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/nevrologia/20
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!