ვიზიტი უროლოგთან - უროლოგია

კითხვა: შეკითხვა მაქვს უროლოგთან.საშარდე მილიდან მაქვს გამონადენი თეთრი სითხე დაახლოებით 5 დღეა და მოშარდვისას ოდნავ მიჭირს სხვა არანაირი ნიშანი არ მაქვს. მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მამაკაცის სასქესო ორგანოდან ნებისმიერი სახის გამონადენი პათოლოგიურად მიიჩნევა და ექიმის კონსულტაციას მოითხოვს, ცხადია, თუ არ ჩავთვლით იმ ფიზიოლოგიურ პროცესს, როდესაც სქესობრივი აღგზნების დროს სასქესო ასოდან ჭარბი პროსტატის სეკრეტი გამოიყოფა – ეს ჩვეულებრივი, ფიზიოლოგიური მოვლენაა, თუ მას მუდმივი ხასიათი არ აქვს.
სასქესო ასოდან გამონადენის გამო ბევრი მოგვმართავს; ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური პრობლემაა. გამონადენი ყოველთვის შარდსადენი მილის ანთების, ურეთრიტის, შედეგია, თავად ურეთრიტს კი სხვადასხვა ეტიოლოგია აქვს. ჩვენ მათ ძირითადად ინფექციურ და არაინფექციურ ურეთრიტებად ვყოფთ.

ინფექციური ურეთრიტი

 გამომწვევის კვალობაზე, შესაძლოა იყოს:

  • სტაფილოკოკური;
  • გონოკოკური;
  • ტრიქომონოზული;
  • ქლამიდიური;
  • ურიაპლაზმური;
  • მიკოპლაზმური;
  • გარდნერელოზური;
  • ჰერპესული.

არაინფექციურთაგან ყველაზე ხშირია იატროგენული ურეთრიტი, როდესაც სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაცია, მაგალითად, კათეტერიზაცია, სადიაგნოსტიკო ცისტოსკოპია, შარდსადენი მილის ანთებას იწვევს. იშვიათად ტრავმულ ურეთრიტსაც ვხვდებით. ტრავმულზე ხშირია ალერგიული ურეთრიტი. ამ დროს, მართალია, ალერგენის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგრამ სხვა კლინიკური ნიშნებითა და გამოკვლევებით ვადგენთ, რომ საქმე ნამდვილად ალერგიულ ურეთრიტთან გვაქვს. არაინფექციური ურეთრიტის სახესხვაობაა ქიმიური ურეთრიტიც. წინათ შარდსადენი მილის ანთების სამკურნალოდ სხვადასხვა პრეპარატით გამორეცხვას მიმართავდნენ. ხშირად სწორედ ეს პრეპარატები იწვევდა შარდსადენი მილის მეორეულ დაზიანებას.
ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო გართულებაა სტრიქტურა – შარდსადენი მილის შევიწროება, რასაც შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვება.

შარდსადენი მილის სტრიქტურა

ურეთრიტების საკმაოდ გავრცელებული მოგვიანებითი გართულებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს როგორც მწვავე ურეთრიტმა, ისე მორეციდივემაც. ზოგჯერ, რა კარგადაც უნდა ვუმკურნალოთ მწვავე ურეთრიტს, ლორწოვანი გარსი მაინც ზიანდება და დაზიანებულ უბანში ლატენტურად, დიდხანს მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, რაც ამ ადგილებში ნაწიბურის ჩამოყალიბებას და შარდსადენი მილის შევიწროებას იწვევს.
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა