კვადრიცა 10
(QUADRICA 10)
ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: ლიზინოპრილი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მკრთალი ვარდისფერი (კვადრიცა 10) და თეთრი ან მოთეთრო ფერის (კვადრიცა 20), მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები, ნაზოლითა და ჭდით.
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: ლიზინოპრილს – 10 მგ ან 20 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, საღებავი კარმოიზინი (კვადრიცა 10), ტიტანის დიოქსიდი (კვადრიცა 20).
გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტი, 10 მგ ან 20 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰიპერტენზიული საშუალება. აგფ ინჰიბიტორი. C09AA03.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კვადრიცა წარმოადგენს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს, რომელიც ხასიათდება ჰიპოტენზიური მოქმედებით. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტს და თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას. ლიზინოპრილის მოქმედების ფონზე მცირდება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა, პრე- და პოსტდატვირთვა გულზე, იზრდება გულის წუთმოცულობა მისი შეკუმშვათა სიხშირის ცვლილების გარეშე, მცირდება არტერიული წნევა.
ლიზინოპრილის მოქმედების ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 24 სთ-ს.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას ლიზინოპრილი აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს
20-50%. პრეპარატის Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 7 სთ-ში. იგი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 სთ-ს. ლიზინოპრილი გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით.
ჩვენება:
- არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულური);
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (პაციენტებში სტაბილური ჰემოდინამიური მაჩვენებლებით, პირველ დღეებში);
- დიაბეტური ნეფროპათია.
მიღების წესი და დოზირება:
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს: საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი _ 20 მგ-ს დღეში ერთხელ, მაქსიმალური დღიური დოზა _ 40 მგ-ს.
ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა და წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა. პრეპარატის სრული თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს: ლიზინოპრილით მკურნალობა იწყება მცირე დოზით. მისი შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5-20 მგ/დღეში. გულის უკმარისობის დროს შესაძლებელია ლიზინოპრილის, დიურეზული საშუალებების და გლიკოზიდების კომბინაცია.
თირკმლის უკმარისობის დროს: პრეპარატის საწყისი დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დგინდება არტერიული წნევის მაჩვენებლებით (თირკმლის ფუნქციის, სისხლის პლაზმაში კალიუმის და ნატრიუმის კონტროლით).
კვადრიცა ინიშნება დღეში ერთხელ დილას, ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.
გვერდითი მოვლენები:
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება;
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის მაჩვენებლების შემცირება, ცალკეულ შემთხვევაში ედს-ის მომატება;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება;
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალემია, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მაჩვენებლების მატება (განსაკუთრებით თირკმლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულური ჰიპერტენზიის ფონზე).
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ანგიონევროზული შეშუპება აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი, აზოტემია, ჰიპერკალემია, პირველადი ალდოსტერონიზმი, აორტის სტენოზი და სისხლის მიმოქცევის დაბრკოლება, კვინკეს შეშუპება.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში დაუშვებელია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ლიზინოპრილისა და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), აგრეთვე კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში). აღნიშნული კომბინაციები ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ.
ლიზინოპრილის და დიურეზული ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სინერგიული ჰიპოტენზიური ეფექტი.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებენ კვადრიცას ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
კვადრიცამ შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში _ შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია.
ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბება იწვევს არტერიულ ჰიპოტენზიას.
მკურნალობა: წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა, საჭიროებისას _ სიმპტომური თერაპია.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I და II ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.
გამოყენების თავისებურებები:
ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა წყლის და ელექტროლიტების დანაკარგის კომპენსირება.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს, სალურეზული საშუალებებით და ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
კვადრიცათი მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.