ციფრული პეტ/კტ

პირველად საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი – PET/CT ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინსტალირდა.

Philips Vereos Digital PET/CT არის მსოფლიოში პირველი და ერთადერთი სრულად ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაიტარონ უმაღლესი ხარისხის, უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური კვლევა!

აქვე შეგახსენებთ, რომ პეტ/კტ კვლევა ტარდება თბილისის მერიის, ჯანდაცვის რეფერალური ფონდის , გამგეობებისა და ადგილობრივი რაიონული მუნიციპალიტეტების ფინანსური მხარდაჭერით , ასევე  კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს კერძო სადაზღვევო კომპანიებთან.

რა არის პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (პეტ/კტ)?

PET/CT არის ბირთვული მედიცინის ჰიბრიდული კვლევა. იგი აერთიანებს პოზიტრონულ ემისიურ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რომელთა მონაცემების შეჯამებით ვლინდება წარმონაქმნის ზუსტი ლოკალიზაცია და მისი მეტაბოლიზმი. სიმსივნური უჯრედები, ჯანმრთელ ქსოვილებთან შედარებით, გამოირჩევა გლუკოზის გაძლიერებული მეტაბოლიზმით, მეტაბოლური ცვლილებები კი, ყოველთვის წინ უსწრებს ანატომიურს.

კვლევა ტარდება რადიოაქტიური იზოტოპის (FDG – ფტორ18 ფლურო-დეოქსი-გლუკოზა) დახმარებით, რომელიც აკუმულირდება მეტაბოლურად აქტიურ უჯრედებში.

რადიოაქტიური იზოტოპით ხდება უჯრედში გლუკოზის „მონიშვნა“, რომელსაც დაშლის შემდგომ ახასიათებს პოზიტრონების ემისია (ე.წ. გამოსროლა). პოზიტრონების ელექტრონებთან ანიჰილაციის (ურთიერთქმედების) შედეგად სკანერის დეტექტორზე აისახება წარმოქმნილი გამა-გამოსხივება, რაც ორგანიზმის უჯრედებში მიმდინარე  მეტაბოლურ აქტივობაზე გვაწვდის ინფორმაციას.

პეტ/კტ-ს მეშვეობით შესაძლებელია ისეთი წარმონაქმნების გამოვლენა, რომლებიც არ ჩანს კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისა და სხვა რადიოლოგიური გამოკვლევების დროს.

სწორედ ამიტომ, პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია უალტერნატივო კვლევის მეთოდია ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.

პეტ/კატე–პოზიტრონები

 

ციფრული პეტ/კტ-ს  უპირატესობები „ანალოგურ“ აპარატებთან შედარებით:

  • გამოირჩევა ფოტონის ციფრული დათვლის ტექნოლოგიით.არეგისტრირებს ყველა უნიკალურ ფოტონს, რომელიც არსებობს უჯრედში იზოტოპის დაშლის შედეგად;
  • გამოსახულების მაღალი ხარისხი გაზრდილი მგრძნობელობის ხარჯზე;
  • გვაძლევს წარმონაქმნის ზუსტი აღწერის საშუალებას;
  • ავლენს ისეთი უმცირესი ზომის სიმსივნურ  კერებსაც კი, რომლებიც 2-3 მმ-ს არ აღემატება და ვერ დადგინდებოდა „ანალოგური“ აპარატის საშუალებით;
  • მოიხმარს იზოტოპის ნაკლებ დოზას, შესაბამისად, ციფრული PET/CT ნაკლებად მგრძნობიარეა მისი ნახევარდაშლის მიმართ და პაციენტი იღებს უმცირეს სხივურ დატვირთვას;
  • კვლევა ტარდება პაციენტისთვის მინიმალურ დროში.

ციფრული–პეტ–კტ–ანალოგური–პეტ–კტ

ამრიგად, Philips Vereos Digital PET/CT-ს უპირატესობები გვაძლევს საშუალებას, დავაფიქსიროთ  მილიმეტრული ზომის სიმსივნური წარმონაქმნები, რაც  ექიმს ონკოლოგიური დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებასა და მკურნალობის ტაქტიკის სწორად წარმართვაში ეხმარება.

