მოგესალმებით,
ტერფი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს. მიუხედავად ამისა, ტერფი ხშირად ზიანდება და მტკივნეულია სხვადასხვა ტიპის ტრავმის დროს. ტკივილი ხშირად გაურკვეველი წარმოშობისაა, თუმცა ცნობილია მისი ზოგიერთი მიზეზი. მაგალითად, ის შესაძლოა გამოიწვიოს რევმატულმა დაავადებამ, სტრუქტურულმა დეფორმაციამ, ფეხსაცმლის ტიპმა. ტერფის გავრცელებული პრობლემებიდან აღსანიშნავია:
- თითების მტკივნეული დეფორმაცია. უმეტესად ჩაქუჩისებრი თითი გვხვდება. ამ დროს თითი ტერფისკენ იხრება, სახსარი დიდდება და მაღლა იწევს. დაზიანების პირველი ნიშანია ტკივილი, რომელსაც ზოგჯერ კოჟიჟის წარმოქმნაც ახლავს თან. თითის ასეთი დეფორმაცია შესაძლოა წლების განმავლობაში მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარებით ან გენეტიკური ფაქტორით იყოს განპირობებული. ამ შემთხვევაში მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მოხერხებული ფეხსაცმლის ტარებას, რომელსაც თითებისთვის საკმაო სივრცე აქვს. შვების მომგვრელია სუპინატორიც;
- თითის ვალგუსური დეფორმაცია. გამომწვევი მთავარი ფაქტორი მაღალქუსლიანი და წვრილწვერიანი ფეხსაცმელია, – დეფორმაცია აღენიშნება 10-დან 8 ქალს, რომლებიც ასეთ ფეხსაცმელს მეტისმეტად ხშირად იცვამენ, – თუმცა არ გამორიცხავენ მის განვითარებაში მემკვიდრეობითი ფაქტორის, რევმატოიდული ართრიტისა და სხვა ანთებითი ართროპათიების როლს;
- სესამოიდიტი-სესამოიდური ძვალი წინა ტერფის შემადგენელი წყვილი მცირე ზომის ძვალია, რომელიც თითებს ტერფის ძირითად ნაწილთან აკავშირებს. ეს ძვლები ხშირად უზიანდებათ მოცეკვავეებსა და მორბენლებს. დაზიანებისთვის ტკივილი და ანთებაა დამახასიათებელი. სესამოიდიტი სწორედ სესამოიდური ძვლების ანთებაა;
- მეტატარზალგია - სიარულის დროს ტერფის წინა ნაწილის ტკივილია. მას იწვევს ტერფის ცხიმოვანი ქსოვილის განლევა, აქილევსის მყესის დაჭიმვა, ცუდად მორგებული ფეხსაცმელი;
- ტერფის ფასციიტი-ფასცია ქსოვილის თხელი ფენაა, რომელიც ფარავს ცალკეულ კუნთებს ან კუნთთა ჯგუფს. ტერფის ფასციიტი ქუსლისა და ტერფის ტკივილის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. ამ დროს პაციენტიები უჩივიან “პირველი ნაბიჯის” ტკივილს, უმთავრესად – დილაობით, ადგომისას. მოძრაობისას ტკივილი თანდათან მცირდება, ზოგჯერ სულ მთლად ქრება, მაგრამ ხელახლა იჩენს თავს უმოძრაო პერიოდის შემდეგ.
ტერფის ფასციიტის თანმხლები ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება ძუნძულის დროს. ხელით გასინჯვისას ტკივილს ამძაფრებს ქუსლის ძვლის ქვედა, მედიალურ წერტილზე ზეწოლა.
გირჩევთ, პირველ ეტაპზე, მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ყოველ ხუთშაბათს და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25.
საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ საჭირო სპეციალისტთან.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!