კისრის ოსტეოქონდროზი - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით, ვარ 35 წლის მამაკაცი. მაქვს ოსტეოქონდროზი, ჯერ ვერ მოვახერხე მკურნალობა, ყოველ საათში ერთხელ მაინც კისრის სხვადასხვა მხარეს მოძრაობით და დატკაცუნებით ტკივილი მეშვება დროებით ( წელის არეშიც მაქვს თიაქარი, ტომოგრაფიით დადასტურდა). ბოლო დაახლობით ერთი წელია დროგამოშვებით ტკივილი დამიწყო მარცხენა თვალმა, ატკივების, დაჭიმვის დროს თვალზე ხელის დაჭერით, ჩაწოლით, თვალის მოზელით (ამ დროს თვალი გამოსცემს უცნაურ ხმას, რაღაც წკაპუნის ან ჭყაპუნის მაგვარს) მიქრება ტკივილი. შესაძლებელია თუ არა ეს იყოს ოსტეოქონდროზის ბრალი? ან რა შეიძლება იყოს. მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ოსტეოქონდროზი ხერხემლის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება მალებისა და იოგების დეფორმაცია, მათზე წანაზარდების (კალციფიკატების) წარმოქმნა, მალთაშუა სივრცის შევიწროვება.
მისი მუდმივი სიმპტომია თავის ტკივილი. ის, ჩვეულებრივ, კეფის არეში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა. ძლიერდება კისრის მოძრაობისას, უმეტესად - დილაობით, ან ერთი და იგივე მდგომარეობაში მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ. ეს მოვლენები შეიძლება იყოს ცალმხრივიც და ორმხრივად სიმეტრიულიც.
მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია სათანადო კვლევების ჩატარება, რათა გამოვლენილი იქნას შინაგანი ორგანოების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, რადგან ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი უკუნაჩვენებია მაღალი წნევის, სისხლძარღვოვანი კრიზების, აქტიური ანთებითი პროცესის დროს.
მხედველობის დაქვეითება შეიძლება, განვიხილოთ მის ერთ–ერთ სიმპტომად, თუმცა, თვალის ტკვილი, ოსტეოქონდროზს როგორც წესი არ ახასიათებს.
რა არის ჩივილის გამომწვევი მიზეზი, მიმოწერის რეჟიმში ვერ განვსაზღვრავთ.
დიაგნოსტირებისთვის კი, უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა