მოგესალმებით. კუდუსუნი ხერხემლის ყველაზე ქვედა ზონაა, რომელიც 4-5 განუვითარებელი, უმოძრაო მალისგან შედგება. ამ ძვლის დაზიანება მხოლოდ ტრავმული ზემოქმედებით არის შესაძლებელი.
თქვენს შემთხვევაში შესაძლოა, საქმე ეხებოდეს კუდუსუნის მოდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობას ან დაჭიმულობას. ხოლო თუ ტკივილი დღითიდღე იმატებს, არც კუდუსუნის ძვლის მოტეხილობაა გამორიცხული.
დაჟეჟილობასაც და მოტეხილობასაც ერთი და იგივე კლინიკური ნიშნები ახასიათებს – დისკომფორტი და ტკივილი კუდუსუნის მიდამოში. შესაძლოა, გამოვლინდეს მცირედი შესივება და იმბიბიციაც (ქსოვილების სისხლით გაჟღენთა).
პირველადი დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია, ჩატარდეს რენტგენოგრაფიული კვლევა, რათა გამოირიცხოს მოტეხილობა და დაინიშნოს მკურნალობის სწორი მეთოდი, რომელიც დიაგნოზის მიხედვით სხვადასხვაა.
გთხოვთ, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ თქვენს ტრავმას, რადგან კუდუსუნის მოტეხილობამ შესაძლოა, გამოიწვიოს სწორი ნაწლავის დაზიანებაც! მითუმეტეს, მოერიდეთ მედიკამენტებითა და მალამოებით თვითმკურნალობას.
შეგიძლიათ, თქვენი სურვილისამებრ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას ობიექტურად და დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ კვლევებს, ამის შემდეგ კი შეარჩევს მკურნალობის შესაბამის კურსს.
მადლობას გიხდით ნდობისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!