კოქსართროზი

კითხვა: მოგესალმებით, დაახლოებით ათი დღეა, დამეწყო ტკივილები მარცხენა ფეხის მენჯ-ბარძაყის საძრავში და გადადის ბარათის ზედა მარცხენა ნაწილში, ტკივილი თავს მახსენებს გვიან ღამით, საშინელი დაწვის შეგრძნება მაღვიძებს კიდეც. მუცლის მარცხენა მხარეს დამემჩნა ვენები. იქნებ მირჩიოთ, ვის მივმართო და რაზე შეიძლება მეტყველებდეს ჩემი ჩივილები. მადლობა!
პასუხი:

მოგესალმებით, ბარძაყის ტკივილი გავრცელებული პრობლემაა, რაც შეიძლება ბევრმა მდგომარეობამ გამოიწვიოს. ბარძაყის ტკივილის ზუსტი მდებარეობის დადგენამ დიაგნოსტიკური თვალსაზრისით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს.

ბარძაყის სახსრის პრობლემებმა შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ბარძაყის შიდა მხარეს ან საზარდულის არეში. ბარძაყის ტკივილი გარეთა მხარეს, მაგალითად თეძოს ზედა ნაწილში ან დუნდულებზე გამოწვეულია იმ კუნთების, მყესების, იოგების და სხვა რბილი ქსოვილების დაზიანებით რაც გარს აკრავს ბარძაყის სახსარს.
ბარძაყის ტკივილს ზოგჯერ სხეულის სხვა მიდამოებში, მაგალითად წელის ქვედა ნაწილში ან მუხლებში არსებული პრობლემები იწვევს. შესაძლოა თქვენი პრობლემა უკავშირდებოდეს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დისტროფიულ (დეგენერაციულ) დაავადებას–კოქსართროზს.
ყველაზე ხშირად სახსრის ცვლილებებს იწვევს:

სახსრის გადატვირთვა - პროფესიული, სპორტული, ყოფითი და სხვა; სასახსრე ხრტილის სისტემური მიკროტრავმები; ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზიები და სტატიკის დარღვევა - სკოლიოზი, ბრტყელტერფიანობა და სხვა, რაც, როგორც წესი, ცვლის სასახსრე ზედაპირის კონგრუენტულობას; ასევე მნიშვნელოვანია სახსრის ტრავმა; სიმსუქნე.
კოქსართროზის დროს მენჯ-ბარძაყის არეში ტკივილი ძლიერდება მოსვენებული მდგომარეობიდან აქტიურში გადასვლისას, ხოლო სახსრის გახურების შემდეგ მცირდება.
კოქსართროზის დიაგნოზს ადვილად სვამენ რენტგენოლოგიური კვლევის საშუალებით. რენტგენოგრამაზე ჩანს სახსრის ნაპრალის შევიწროება, ძვლის სტრუქტურის შეცვლა (სკლეროზი, ძვლოვანი წარმონაქმნები) და სხვა. ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული კომპლექსური თერაპია უდავოდ იძლევა ეფექტს. შესაბამისად გირჩევთ, ნუ გადადებთ ვიზიტს ტრავმატოლოგთან, რომელიც სრულფასოვნად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე აქციას, რომელიც ითვალისწინებს ტრავმატოლოგთან უფასო ვიზიტს.ჩაწერისათვის დაგვიკავშირით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა