კითხვა: გთხოვთ მომწერეთ რით ვუმკურნალო პიგმენტურ ლაქებს. ყოველ წელს ვმკურნალობ და გაზაფხულზე ისევ თავიდან მიჩნდება.
პასუხი:

მოგესალმებით,
პიტირიაზი კანის სოკოვანი დაავადებაა. ის უმთავრესად კანის ზედაპირულ, რქოვანა შრეს აზიანებს.
პიტირიაზი გადამდები დაავადებაა, იგი უმთავრესად ტანისამოსის, თეთრეულის, პირსახოცის მეშვეობით გადაედება, ზოგჯერ – სამკაულის მეშვეობითაც.
დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობს და მწვავე მოვლენები არ ახასიათებს. მისი ძირითადი სიმპტომი მცირე ზომის (დაახლოებით ერთთეთრიანის ოდენა) მომრგვალო, მოყავისფრო-მოთეთრო მკვეთრ საზღვრებიანი ლაქებია, რომლებიც ზოგჯერ იქერცლება, ზოგჯერ კი შეერთების ტენდენციას ამჟღავნებს. გამონაყარი უმთავრესად ტანის ზედა ნაწილზე – მხრებზე, გულმკერდზე, კისერსა და ზურგზე ჩნდება. პროცესი ერთეული ლაქების გაჩენით იწყება; თუ პაციენტმა არ იმკურნალა, ლაქები შესაძლოა გამრავლდეს, გაიზარდოს და კანის უფრო და უფრო დიდი არეები მოიცვას. ზამთრობით ეს დაავადება “იმალება”, ნაკლებად არის გამოხატული (რადგან ტემპერატურა დაბალი და ადამიანი მაინცდამაინც არ ოფლიანდება), ხოლო ზაფხულობით, როცა მისი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობებია, ხელახლა იჩენს თავს.
ხელშემწყობი ფაქტორები მაღალი ტემპერატურა და ოფლიანობაა. ამავე ნუსხას შეგვიძლია მივაკუთვნოთ გარემოს მაღალი ტენიანობა, ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, კუშინგის დაავადება), ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა, კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა, მალნუტრიცია (არასრულფასოვანი კვება), იმუნური სისტემის დაქვეითება და ის დაავადებები, რომელთა დროსაც ოფლის გამოყოფა იმატებს (მაგალითად, ტუბერკულოზი). კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია სინთეზური ქსოვილის სამოსის რეგულარული ტარება, ვინაიდან ის სხეულის გადახურებას და ოფლის ჭარბ გამოყოფას იწვევს.
მკურნალობის ხანგრძლივობა გამონაყარის ფართობზეა დამოკიდებული, საშუალოდ 3-4 კვირა გრძელდება და უმეტესად ეფექტურია. თუ დაზიანების კერები დიდი არ არის, ადგილობრივი საშუალებების დახმარებით გამონაყარი მთლიანად ალაგდება.
არსებობს სოკოს საწინააღმდეგო შემდეგი საშუალებები: მალამო, კრემი, ლოსიონი და აეროზოლი.
გირჩევთ, მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა