სავარაუდო ჯიბლიბო - ოფთალმოლოგია

კითხვა: გამარჯობა,სახის კანზე ბოლო 3 წლის განმავლობაში ნელ ნელა გამიზრდა თეთრი მრგვალი "რაღაცა" (ერთ ერთი დერმატოლოგის თქმით - ფიბრომაა და მხოლოდ ლაზერით შეიძლება მოშორდეს, მეორე დერმატოლოგის თქმით შეიძლება ნემსით იყოს გამოღებული), რომელსაც თუ მაგრად მივაჭერ გამოსდის თეთრი ვადაგასული უსითხო მშრალი კრემი/მალამო და არასასიამოვნო სუნი აქვს. ძალიან იშვიათად , ხანდახან მექავება ეს "რაღაც" , შეიძლება თუ არა ამ პრობლემის დიაგნოსტიკა და მოშორება თქვენთან და რა დაჯდება ეს?? ასევე მაქვს მარცხენა თვალზე ქვედა ქუთუთოზე გამოსული მუწუკივით პატარა "რაღაც" , ამის მიზეზი ნახევარი წლის წინ სამსახურში მომხვდა თვალში პატარა ხის ნაჭერი, შემდეგ ექიმთან ოკულისტთან რომ მივედი გამომიწერა წამალი მალამო მეოცილი , რომელსაც 2 კვირა ვიყენებ, მაგრამ არ მშველის.... შეგიძლიათ ამ პრობლემის დიაგნოსტიკა და მოშორება? და რა დამიჯდება ეს? ამ წერილს მივამაგრე 4 სურათი , გთხოვთ გაეცნოთ. ველი თქვენს პასუხს, პატივისცემით.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის გაკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ჯიბლიბო;
  • რა იწვევს ჯიბლიბოს;
  • რა არის მეიბომიტი;
  • რა არის მეიბომიტის გამომწვევი.

მიუხედავად იმისა, რომ ტექსტს თან დაურთეთ ფოტო მასალა, მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია.
სახის მადამოს პრობლემა და მისი დიფერენცირება, ფიბრომაა ეს თუ ცხიმგორვა, დერმატოლოგის პრეროგატივაა. გირჩევთ, თავი აარიდოთ მის გაღიზიანებას, რათა არ გამოიწვიოთ მისი დაინფიცირება და სამკურნალოდ მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. ამ ეტაპზე დერმატოლოგი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
რაც შეეხება თვალის მიდამოს, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვეულია დაზიანებისაგან, ერთი შეხედვით ჰგავს ჯიბლიბოს, რომელიც ქუთუთოს ხრტილის სისქეში არსებული მკვრივი კვანძია. ჯიბლიბოს იწვევს ქუთუთოს ცხიმოვანი ჯირკვლების ინფექცია. ამ ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევია სტაფილოკოკური ბაქტერია.
შესაძლოა, ეს იყოს ასევე მეიბომიტი, რომლის გამომწვევიცაა პარაზიტი დემოდექსი, რომელიც ქუთუთოს წამწამოვან კიდეში, ცხიმის ჯირკვლებთან დაკავშირებულ თმის ფოლიკულებში ბინადრობს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენი კლინიკის ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში, სადაც შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა