ადელფანი ეზიდრექსი #10ტ

ადელფანი ეზიდრექსი #10ტ

ადელფანი ეზიდრექსი
reserpine + dihydralazine + hydrochlorothiazide

ფორმა, შეფუთვა: ტაბლეტები. 1 ტაბლეტი შეიცავს 100 მკგ რეზერპინს, 10 მგ ჰიდრატირებული დიჰიდრალაზინის სულფატს და 10 მგ ჰიდროქლორთიაზიდს. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 10-ტაბლეტიანი 2, 3, 5 ან 25 ბლისტერი.

შემადგენლობა: reserpine + dihydralazine + hydrochlorothiazide

მწარმოებელი: SANDOZ PRIVATE Limited, ინდოეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ადელფანი-ეზიდრექსი წარმოადგენს მოქმედების სხვადასხვა მექანიზმისა და ერთმანეთის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გამაძლიერებელი სამი ანტიპიჰერტენზიული კომპონენტის კომბინაციას. რეზერპინი იწვევს პოსტგანგლიონარული სიმპათიკური ნერვების დაბოლოებებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებული კატექოლამინების დეპოს გამოფიტვას, რის შედეგადაც დიდი ხნით ირღვევა კატექოლამინების დეპონირების უნარი. კატექოლამინების მარაგის განლევა იწვევს სიმპათიკურ ნერვთა დაბოლოებებში იმპულსის გადაცემის დარღვევას, რაც, თავის მხრივ, აქვეითებს სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსს, ამავე დროს, პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტიურობა არ იცვლება. ამგვარად, რეზერპინი აქვეითებს მომატებულ არტერიულ წნევას და ამცირებს გულის შეკუმშვის სიხშირეს. გარდა ამისა, რეზერპინი იწვევს სედაციურ ეფექტს, ასევე - სხვა ნეირომედიატორების, მაგალითად, სეროტონინის, დოფამინის, ნეიროპეპტიდებისა და ადრენალინის მარაგთა განლევას ცენტრალურ და პერიფერიულ ნეირონებში.

დიჰიდრალაზინის სულფატი არტერიული ვაზოდილატატორია. იგი აქვეითებს არტერიული სისხლძარღვების (უპირატესად არტერიოლების) გლუვი კუნთების ტონუსს და ამცირებს პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას. მეტწილად მცირდება წინააღმდეგობა გულის, თავის ტვინის, თირკმელებისა და სხვა შინაგანი ორგანოების სისხლძარღვებში, უფრო ნაკლებად - კანისა და ჩონჩხის კუნთების სისხლძარღვებში. არტერიოლების (და არა ვენულების) უპირატესი გაფართოება ამცირებს ორთოსტატიკური ჰიპოტონიის გამოხატულებას და ხელს უწყობს გულიდან გადმოსროლილი სისხლის მოცულობის მატებას. დიჰიდრალაზინის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში ნატრიუმისა და წყლის შეკავება, შესაბამისად, შეშუპება და დიურეზის შემცირება. ამ არასასურველი მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელია დიურეზული საშუალების, მაგალითად, ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული მიღების გზით. ჰიდროქლოროთიაზიდი, თიაზიდური დიურეზული კომპონენტი, აფერხებს ქლორისა და ნატრიუმის იონების რეაბსორბციას და აძლიერებს კალციუმის იონების რეაბსორბციას. შემკრები მილაკების კორტიკულ სეგმენტში ნატრიუმისა და წყლის იონების რაოდენობისა და/ან შეღწევის სიჩქარის ზრდა იწვევს სეკრეციის გაძლიერებას და კალიუმისა და წყალბადის იონების გამოდევნას.

ფარმაკოკინეტიკა: ორალური მიღების შემდეგ რეზერპინი სწრაფად შეიწოვება. მისი  სისტემური ბიოშეღწევადობა 50%-ს შეადგენს. ორალური მიღების შემდეგ დიჰიდრალაზინიც სწრაფად შეიწოვება. პლაზმაში პრეპარატი  იმყოფება უცვლელი დიჰიდრალაზინისა და ძირითადი ნივთიერების მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი ჰიდროზონული ნივთიერებების სახით. ორალური მიღების შემდეგ ჰიდროქლოროთიაზიდის 60-80% შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1,5-3 საათის შემდეგ. საკვების ზემოქმედებით შეწოვის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება არ ხდება. თერაპიული დოზების ფარგლებში ჰიდროქლოროთიაზიდის სისტემური ბიოშეღწევადობა დაახლოებით დოზის პირდაპირპროპორციულია. რეზერპინის Vd (განაწილების შედარებითი მოცულობა) საშუალოდ 9,1 ლ/კგ-ს შეადგენს. პლაზმის ცილებს (ალბუმინები და ლიპოპროტეინები) უკავშირდება 96%-ზე მეტი. ჰიდროქლოროთიაზიდი გროვდება ერითროციტებში.

გამოდევნის ფაზაში მისი კონცენტრაცია ერითროციტებში 3-9-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე პლაზმაში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 40-70%. Vდ ტერმინალურ ფაზაში 3-6 ლ/კგ-ს უდრის. რეზერპინი ნაწლავებსა და ღვიძლში მეტაბოლიზდება. ძირითადი მეტაბოლიტებია მეთილრეზერპატი და ტრიმეტოქსიბენზოლის მჟავა. დიჰიდრალაზინის მეტაბოლიზება ხდება უმეტესად ჟანგვის, ჰიდრაზონების წარმოქმნის, აცეტილირების გზით. მის ერთადერთ მეტაბოლიტს წარმოადგენს 2-ამინო-4-ქლორი-M-ბენზენდისულფონამიდი. რეზერპინისა და მისი მეტაბოლიტების პლაზმიდან გამოდევნა ორ ფაზად ხდება. I ფაზის T1/2 ნახევრად გამოდევნის პერიოდი  4,5 საათს შეადგენს, II ფაზისა - 271 საათს. შეუცვლელი ნივთიერების ნახევრად გამოდევნის პერიოდი საშუალოდ 33 საათს უტოლდება. პრეპარატის საერთო კლირენსი კი საშუალოდ 245 მლ/წთ-ია. პრეპარატის ორალური მიღების შემდეგ პირველი 96 საათის განმავლობაში დოზის 8% გამოიდევნება შარდთან ერთად, ძირითადად მეტაბოლიტის სახით, ხოლო 62% - განავალთან ერთად, ძირითადად უცვლელი სახით. შეუცვლელი დიჰიდრალაზინის T1/2 საშუალოდ 4 საათს შეადგენს. საერთო კლირენსი - საშუალოდ 1450 მლ/წთ-ს. პრეპარატის ორალური მიღების შემდეგ დოზის 46% გამოიდევნება 24 საათის განმავლობაში, უპირატესად მეტაბოლიტების სახით, ძირითადად განავალთან ერთად, ხოლო მიღებული დოზის 0,5% - შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.

პლაზმიდან ჰიდროქლოროთიაზიდის გამოდევნა ორფაზიანია: საწყისი ფაზის T1/2 2 საათს შეადგენს, ხოლო ბეტა-ფაზისა - დაახლოებით 10 საათს. თირკმელების ნორმალური ფუნქციობის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატის გამოდევნა მხოლოდ მათი მეშვეობით ხდება. მთლიანობაში მიღებული დოზის 50-70% გამოიდევნება შარდთან ერთად შეუცვლელი სახით. ჰიდროქლოროთიაზიდის კლირენსი ხნიერ და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში არსებითად მცირდება, რასაც მოსდევს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა. თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ დიჰიდრალაზინის კუმულაცია. თირკმელების უკმარისობისას რეზერპინის გამოდევნა შენელებულია, რაც კომპენსირდება განავალთან ერთად მისი გამოდევნის ზრდით. ამ შემთხვევაში ორგანიზმში პრეპარატის დაგროვების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ადელფანი-ეზიდრექსის ერთჯერადი დოზის კორექტირება ან დოზებს შორის ინტერვალების გაზრდა, არტერიული წნევის დინამიკისა და ამტანობის გათვალისწინებით.

ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: მიღებულ უნდა იქნეს ჭამის დროს წყლის მიყოლებით. დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. მკურნალობა იწყება მინიმალური დოზით, რომელიც შესაძლოა თანდათან გაიზარდოს იმისდა მიხედვით, თუ როგორ იტანს მკურნალობას ავადმყოფი. სადღეღამისო დოზა, ჩვეულებრივ, 1-3 ტაბლეტია, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 3 ტაბლეტი. პრეპარატი მიღებულ უნდა იქნეს დღე-ღამეში 2-3-ჯერ. თუ არტერიული წნევის ადეკვატური კონტროლის მიღწევა ვერ ხერხდება, უნდა გადაისინჯოს მკურნალობის მეთოდი - შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის პრეპარატზე გადასვლა. ხანდაზმულ ავადმყოფებში, აგრეთვე იმ ავადმყოფებში, რომელთაც ღვიძლის ფუნქციის დარღვევები და/ან თირკმელების ფუნქციის სუსტად გამოხატული დარღვევები აქვთ, პრეპარატის ერთჯერადი დოზისა და ინტერვალის დადგენა უნდა მოხდეს სიფრთხილით, მკურნალობაზე მიღებული კლინიკური პასუხისა და ამტანობის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები: ადელფან-ეზიდრექსში ძირითადი კომპონენტები უფრო მცირე დოზებით შედის, ვიდრე თითოეული კომპონენტი ცალკე აღებულ პრეპარატებში (ეს პრეპარატები ინიშნება ცალ-ცალკე არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ). მიუხედავად ამისა, შესაძლოა შემჩნეულ იქნეს არასასურველი მოვლენები, რომლებიც დამახასიათებელია პრეპარატის ცალკეული კომპონენტებისთვის.

რეზერპინი: დიარეა, პირის სიმშრალე, კუჭის წვენის სეკრეციის მომატება, ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა, სინუსური ბრადიკარდია, შეშუპება, თავბრუხვევა, დეპრესია, გაღიზიანება, კოშმარები, მომატებული დაღლა, სხეულის მასის მომატება;

დიჰიდრალაზინის სულფატი: ტაქიკარდია, გულისცემა, თავის ტკივილი;

ჰიდროქლოროთიაზიდი (უპირატესად - მაღალი დოზების მიღებისას): ჰიპოკალიემია, სისხლში ლიპიდების დონის მომატება;

დერმატოლოგიური რეაქციები: ჭინჭრის ციება, სხვა სახის გამონაყარი კანზე, სენსიბილიზაცია.

უკუჩვენება:

-დეპრესია (ამჟამად ან ანამნეზში);
-
პარკინსონის დაავადება, ეპილეფსია, ელექტროკრუნჩხვითი თერაპია;
-
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, წყლულოვანი კოლიტი, ფეოქრომოციტომა, თანადროული ან არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარებული მკურნალობა მაო-ინჰიბიტორებით;
-
სისტემური წითელი მგლურა (იდიოპათიური);
-მკვეთრი ტაქიკარდია და გულის უკმარისობა სისტოლური მოცულობის შემცირებით;
-
გულის უკმარისობა მექანიკური შეფერხების (მაგალითად, აორტული ან მიტრალური სტენოზის კონსტრუქციული პერიკარდიტის) ფონზე;
-
იზოლირებული მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობა ფილტვის ჰიპერტენზიის (ფილტვური გული) შედეგად;
-
ანურია, მძიმე ფორმის თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი - 30 მლ/წთ-ზე ნაკლები).
-
ღვიძლის უკმარისობა, რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპერურიკემია კლინიკური გამოვლინებით;
-
ორსულობა და ლაქტაცია;
-მომატებული მგრძნობიარობა რეზერპინისა და მსგავსი ნივთიერებების, დიჰიდრალაზინის ან სხვა ჰიდრაზინოფტალაზინების, ჰიდროქლოროთიაზიდის ან სხვა სულფონამიდური წარმოებულების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილი ავადმყოფებისთვის არ შეიძლება დიჰიდრალაზინის დანიშვნა ინფარქტის შემდგომი სტაბილიზაციის პერიოდის დასრულებამდე. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე კორონარული და ცერებრალური ათეროსკლეროზით დაავადებულებისთვის ადელფანი-ეზიდრექსის დანიშვნისას. ქვემოთ მოყვანილი სიფრთხილის ზომები ეხება არა მხოლოდ ცალკეულ კომპონენტებს, არამედ მთლიანად პრეპარატს - ადელფანი-ეზიდრექსს. ვინაიდან რეზერპინი ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკასა და სეკრეციას, სიფრთხილეა საჭირო ისეთ ავადმყოფებში მისი გამოყენებისას, რომელთაც ანამნეზში აქვთ მონაცემები კუჭის წყლულის შესახებ, აგრეთვე - ეროზიული გასტრიტისა და ნაღველკენჭოვანი დაავადების, გულის უკმარისობის, სინუსური ბრადიკარდიის, გამტარობის დარღვევათა მქონე ავადმყოფებში და მათში, ვინც ცოტა ხნის წინ მიოკარდის ინფარქტი გადაიტანა. დეპრესიის ნიშნების აღმოცენებისას პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რადგან არსებობს სუიციდური ქმედებების რისკი. ასეთი მოქმედება შესაძლოა შენარჩუნდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგაც კი რამდენიმე თვის განმავლობაში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფისთვის პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში საჭიროა მდგომარეობის რეგულარული კონტროლი. არსებობს მოსაზრება, რომ თიაზიდური დიურეზულების მიღებისას შესაძლოა გამწვავდეს სისტემური წითელი მგლურას სიმპტომები, ამიტომ თუ მგლურას სინდრომის კლინიკურმა გამოვლინებებმა იჩინა თავი, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ოპერაციამდე რეზერპინის მიღების შეწყვეტა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ოპერაციის მსვლელობისას არ წარმოიშობა ჰემოდინამიკის არასტაბილურობა. მნიშვნელოვანია, ანესთეზიოლოგმა იცოდეს, რომ ავადმყოფი იღებს რეზერპინს და გაითვალისწინოს ეს. არსებობს მონაცემები, რომ თიაზიდური დიურეზულებით მკურნალობას თან სდევს ჰიპოკალიემიის, ჰიპონატრიემიის და ჰიპოქლორემიული ალკალოზის განვითარება. დიდი დოზებით გამოყენებისას თიაზიდურმა დიურეზულებმა შესაძლოა გამოიწვიოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება და პლაზმაში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება. თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის მკვეთრი დარღვევების მქონე ავადმყოფებში აუცილებელია ერთჯერადი დოზის ან შეყვანის ინტერვალის კორექტირება არტერიული წნევის დინამიკის გათვალისწინებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეუცვლელი აქტიური ნივთიერების კუმულაცია. ადელფანი-ეზიდრექსმა შესაძლოა შეასუსტოს სწრაფი რეაქციის უნარი, განსაკუთრებით - მკურნალობის დასაწყისში. ისევე, როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიური პრეპარატების დანიშვნისას, პაციენტები, რომლებიც მართავენ სატრანსპორტო საშუალებებსა და მექანიზმებს, გაფრთხილებულ უნდა იქნენ რეაქციის შესაძლო შენელების შესახებ.

ზედოზირება: ადელფანი-ეზიდრექსის დოზის გადაჭარბებისას მოსალოდნელია: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ძილად მივარდნა, ცნობიერების დარღვევა, კომა, ექსპტრაპირამიდული დარღვევები, კრუნჩხვები, პარესთეზიები, მდგრადი მიოზი, გულისრევა, ღებინება, დიარეა. არსებობს აგრეთვე ინფორმაცია ტაქიკარდიის, არტერიული ჰიპოტენზიის, კოლაფსის განვითარების შესახებ, ზოგჯერ - მიოკარდიუმის იშემიის შესახებ ისეთი გამოვლინებებით, როგორიც არის სტენოკარდია და არითმია. შესაძლოა თავი იჩინოს სუნთქვის გაძნელებამ, წყალ-ელექტროლიზური ბალანსის რღვევამ, კუნთების სისუსტემ, კუნთების (განსაკუთრებით - წვივის კუნთების) გაკავებამ, ოლიგურიამ. თუ ავადმყოფი აცნობიერებს ვითარებას, საჭიროა ღებინების გამოწვევა და/ან კუჭის გამორეცხვა, აგრეთვე აქტივირებული ნახშირის მიღება. თუ ადგილი აქვს არტერიულ ჰიპოტენზიას, საჭიროა ავადმყოფის დაწვენა ზემოთ აწეული ქვედა კიდურებით; ნაჩვენებია პლაზმის შემცვლელების შეყვანა და ელექტროლიზური დარღვევების კორექცია; საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ვაზოაქტიური საშუალებების ფრთხილად შეყვანა. დიარეის შემთხვევაში შეჰყავთ ანტიქოლინერგული საშუალება. კრუნჩხვის შემთხვევაში ნაჩვენებია კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება, მაგალითად, დიაზეპამის ინტრავენური შეყვანა. სუნთქვის მკვეთრი გაძნელების შემთხვევაში ნაჩვენებია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარება. პაციენტზე დაკვირვება საჭიროა არანაკლებ 72 საათს, რადგან რეზერპინის მოქმედება პროლონგირებულია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ადელფანი-ეზიდრექსის ჰიპოტენზიურ ეფექტს აძლიერებს სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთად მიღება. მოსალოდნელია აგრეთვე პრეპარატის  ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებული  ურთიერთობები.

