სუბფებრილური ტემპერატურა

კითხვა: გამარჯობა, ჩემს ვაჟს აქვს სხეულის მომატებული დაბალი ტემპერატურა 37.5 გრადუსამდე დღის შუა მონაკვეთში და ხანდახან თავის ტკივილი შუბლის არეში ცალ მხარეს. ჩაიტარა ყველა გამოკვლევა,ყველა ანალიზი იდეალური აქვს, რით შეიძლება იყოს გამოწვეული აღნისნული ჩივილი? მადლობას გიხდით.
პასუხი:

მოგესალმებით! მსგავსი ტემპარატურა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მრავალ დაავადებასთან. ერთმნიშვნელოვან პასუხს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვერ მოგცემთ. მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მოწოდება შეგვიძლია. 37-38°გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა იყოს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი დაავადების სიმპტომი. პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად - ინფექციურ და არაინფექციურ პათოლოგიებად დავყოთ.
ინფექციათაგან უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზი; ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ქრონიკული კერები - კბილის გრანულომა, წიაღების ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება.
ზოგჯერ სუბფებრილურ ტემპერატურას იწვევს რევმატიზმიც. სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევ არაინფექციურ მიზეზთაგან საყურადღებოა თირეოტოქსიკოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი და ეგრეთწოდებული ფიზიოლოგიური მიზეზები - მისი მიზეზი შეიძლება იყოს ემოციური და ფიზიკური დატვირთვა, საკვების მიღება, ცხელ შენობაში ყოფნა.
უნდა გამოირიცხოს შინაგანი ორგანოების (ფილტვები, თირკმელები, ყელი, კუჭ-ნაწლავების ტრაქტი) პათოლოგია, გაკეთდეს სისხლის ანალიზი, გამოირიცხოს უროლოგიური პრობლემა თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნა მაშინ შეიძლება სიცხე ნევროზული ხასიათის იყოს. გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, თერაპევტთან კონსულტაციის მიზნით. საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, თან იქონიეთ ჩატარებული კვლევის პასუხები. ამის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს სტომატოლოგის კონსულტაცია.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა