ამეტაზონი კრემი 0,1%
შემადგენლობა:
კრემის 1გ შეიცავს 1 მგ მომეტაზონის ფუროატს. აგრეთვე, საღებავი ნივთიერების სახით შეიცავს ტიტანის დიოქსიდს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
მომეტაზონის ფუროატი წარმოადგენს კორტიკოსტეროიდს, რომელსაც აშკარა ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, ვაზოკონსტრიქციული და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
კორტიკოსტეროიდები თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ გამოყოფილი სტეროიდული ჰორმონები და მათი სინთეზური ანალოგებია. ფარმაკოლოგიური დოზებით, ისინი გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიული ეფექტების გამო. მათი ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ვაზოკონსტრიქტორული თვისებების გამო, ადგილობრივად გამოყენებული კორტიკოსტეროიდები ეფეტურია კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე დერმატოზების დროს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების კანიდან შეწოვის მასშტაბები მრავალი ფაქტორით განისაზღვრება, მათ შორისაა შემავსებელი საშუალება და ეპიდერმული ბარიერის მთლიანობა.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების შეწოვა შესაძლებელია როგორც დაუზიანებელი, ისე დაზიანებული კანიდან. კანიდან შეწოვის თანაფარდობა პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების, ეპიდერმისის მთლიანობის და ნახვევის არსებობის მიხედვით იცვლება.
მომეტაზონის ფუროატის 0,1%-იანი კრემის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, სისტემური აბსორბცია მინიმალურია. გამოყენებული დოზის, დაახლოებით, 0,4% დაუზიანებელი კანის ცირკულაციაში ხვდება. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის შეწოვის შემდეგ, იგი იმავე ფარმაკოკინეტიკურ პროცესებს ექვემდებარება, რასაც სისტემური კორტიკოსტეროიდები, და პლაზმის ცილებს სხვადასხვა თანაფარდობით უკავშირდება. მომეტაზონის ფუროატის მეტაბოლიზმი, ძირითადად, ღვიძლში მიმდინარეობს, ხოლო გამოყოფა თირკმელების საშუალებით ხდება.
დაავადებულ კანზე წასმული მომეტაზონის ფუროატის ეფექტები გამოკვლეულია და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის ნანახი.
ჩვენებები:
ამეტაზონი კრემი ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე დერმატოზების, როგორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, დერმატიტი (მაგალითად, ატოპიური დერმატიტი), ანთებითი და ქავილის გამოვლინებების სამკურნალოდ.
უკუჩვენებები:
ამეტაზონი კრემი უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერსენსიტიურობის ისტორიის მქონე პაციენტებში.
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:
თუ ამეტაზონის გამოყენებისას გაღიზიანება და სენსიტიზაცია განვითარდა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და შესაბამისი თერაპია დაინიშნოს.
ინფექციის განვითარების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს სათანადო სოკოს საწინააღმდეგო ან ანტიბაქტერიული საშუალებები. თუ სასიკეთო პასუხი მაშინვე არ გამოვლინდა, კორტიკოსტეროიდი უნდა მოიხსნას, სანამ ინფექცია ადეკვატურად კონტროლირებადი არ გახდება.
ხშირია ადგილობრივი და სისტემური ტოქსიკურობა, განსაკუთრებით, ხანგრძლივი უწყვეტი გამოყენებისას დაზიანებული კანის დიდ ფართობებზე, მოხრის ადგილებში და პოლითენის ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას. თუ გამოიყენება ბავშვებში ან სახის არეში, კურსი 5 დღით უნდა შემოიფარგლოს, ამასთან, ოკლუზიური საფენები არ უნდა გამოიყენოთ. უნდა ერიდოთ ხანგრძლივ უწყვეტ თერაპიას, მიუხედავად პაციენტის ასაკისა.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების სისტემურმა აბსორბციამ შესაძლებელია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა (HPA) ღერძის შექცევადი დათრგუნვა გამოიწვიოს, მკურნალობის შემდეგ გლუკოკორტიკოსტეროიდების უკმარისობის შესაძლებლობით. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბციის გამო, ზოგიერთ პაციენტში, აგრეთვე, შეიძლება კუშინგის სინდრომის გამოვლინებები, ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია განვითარდეს მკურნალობის პერიოდში.
საერთოდ, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ღერძის ფუნქციის აღდგენა, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების შეწყვეტისას, სწრაფად ხდება. იშვიათად, გლუკოკორტიკოიდების უკმარისობის ნიშნების და სიმპტომების გამო, შეიძლება დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდები გახდეს საჭირო.
ინფორმაცია პაციენტებისთვის
- პრეპარატი ექიმის მითითებებისამებრ უნდა გამოიყენოთ. იგი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს.