რეზერპინი: აუცილებელია მაო-ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტა რეზერპინით თერაპიის დაწყებამდე სულ ცოტა 14 დღით ადრე; თუ იგეგმება მაო-ინჰიბიტორების დანიშვნა პაციენტისთვის, რომელიც რეზერპინს იღებდა, რეზერპინის შეწყვეტის შემდეგ ასევე უნდა გავიდეს 14 დღე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ჰიპერაქტიურობა და ჰიპერტონიული კრიზი. რეზერპინი აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების, ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატის, ბარბიტურატებისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების დამთრგუნველ გავლენას. ასუსტებს ლევოდოფას მოქმედებას. რეზერპინისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა შეამციროს რეზერპინის ჰიპოტენზიური მოქმედება. რეზერპინის მიღებამ ანტიარითმიულ პრეპარატებთან ან სათითურას პრეპარატებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს სინუსური ბრადიკარდია. რეზერპინს შეუძლია გააძლიეროს ადრენალინისა და სხვა სიმპტომური ნივთიერებების ეფექტი (საჭიროა სიფრთხილე ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ცხვირის წვეთებთან, თვალის წვეთებთან ერთად მიღებისას).

დიჰიდრალაზინის სულფატი: ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ნეიროლეფსიური საშუალებებისა და ეთანოლშემცველი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გააძლიეროს დიჰიდრალაზინის ჰიპოტენზიური მოქმედება. დიჰიდრალაზინის დანიშვნამ დიაზოქსიდის დანიშვნამდე ან დანიშვნისთანავე შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე მაო-ინჰიბიტორების დანიშვნისას, როცა პაციენტი დიჰიდრალაზინს იღებს.

ჰიდროქლოროთიაზიდი: ჰიდროქლოროთიაზიდისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული მიღებისას შესაძლოა სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება, ამიტომ აუცილებელია სისხლში ლითიუმის დონის რეგულარული კონტროლი. დიურეზულებით გამოწვეული ჰიპოკალიემიური ეფექტი შესაძლოა გააძლიეროს გლუკოკორტიკოსტეროიდების, აკტჰ-ის, ამფოტერიცინის, კარბენოქსოლონის იმავდროულმა მიღებამ. ჰიპოკალიემიას და ჰიპომაგნიემიას შეუძლია ხელი შეუწყოს გულის რიტმის დარღვევათა განვითარებას ავადმყოფებში, რომლებიც საგულე გლიკოზიდებს იღებენ. ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებისას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინისა და პერორალური შაქრის შემცველი პრეპარატების დოზის კორექტირება. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების იმავდროულმა დანიშვნამ შესაძლოა შეამციროს ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული, ნატრიურეზული, ანტიჰიპერტენზიული ეფექტები. თიაზიდური დიურეტიკების იმავდროულმა მიღებამ შესაძლოა გაზარდოს ალოპურინოლზე მომატებული მგრძნობიარობის რეაქციების განვითარების რისკი, გაზარდოს ამანტადინის გვერდითი ზემოქმედების რისკი, გააძლიეროს დიაზოქსიდის ჰიპერგლიკემიური ეფექტი, შეამციროს ციტოტოქსიკური საშუალებების თირკმლისმიერი ექსკრეცია და გააძლიეროს მათი მიელოსუპრესიული ზემოქმედება. ანტიქოლინერგიულ პრეპარატებს შეუძლია გაზარდოს ჰიდროქლოროთიაზიდის ბიოშეღწევადობა, რაც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მამოძრავებელ აქტიურობასა და კუჭის დაცლის სიჩქარესთან. ჰიდროქლოროთიაზიდის D ვიტამინთან ან კალციუმის პრეპარატებთან ერთად მიღებამ შესაძლოა სისხლში კალციუმის დონის მომატება გამოიწვიოს. ციკლოსპორინის ერთდროული მიღება ზრდის ჰიპერურიკემიისა და ნიკრისის რისკს. არსებობს ცნობები ჰემოლიზური ანემიის განვითარების შესახებ ჰიდროქლოროთიაზიდისა და მეთილდოპის პრეპარატების ერთდროული მიღებისას.

შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისია 4 წელი.