წელისა და მუხლების ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა.ვიმყოფები იტალიაში .ბოლო ერთი თვეა წელის არეში ვგძნობ ტკივილს და ასევე მუხლები მტკივა.რით შეძლებთ რომ დამეხმაროთ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა იწვევს წელის ტკივილს;
  • პათოლოგიები რომლებიც იწვევენ წელის ტკივილს;
  • მუხლის ტკივილის გამომწვევი მიზეზები.

წელის ტკივილი შეიძლება, დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს.
დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. მათ ჩამონათვალში შედის:

  • მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
  • საკვერცხეების ანთება, საშვილოსნოს პათოლოგიები;
  • მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
  • გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;
  • ვირუსული დაავადებები;
  • შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;
  • ზურგის ტვინის თიაქარი;
  • თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა.

რაც შეეხება მუხლების ტკვილს, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.

მუხლების ტკივილი

მუხლების ტკივილი მწვავე და სახსრის გადატვირთვის შედეგად მიღებულ დაზიანებებად იყოფა.
მწვავე დაზიანება ერთჯერადი ტრავმის შედეგად წარმოიშობა, ხოლო სახსრის გადატვირთვის დროს ტკივილის ინტენსივობა თანდათან იმატებს და იგი ტრავმასთან არ არის დაკავშირებული.
ყველაზე ხშირად ეს არის:

  • კუნთების სისუსტე;
  • კიდურის პათოლოგიური წყობა;
  • გადაძაბვით მიღებული ტრავმა;
  • ანთებითი ართროპათიები:
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ბურსიტი;
  • კვირისტავის ტენდინიტი.

გამომწვევ მიზეზებს შორისაა სახსრის ანთება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ისე გამოწვეული სხვა მიზეზებით – ტრავმები, იმუნური და მეტაბოლური დარღვევები.
მედიკამენტებზე რეკომენდაციას ვერ მოგცემთ, მითუმეტეს, არ ვიცით რა არის ჩივილის გამომწვევი მიზეზი.
რეკომენდაციის თვალსაზრისით შეგვიძლია, მხოლოდ გირჩიოთ:

  • თავი აარიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, თუმცა თუ ეს თავისთავად თქვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს (მაგალითად, მწოლიარე მოხუცის მოვლა) ,ცხადია მას ვერ გაექცევით, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ეცადეთ რამდენადმე შეიმსუბუქოთ ფიზიკური დატვირთვა.
  • დაწოლილ მდგომარეობაში, მუხლის ქვეშ ამოიდეთ ბალიშები, ასევე იძინეთ ზუგზე დაბალი ბალიშით ან მუცელზე, მოერიდეთ გვერდზე წოლას.

თუ ტკივილი შემაწუხებელია და აფერხებს ცხოვრების ნორმალურ რიტმს, შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილის შემამსუბუქებელი რომელიმე მედიკამენტი, რასაც რეცეტი არ დასჭირდება.
ასევე, თუ შეძლებთ, სასურველია, დეტალური გამოკითხვის და შეფასებისათვის მიმართოთ იმ ქვეყნის სპეციალისტს, სადაც ახლა იმყოფებით.

 

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა