ავასტინი 400მგ/16მლ #1ფლ

ავასტინი 400მგ/16მლ #1ფლ

ავასტინი 400მგ/16მლ #1ფლ
(bevacizumab)
 

ფორმა, შეფუთვა:
1. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი გამჭვირვალე, უფერული ან ღია ყავისფერი კონცენტრატი. 1 მლ შეიცავს 25 მგ, 1 ფლაკონი კი 100 ან 400 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში მოთავსებულ ფლაკონში ასხია 4 მლ ან 16 მლ ავასტინი.

შემადგენლობა:
ბევაციზუმაბი (bevacizumab)

მწარმოებელი:
F.Hoffmann-La Roche, Ltd (შვეიცარია),  GENENTECH, Inc, აშშ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი; მონოკლონური ანტისხეულები

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ავასტინი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატია. იგი წარმოადგენს რეკომბინირებულ ჰიპერქიმერულ (ადამიანთან მიახლოებულ) მონოკლონურ ანტისხეულს, რომელიც არჩევითად უკავშირდება სისხლძარღვის ენდოთელიუმის ბიოლოგიურად აქტიურ ზრდის ფაქტორს (VEGF) და ანეიტრალებს. ავასტინი ახდენს ენდოთელური უჯრედის ზედაპირზე VEGF-ის მის რეცეპტორებთან კავშირის ინჰიბირებას (შებოჭვას), რაც ამცირებს ვასკულარიზაციას და აფერხებს სიმსივნის ზრდას.
ბევაციზუმაბი მიიღება ჩინური ზაზუნას სათესლე ჯირკვლების დნმ-ს რეკომბინაციის გზით. იგი შეიცავს 214 ამინომჟავას და მისი მოლეკულური მასა დაახლოებით 149 ათასი დლტონის ტოლია. სიმსივნური დაავადებების, მათ შორის ნაწლავის კოლინჯის, სარძევე ჯირკვლის, პანკრეასისა და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს ბევაციზუმაბის შეყვანა თრგუნავს დაავადებების მეტასტაზების პროგრესირებას და აქვეითებს მიკროსისხლძარღვოვან გამავლობას. ქიმიოთერაპიის პარალელურად ავასტინის დანიშვნა პირველი რიგის თერაპიის სახით უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ ქიმიოთერაპია, თანაც ეს ეფექტურობა არ არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე, სქესზე, საერთო მდგომარეობაზე, პირველადი სიმსივნის ლოკალიზაციაზე, დაზიანებული ორგანოების რაოდენობასა და დაავადების ხანგრძლივობაზე.

ფარმაკოკინეტიკა:
1-10 მგ/კგ-ის დიაპაზონში ბევაციზუმაბის ვენაში შეყვანისას მისი ფარმაკოკინეტიკა 90 წუთის განმავლობაში ხაზოვანია. ყოველ 1, 2 ან 3 კვირაში ერთხელ ბევაციზუმაბის 1-10 მგ/კგ დოზით შეყვანისას Vd ქალისთვის 2,66 ლ-ს შეადგენს, მამაკაცისთვის კი - 3,25 ლ-ს. 125I ბევაციზუმაბის  ვენაში ერთჯერადი შეყვანის შემდეგ მისი მეტაბოლური მახასიათებლები IgG -ის მოლეკულის მახასიათებლების ანალოგიურია. ქალებში ბევაციზუმაბის კლირენსი 0,207 ლ/დღ-ს შეადგენს, მამაკაცებში - 0,262 ლ/დღ-ს. Vდ და კლირენსი შეესაბამება საწყის T1/2-ს, რომელიც შეადგენს 1,4 დღეს და საბოლოო თ1/2-ს, რომელიც ქალებისთვის 20 დღეს უტოლდება, ხოლო მამაკაცებისთვის - 19-ს, ეს კი შეესაბამება ადამიანის ენდოგენური IgG -ის საბოლოო T1/2-ს (18-23 დღე).

ჩვენება:

  • მეტასტაზური კოლორექტალური კიბო (ქიმიოთერაპიასთან (ფტორპირიმიდინის წარმოებულები) კომბინირებულად);
  • სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად მორეციდივე ან მეტასტაზური კიბო (პირველი რიგის თერაპიის სახით პაკლიტაკსელთან კომბინირებულად);
  • ფილტვების გავრცობილი არაოპერირებადი, მეტასტაზური ან მორეციდივე არაბრტყელუჯრედული არაწვრილუჯრედული კიბო (პირველი რიგის თერაპიის სახით ქიმიოთერაპიის (პლატინის პრეპარატები) პარალელურად);
  • გავრცელებული და/ან მეტასტაზური თირკმელუჯრედული კიბო (პირველი რიგის თერაპიის სახით ინტერფერონ ალფა-2 A-სთან კომბინირებულად).

დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
ავასტინის შეყვანა შეიძლება მხოლოდ ვენაში წვეთოვნად. ასეპტიკური პირობების ზედმიწევნით დაცვის პირობებში სათანადო ოდენობის ავასტინს ხსნიან ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან სტერილურ, აპიროგენულ ხსნარში (საერთო მოცულობა უნდა შეადგენდეს 100 მლ-ს). მიღებულ ხსნარში ბევაციზუმაბის კონცენტრაცია უნდა იყოს 1,4-16,5 მგ/მლ. ავასტინის საწყისი დოზა შეჰყავთ ვენაში ინფუზიის სახით 90 წუთის განმავლობაში ქიმიოთერაპიის შემდეგ. მომდევნო დოზის შეყვანა შეიძლება ქიმიოთერაპიამდე ან მის შემდეგ. თუ პირველი ინფუზია პაციენტმა კარგად გადაიტანა, მეორე ინფუზია შესაძლებელია განხორციელდეს 60 წუთის განმავლობაში. თუ პაციენტმა 60-წუთიანი ინფუზიაც კარგად გადაიტანა, შესაძლებელია, ყველა მომდევნო ინფუზია 30 წუთის განმავლობაში იქნეს წარმოებული.

არ არის რეკომენდებული ბევაციზუმაბის დოზის შემცირება არასასურველი თანამოვლენების გამო. აუცილებლობის შემთხვევაში ავასტინით მკურნალობა უნდა შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს. მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს დროს პირველი რიგის თერაპიის სახით უნდა გაკეთდეს ავასტინის ვენისშიგა ინფუზია - 5 მგ/კგ 2 კვირაში ერთხელ, ხანგრძლივად ან 7,5 მგ/კგ 3 კვირაში ერთხელ, ხანგრძლივად; მეორე რიგის თერაპიის სახით - 10 მგ/კგ 2 კვირაში ერთხელ, ხანგრძლივად, ან 15 მგ/კგ 3 კვირაში ერთხელ, ასევე ხანგრძლივად.
დაავადების პროგრესირების შემთხვევაში ავასტინით თერაპია უნდა შეწყდეს.

სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად მორეციდივე ან მეტასტაზური კიბოს შემთხვევაში ინიშნება 10 მგ/კგ ავასტინის ვენისშიგა ინფუზია 2 კვირაში ერთხელ ან 15 მგ/კგ 3 კვირაში ერთხელ ხანგრძლივად. დაავადების პროგრესირების შემთხევაში პრეპარატით თერაპია წყდება.
ფილტვების გავრცობილი არაოპერირებადი, მეტასტაზური ან რეციდიული არაბრტყელუჯრედოვანი არაწვრილუჯრედოვანი კიბოს შემთხვევაში ავასტინი ინიშნება პლატინის პრეპარატებით წარმოებული ქიმიოთერაპიის (ქიმიოთერაპიის მაქსიმალური ხანგრძლივობა 6 თვეა) პარალელურად, შემდეგ კი ავასტინით მკურნალობა გრძელდება მონოთერაპიის სახით. დაავადების პროგრესირების შემთხვევაში თერაპია წყდება.

რეკომენდებული დოზები:

  • 7,5 მგ/კგ ავასტინი 3 კვირაში ერთხელ ვენისშიგა ინფუზიის სახით ცისპლატინის საფუძველზე წარმოებული ქიმიოთერაპიის პარალელურად;
  • 15 მგ/კგ ავასტინი 3 კვირაში ერთხელ ვენისშიგა ინფუზიის სახით კარბოპლატინის საფუძველზე წარმოებული ქიმიოთერაპიის პარალელურად.

თირკმელუჯრედოვანი გავრცობილი და/ან მეტასტაზური კიბოს დროს ინიშნება 10 მგ/კგ ავასტინის ვენისშიგა ინფუზია 2 კვირაში ერთხელ ხანგრძლივად. დაავადების პროგრესირების შემთხვევაში თერაპია წყდება. 65 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის ავასტინის დოზის კორექცია აუცილებლობას არ წარმოადგენს. ავასტინი არ შეიცავს ანტიმიკრობულ კონსერვანტებს, ამიტომ ხსნარის მომზადებისას აუცილებელია სტერილურობის დაცვა და მისი დაუყოვნებლივ გამოყენება. თუ ხსნარი მომზადდა სპეციალურ ასეპტიკურ პირობებში, მისი შენახვა შესაძლებელია არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში 2-80C გრადუს ტემპერატურაზე.
მზა ხსნარი ქიმიურ და ფიზიკურ სტაბილურობას 2-30C ტემპერატურაზე 48 საათის განმავლობაში ინარჩუნებს. ფლაკონში დარჩენილი გამოუყენებელი გამხსნელი უნდა განადგურდეს.

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის პერფორაცია, სისხლდენა (ფილტვისმიერი სისხლდენა/სისხლიანი ხველა - ხშირია ფილტვების არაწვრილუჯრედოვანი არაბრტყელუჯრედოვანი კიბოს დროს), არტერიული თრომბოემბოლია. არტერიული წნევის მატება და პროტეინურია დოზადამოკიდებულ ხასიათს ატარებს. პაციენტები, რომლებიც მხოლოდ ავასტინით მკურნალობენ, ხშირად უჩივიან არტერიული წნევის მატებას, სისუსტეს ან ასთენიას, დიარეას, გულისრევას და მუცლის ტკივილს. ქვემოთ ჩამოთვლილია ავასტინით მკურნალობის (როგორც მონოთერაპიის დროს, ისე ქიმიოთერაპიასთან კომბინირების შემთხვევაში) შესაძლო გვერდითი მოვლენები სისტემების მიხედვით:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა: არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული თრომბოემბოლია (მათ შორის - მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა), ღრმა ვენების თრომბოზი, გულის ქრონიკული უკმარისობა, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, სისხლდენა;
  • სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ფებრილური ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გემოს გაუკუღმართება, მუცლის ტკივილი, დიარეა, შეკრულობა, რექტალური სისხლდენა, სტომატიტი, ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია, ნაწლავის გაუვალობა, გულისრევა, ღებინება;
  • სასუნთქი სისტემის მხრივ: ფილტვისმიერი თრომბოემბოლია, ჰიპოქსია, ცხვირიდან სისხლდენა, ქოშინი, რინიტი;
  • დერმატოლოგიური რეაქცია: მტევან-ტერფის სინდრომი, კანის სიმშრალე, დერმატიტი, კანის ფერის შეცვლა;
  • მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის ფუნქციის დარღვევა;
  • ლაბორატორიული მაჩვენებლების დარღვევა: ჰიპერგლიკემია, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, პროტეინურია, თრომბირების გახანგრძლივება.

უკუჩვენება:

  • ცენტრალური ნერვული სისტემის მეტასტაზური დაზიანება;
  • თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა;
  • ორსულობა;
  • ლაქტაცია;
  • მცირე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი);
  • მომატებული მგრძნობელობა ბევაციზუმაბის ან პრეპატარის სხვა კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
ავასტინით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის წარმოებაში გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობით.
პრეპარატი დიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზიის, არტერიული თრომბოემბოლიის არსებობისას, 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში, შეუხორცებელი ჭრილობების, სისხლდენების, სისხლიანი ხველის, თანდაყოლილი ჰემორაგიული დიათეზისა და შეძენილი კოაგულოპათიის დროს, ასევე - ანტიკოაგულანტის დიდი დოზის მიღების ფონზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციის, გულ-სისხლძარღვთა კლინიკურად მნიშვნელოვანი დაავადების ან გულის უკმარისობის, ნეიტროპენიის, პროტეინურიის შემთხვევაში. ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების განვითარებისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს ან მდგომარეობის სტაბილიზაციამდე შეჩერდეს. რეპროდუქციული ასაკის მამაკაცები და ქალები ავასტინით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან მინიმუმ 6 თვის მანძილზე უნდა იყენებდნენ კონტრაცეფციის სანდო მეთოდს. ავასტინით მკურნალობისას და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის მანძილზე ბავშვის ძუძუთი კვება არ შეიძლება.

ზედოზირება:
ბევაციზუმაბის მაქსიმალური დოზით (20 მგ/კგ ვენაში) დანიშვნის დროს რამდენიმე პაციენტს შაკიკის ტიპის ძლიერი თავის ტკივილი განუვითარდა. ზედოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება. სპეციალური ანტიდოტი არ არსბობს. ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან ერთად ავასტინის გამოყენებისას აღრიცხული არ ყოფილა არც ავასტინისა და არც ქიმიოთერაპიული პრეპარატების ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება. ავასტინისა და ვარფარინის (ვენური თრომბოზის მკურნალობა) კომბინირებული გამოყენებისას ძლიერი სისხლდენების გახშირება ასევე არ აღრიცხულა. დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოთი დაავადებულებში ავასტინის (10მგ/კგ 2 კვირაში ერთხელ) სუნიტინიბთან (50 მგ ყოველდღიურად) კომბინირებულმა გამოყენებამ მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემია გამოიწვია.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 2-80C ტემპერატურაზე (გაყინვა არ შეიძლება). ვარგისია 2 წელი. შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.