PET/CT კვლევის ჩატარება ონკოლოგიურ შემთხვევათა 36%-ში ცვლის მკურნალობის ტაქტიკას!

 

რა შემთხვევაშია აუცილებელი პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება:

  1. სიმსივნის ზუსტი ანატომიური და ფუნქციური სურათის მისაღებად;
  2. ონკოლოგიური დაავადების გავრცელების ხარისხის დასადგენად (სტადირება/რესტადირება);
  3. მეტასტაზური პროცესის ან პარანეოპლაზიური სინდრომის დროს უცნობი პირველადი კერის დასადგენად;
  4. კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების დიფერენცირებისთვის;
  5. მკურნალობის (ონკოქირურგიული ჩარევის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის) ეფექტურობის შესაფასებლად;
  6. წარმონაქმნის ბიოფსიის ზუსტი ლოკალიზაციის შესარჩევად;
  7. ქირურგიული ჩარევისა და სხივური თერაპიის დასაგეგმად;
  8. პოსტოპერაციული ფიბროზული ქსოვილისა და რეციდივის დიფერენცირებისთვის;
  9. სიმსივნის რეციდივის ან განგრძობითი ზრდის დასადგენად, როცა კლინიკური და ანატომიური მონაცემები უარყოფითია (მაგალითად, მომატებული სიმსივნური მარკერების ფონზე);
  10. აუცილებელია როგორც დიაგნოსტირებისთვის პირველად ეტაპზე, ისე მკურნალობისა და მკურნალობის დასრულების შემდეგაც;
  11. ჰემატოლოგიაში ლიმფომების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

 პეტ–კატე–გადაღებული

როგორ ტარდება პროცედურა

პაციენტი ინტრავენურად იღებს იზოტოპს. ინექციიდან გადაღებამდე აუცილებელია დაყოვნება ერთი საათი. მთლიანი სხეულის გამოკვლევის მაქსიმალური დრო 20 წუთია. იზოტოპის დოზა არის მხოლოდ სადიაგნოსტიკო და გვერდითი ეფექტი არ გააჩნია. პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით  ფიქსირდება იზოტოპის  განაწილება ორგანიზმში. რაც მთავარია, პაციენტი ამ კვლევის პროცესში იღებს მხოლოდ უმცირეს სხივურ დატვირთვას.

 

ბირთვული მედიცინის დეპარტამენტში დაცულია რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ნორმები.

 

საერთაშორისო მხარდაჭერა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ემორის უნივერსიტეტის გრეიდის ჰოსპიტლის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი რაგუვერ ჰალკარი (Raghuveer K. Halkar). იგი 2019 წელს ჩამოსული იყო საქართველოში და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარადგინა მოხსენება, რომელიც თანამედროვე ონკოლოგიაში პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის როლს მიეძღვნა. ბირთვული მედიცინის ექიმ-სპეციალისტია შორენა ესიაშვილიმან ბირთვულ მედიცინაში საქმიანობა 2004 წელს, ამერიკაში, ემორის უნივერსიტეტის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტში დაიწყო, სადაც ერთ-ერთი პირველი პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი ფუნქციონირებდა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ონკოლოგიურ პაციენტებს მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს.

ჩვენს კლინიკაში ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის მეთოდი განისაზღვრება მულტიდისციპლინური მიდგომით. თითოეული პაციენტის შემთხვევა განიხილება ონკოკონსილიუმზე, ე.წ. Tumor Board-ის მიერ, ერთობლივი მსჯელობისა და დისკუსიის შედეგად.

კლინიკის ექიმებთან ერთად, ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის დაგეგმარებასა და წარმართვაში აქტიურად არიან ჩართულნი ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი – პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის „Genesis Care“-ის ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი-ერნანდესი.

პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის გარეშე, ონკოპაციენტებისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა წარმოუდგენელია!

დადასტურებული სიზუსტე იწვევს ნდობას. ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან ერთად კიბოს დამარცხება შესაძლებელია!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ექიმები

სიახლეები