- პრეპარატი მხოლოდ იმ დაავადებისთვის გამოიყენეთ, რომლისთვისაც დაგენიშნათ.
- კანის დამუშავებული უბანი არ შეიხვიოთ და სხვაგვარად არ დაფაროთ ოკლუზიური სახვევით, თუ ამას ექიმი არ გეტყვით.
- პედიატრიული პაციენტების მშობლებს უნდა ერჩიოთ, ამეტაზონის კრემი საფენით გამოწვეული დერმატიტის სამკურნალოდ არ გამოიყენონ. ამეტაზონი კრემის წასმა საფენის უბნებში არ შეიძლება, ვინაიდან საფენები ან პლასტიკური მასალის ტრუსები ოკლუზიურ სახვევს წარმოადგენს.
- სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად, თერაპია უნდა შეწყდეს, როდესაც კონტროლი მიიღწევა. თუ 2 კვირაში გაუმჯობესება არ შეინიშნება, მიმართეთ ექიმს.
- ამეტაზონის კრემთან ერთად კორტიკოსტეროიდების შემცველი სხვა პროდუქტების გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.
- მოერიდეთ მზის სხივებს, სერიოზული დამწვრობის საფრთხის გამო.
კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, ნაყოფიერების დარღვევა
ამეტაზონი კრემის კანცეროგენული და მუტაგენური პოტენციალის შესაფასებლად გრძელვადიანი კვლევები ცხოველებზე არ ჩატარებულა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის კატეგორია: C
ორსულებში ადგილობრივად გამოყენებული კორტიკოსტეროიდების ტერატოგენული ეფექტების შესახებ ადეკვატური და მკაცრად კონტროლირებული კვლევები არ არსებობს. ამიტომ, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება ორსულობის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ პოტენციური სარგებელი ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს ამართლებს.
უცნობია კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისტემური შეწოვა საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ დედის რძეში განსაზღვრადი რაოდენობა აღმოჩნდეს. ვინაიდან ბევრი წამალი გამოიყოფა დედის რძეში, მეძუძურ დედებში ამეტაზონი კრემის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
გამოყენება პედიატრიაში
კანის ზედაპირის ფართობის სხეულის მასასთან მაღალი თანაფარდობის გამო, ბავშვები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ვიდრე მოზრდილები.
ბავშვებში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება მკურნალობის ეფექტური შედეგების მომცემი მინიმალური დოზებით უნდა მოხდეს.
გამოყენება გერიატრიაში
კლინიკურმა კვლევებმა გამოავლინა, რომ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხრივ, სხვაობა ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ იყო. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს ზოგიერთი ხანდაზმული პირის უფრო მაღალი მგრძნობელობა.
გვერდითი ეფექტები/არასასურველი რეაქციები:
ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამეტაზონს გვერდითი ეფექტები არ აქვს, თუ ოკლუზიური საფენები არ გამოიყენება. თუმცა სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მსგავსად, ხანგრძლივად დიდი რაოდენობით ან დიდ ფართობზე გამოყენებას შედეგად შეიძლება გვერდითი ეფექტების განვითარებისთვის საკმარისი აბსორბცია მოჰყვეს. კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება, გაღიზიანება, სიმშრალე, კანის ატროფია, სტრიები და ნაოფლი გამოყენების უბანზე.
მოულოდნელი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
წამლებთან ურთიერთქმედება:
წამლებთან ურთიერთქმედებები არ არის დაფიქსირებული.
დოზები და გამოყენება:
კანის დაზიანებულ უბნებზე უნდა წაესვას ამეტაზონი კრემის თხელი აპკი, დღეში ერთხელ.
ამეტაზონის კრემთან არ უნდა გამოიყენოთ ოკლუზიური ნახვევები, თუ ამას ექიმი არ გეტყვით. იგი არ უნდა წაესვას საფენის უბნებზე, თუ ბავშვს ჯერ კიდევ საფენები ან პლასტიკური მასალის ტრუსები სჭირდება, ვინაიდან ისინი ოკლუზიურ ნახვევებს წარმოადგენენ.
განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების რეაქციები არ არის დაფიქსირებული.
ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი ამეტაზონი კრემი შეიძლება საკმაო რაოდენობით შეიწოვოს და სისტემური ეფექტები გამოიწვიოს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოშვების ფორმა:
ამეტაზონი კრემი გამოდის 30 გ-იანი ტუბის სახით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
რეგისტრაციის მფლობელი
BILIM PHARMACEUTICALS
Bilim Plaza, Kaptanpasa Mah.
Zincirlikuyu Cad. No: 184, 34440
Beyoglu-Istanbul Turkey
www.bilimpharma.com
მწარმოებელი
BILIM PHARMACEUTICALS
Gebze Organize Sanayi Bolgesi
1900 Sokak, No: 190441480
Gebze-Kocaeli/Turkey