ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში ონკოლოგიური პაციენტები მკურნალობენ ბრაქითერაპიით, რომელიც ღრუსშიგნითა რადიოთერაპიის სახელითაც არის ცნობილი.
იგი წარმოადგენს სხივური თერაპიის ერთ–ერთ მიმართულებას, რომლის მეშვეობითაც კიბოს მკურნალობა ხდება დარტყმითი (მაღალი) დოზით.
რა არის ბრაქითერაპია?
კიბოს ეროვნული მონაცემთა ბაზისთვის NCDB (National Cancer Database) და EMBRACE-სთვის (სამეცნიერო კვლევები კლინიკური შედეგის გაუმჯობესების მიზნით) ჩატარებული 2019 წლის კვლევის მიხედვით საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის პროცესში ბრაქითერაპიის ჩართულობა (დისტანციურ სხივურ თერაპიასთან ერთად) 22%–ით ზრდის ადგილობრივი კონტროლის ხარისხს (მცირდება რეციდივის ალბათობა), ხოლო 29%–ით ზრდის სიცოცხლის გადარჩენადობის მაჩვენებელს.
ბრაქითერაპია არის დასხივების ინვაზიური მეთოდი – პროცედურის დროს რადიაციული წყარო თავსდება პირდაპირ სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში. საბოლოო ჯამში მკურნალობის სრული კურსი მოიცავს 1–დან 5–მდე პროცედურას. პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პაციენტებში, ანუ პაციენტი კლინიკაში ყოვნდება მხოლოდ რამდენიმე საათით, შემდეგ ეწერება ბინაზე და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
მეტწილად ტარდება დისტანციურ სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში და ინიშნება ნეოადიუვანტურ, ადიუვანტურ, რადიკალურ და პალიატიურ რეჟიმში.
რა უნდა იცოდეთ ტექნიკურ აღჭურვილობაზე?
დეპარტამენტში პაციენტებს მკურნალობენ კომპანია Elekta-ს წარმოების უახლესი, 2019 წლის Flexitron-HDR მაღალი დოზის აპარატით, რომლის რადიაციულ წყაროს წარმოადგენს Iri-192. აპარატში მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ჩატვირთულია დაგეგმარების დახვეწილი, სწრაფი და ზუსტი 3D სისტემა.
ყველაზე თანამედროვე აპარატურაა, შესაბამისად, აღჭურვილია ახალი და კლინიკურად დახვეწილი აპლიკატორებით. სწორედ ულტრათანამედროვე აპლიკატორები აძლევს კლინიკის რადიაციულ ონკოლოგს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მოიცვას სიმსივნით დაზიანებული არე და დაიცვას სხვა ჯანმრთელი ორგანოები და სტრუქტურები.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ყოველი პროცედურის დაგეგმარება მიმდინარეობს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოსახულებების გამოყენებით. მხოლოდ ასეთი სრულყოფილი დაგეგმარებითაა შესაძლებელი IIB-IIIA-IIIB-IVA სტადიების კიბოს რადიკალური მკურნალობა.
ამ თანამედროვე მეთოდით რომელი ლოკალიზების სიმსივნეებს მკურნალობენ?
კლინიკაში მკურნალობენ ყველა ლოკალიზების სიმსივნეს, კერძოდ:
- კანის სიმსივნეები;
- ძუძუს კიბო;
- სარკომა;
- საშვილოსნოს ყელი, საშო, საშვილოსნოს ტანი, ვულვი;
- ანალური ნაწილისა და სწორი ნაწლავის ამპულარული ნაწილის კიბო;
- პროსტატის კიბო;
- ბრონქის კიბო;
- ენის, ტუჩის, ლოყის, ცხვირის წიაღების კიბო;
- საყლაპავის კიბო.
რა უნდა იცოდეთ ინვაზიურ მეთოდებზე?
წყაროს პოზიციის მიხედვით, ერთმანეთისგან განასხვავებენ 5 ინვაზიურ მეთოდს, რომლის დროსაც აპლიკატორის ჩადგმა ხდება უშუალოდ სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში ან მის სარეცელზე და კერძოდ:
- ღრუსშიგნითა–არხშიდა;
- ინტერსტიციური (ქსოვილშიდა);
- ინტრალუმინალური (სანათურში);
- ენდოვასკულური;
- კონტაქტური.
რატომ თვლიან რადიაციული ონკოლოგები ბრაქითერაპიას მკურნალობის ეფექტურ მეთოდად?
ამ მეთოდის მთავარი უპირატესობებია:
- მაღალი ბიოლოგიური ეფექტი, რაც მაღალი დოზის რადიაციის მიმართ კიბოს უჯრედის მგრძნობელობაში გამოიხატება;
- მინიმალური რადიაციული ტოქსიკურობა ირგვლივ მდებარე ჯანმრთელ ქსოვილებზე;
- სიმსივნის სრულყოფილი კონტროლის ეფექტური საშუალებაა;
- მინიმალური გვერდითი ეფექტები;
- მკურნალობის ზუსტი და ძალიან დახვეწილი სისტემაა;
- პროცედურის გამო პაციენტის ცხოვრების ყოველდღიური რიტმი არ ქვეითდება;
- ონკოლოგს კიბოს რეციდივის პრევენციაში ეხმარება.