კორგლიკონი
(CORGLYCONUM)
ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე სითხე ოდნავ მოყვითალო ფერის, სუსტი სპეციფიური სუნით;
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს 0.0006 გ კორგლიკონს;
დამხმარე ნივთიერებები: ქლორობუტანოლჰიდრატი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა. საინექციო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები. საგულე გლიკოზიდები.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. კორგლიკონი შროშანას გლიკოზიდების ნარევია. კორგლიკონის ძირითად ფარმაკოდინამიკურ ეფექტებს წარმოადგენს დადებითი ინოტროპული, უარყოფითი დრომოტროპული და ქრონოტროპული ეფექტები. საგულე გლიკოზიდები აძლიერებენ გულის სისტოლურ შეკუმშვას, ახანგრძლივებენ დიასტოლას, ანელებენ გულის რითმს, აქვეითებენ გულის გამტარი სისტემის აგზნებადობას. მიოკარდის კუმშვადობის გაძლიერება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. კორგლიკონის გულზე მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოს სტიმულირებასთან და მიოკარდში კატექოლამინების დონის მომატებასთან, რაც დადებით ინოტროპულ ეფექტს იწვევს. გარდა ამისა, კორგლიკონის ზეგავლენით მცირდება ფოსფოდიესთერაზას აქტივობა, რაც იწვევს ციკლური ადენოზინმონოფოსფატის მატებას.
ფარმაკოკინეტიკა. კორგლიკონი ღვიძლში ბიოტრანსფორმაციას განიცდის, მაგრამ ორგანიზმიდან მისი გამოყოფა შეიძლება შეიცვალოს სანაღვლე გზების ფუნქციის დარღვევისას. ასეთ შემთხვევებში იზრდება კორგლიკონის ექსკრეცია შარდთან ერთად. პრეპარატის კუმულაცია შეიძლება წარმოიქმნას მხოლოდ ნაღვლისა და შარდის გამოყოფის სერიოზული დარღვევების არსებობისას ავადმყოფის ორგანიზმში, რომელსაც გულის უკმარისობა აწუხებს. ფარმაკოლოგიური ეფექტი ვითარდება 3-5 წუთში პრეპარატის ვენაში შეყვანის შემდეგ, მოქმედების მაქსიმუმი აღინიშნება 25-30 წუთის შემდეგ.
გამოყენების ჩვენებები. გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, წინაგულების ციმციმის ტაქისისტოლური ფორმა, სუპრავენტრიკულარული პაროქსიზმული ტაქიკარდიის სამკურნალოდ.
გამოყენების წესი და დოზები. კორგლიკონი შეჰყავთ ვენაში. შეყვანა ტარდება ნელა 5-6 წუთის განმავლობაში, 10-20 მლ გლუკოზის 20% ან 40% ხსნარით 1-2-ჯერ დღე-ღამეში. მოზრდილებში შეიყვანება ერთჯერადი დოზით 0.5-1 მლ, 2-5 წლის ბავშვებში – 0.2-0.5 მლ, 6-12 წლის ბავშვებში – 0.5-0.75 მლ. დღე-ღამეში ორჯერ შეყვანისას ინექციებს შორის ინტერვალი უდრის 8-10 საათს.
უმაღლესი დოზები მოზრდილებისათვის ვენაში: ერთჯერადი – 1.0 მლ, დღე-ღამის – 2.0 მლ.
გვერდითი მოქმედება. იშვიათია ალერგიული რეაქციები. კორგლიკონის სხვა გვერდითი ეფექტები ძირითადად დაკავშირებულია მის ჭარბ დოზასთან ან პაციენტის ჰიპერმგრძნობელობასთან საგულე გლიკოზიდების მიმართ.
უკუჩვენებები. კორგლიკონის გამოყენება არ შეიძლება გულისა და სისხლძარღვების მნიშვნელოვანი ორგანული ცვლილებების, ენდოკარდიტის, ადამს-სტოქს-მორგანის სინდრომის, გლიკოზიდური ინტოქსიკაციის, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, II და III ხარისხის AV-ბლოკადის, გამოხატული ბრადიკარდიის, ჰიპერკალციემიის, ჰიპოკალიემიის, იზოლირებული მიტრალური სტენოზის, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის, კაროტიდული სინუსის სინდრომის, გულმკერდის აორტის ანევრიზმის, WPW სინდრომის დროს, მიოკარდის ინფარქტის მწვავე პერიოდში.
ჭარბი დოზა. კორგლიკონის ჭარბი დოზის სიმპტომები (გლიკოზიდური ინტოქსიკაციის) სხვადასხვანაირია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმიები, მათ შორის ბრადიკარდია, AV-ბლოკადა, პარკუჭოვანი ტაქიკარდიები ან ექსტრასისტოლია, პარკუჭების ფიბრილაცია. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ანორექსია, ღებინება, გულისრევა, დიარეა. ცნს-სა და გრძნობის ორგანოების მხრივ: თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, იშვიათად – გარშემო მყოფი საგნების ხედვა მწვანე და ყვითელ ფერებში, მხედველობის დაქვეითება, მაკრო- და მიკროფსია, ძალიან იშვიათად – გონების დაბინდვა, სინკოპალური მდგომარეობები.
მოწამვლის მკურნალობა. არითმიის წარმოქმნისას ვენაში წვეთოვანი სახით შეიყვანება 2-2.4 გ კალიუმის ქლორიდი 10 ერთ. ინსულინით 500 მლ გლუკოზას 5% ხსნარში (შეყვანა წყდება სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციისას 5 მექვ/ლ). კალიუმის შემცველი საშუალებები უკუნაჩვენებია წინაგულოვან-პარკუჭოვანი გამტარობის დარღვევისას. გამოხატული ბრადიკარდიისას ინიშნება ატროპინის სულფატის ხსნარი. ნაჩვენებია ოქსიგენოთერაპია. როგორც დეზინტოქსიკაციის საშუალება ასევე ინიშნება უნითიოლი სქემის მიხედვით. არტერიული წნევის დაწევისას – ტრანსფუზიური თერაპია.
გამოყენების განსაკუთრებულობანი. თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დარღვევისას აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების პრევენციისათვის.
გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების შესაძლებლობა ასევე მატულობს ჰიპოკალიემიის, ჰიპომაგნიემიის, ჰიპერკალციემიის, გულის ღრუების გამოხატული დილატაციის, ალკალოზის დროს, ხანდაზმულ ადამიანებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ადრენომიმეტური საშუალებები. ეფედრინის ჰიდროქლორიდთან, ადრენალინის ჰიდროქლორიდთან ან ნორადრენალინის ჰიდროტარტრატთან, ასევე სელექტიური ბეტა-ადრენომიმეტურ საშუალებებთან ერთად საგულე გლიკოზიდების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის არითმიის განვითარება.
ამინაზინი და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულები. საგულე გლიკოზიდების მოქმედება მცირდება.
ანტიქოლინესთერაზული პრეპარატები. ანტიქოლინესთერაზული პრეპარატებისა და საგულე გლიკოზიდების ერთად გამოყენებისას ძლიერდება ბრადიკარდია. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი შეჩერება ან შესუსტება ატროპინის სულფატის შეყვანით.
გლუკოკორტიკოსტეროიდები. გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად ჰიპოგლიკემიის განვითარებისას შესაძლებელია საგულე გლიკოზიდების არასასურველი ეფექტების მომატება.
დიურეზული საშუალებები. დიურეზული საშუალებებისა (იწვევენ ჰიპოკალიემიას და ჰიპომაგნიემიას, მაგრამ სისხლში ზრდიან კალციუმის იონების კონცენტრაციას) და საგულე გლიკოზიდების ერთად გამოყენებისას ძლიერდება საგულე გლიკოზიდების მოქმედება. მათი ერთად გამოყენებისას უნდა მოხდეს ოპტიმალური დოზირების დაცვა. პერიოდულად შეიძლება დაინიშნოს კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულები (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), რომლებიც ამცირებენ ჰიპოკალიემიას, თუმცა ამ დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპონატრიემია.
კალიუმის პრეპარატები. კალიუმის პრეპარატების ზეგავლენით საგულე გლიკოზიდების არასასურველი ეფექტები მცირდება.
კალციუმის პრეპარატები. საგულე გლიკოზიდებით მკურნალობისას კალციუმის პრეპარატების პარენტერალური გამოყენება სახიფათოა, ვინაიდან ძლიერდება კარდიოტოქსიკური ეფექტები (გულის არითმიები და სხვ.).
ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას დინატრიუმის მარილი. აღინიშნება საგულე გლიკოზიდების ეფექტურობისა და ტოქსიკურობის შემცირება.
კორტიკოტროპინის პრეპარატები. საგულე გლიკოზიდების მოქმედება კორტიკოტროპინის ზეგავლენით შეიძლება შემცირდეს.
ქსანტინის წარმოებულები. კოფეინისა და თეოფილინის პრეპარატები ზოგჯერ ხელს უწყობს გულის არითმიის განვითარებას.
ნატრიუმის ადენოზინტრიფოსფატი. ნატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის საგულე გლიკოზიდებთან ერთად დანიშვნა არ შეიძლება.
ერგოკალციფეროლი. ერგოკალციფეროლით გამოწვეული ჰიპერვიტამინოზის დროს შესაძლებელია საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერება, რომელიც განპირობებული იქნება ჰიპერკალციემიის განვითარებით.
ნარკოტიკული ანალგეზიურები. ფენტანილისა და საგულე გლიკოზიდების კომბინაციამ შეიძლება ჰიპოტენზია გამოიწვიოს.
ნაპროქსენი. ჯანმრთელ ადამიანებში საგულე გლიკოზიდებისა და ნაპროქსენის ერთად გამოყენება არ მოქმედებს ფსიქოლოგიური ტესტირების შედეგებზე.
პარაცეტამოლი. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა საკმარისად შესწავლილი არ არის, მაგრამ არსებობს მონაცემები პარაცეტამოლის ზეგავლენით თირკმელებით საგულე გლიკოზიდების გამოყოფის შემცირების შესახებ.
შენახვის პირობები და ვადა. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა – 3 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტით.
შეფუთვა. 1 მლ ამპულებში, 10 ამპულა კოლოფში.