ლოქსიდოლი
LOXIDOL
LOXIDOL
სავაჭრო დასახელება
ლოქსიდოლი, Loxidol
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
მელოქსიკამი, Meloxicam
ქიმიური ფორმულა
4-ჰიდროქსი-2-მეთილ-N-(5-მეთილ2-თიაზოლილ)-2H-1,2-ბენზოთიაზინ-3-კარბოქსიამიდ-1,1-დიოქსიდი
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი.
აღწერილობა: ყვითელი, მომწვანო შეფერილობის, გამჭვირვალე ხსნარი.
შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: მელოქსიკამი 15,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მეგლუმინი, გლიკოფუროლი, პოლოქსამერ 188, გლიცინი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი M01AC06
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ლოქსიდოლი (მელოქსიკამი) წარმოადგენს ენოლის მჟავას წარმოებულებს და მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დადგენილია ანთების ყველა სტანდარტულ მოდელზე. მელოქსიკამის მოქმედების მექანიზმი პროსტაგლანდინების (ანთების მედიატორების) სინთეზის ინჰიბირების უნარში მდგომარეობს.
In vivo ლოქსიდოლი (მელოქსიკამი) აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს ანთების კერაში გაცილებით მეტად, ვიდრე კუჭის ლორწოვან გარსსა და თირკმელებში.
ეს განსხვავება დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) ციკლოოქსიგენაზა-1-თან (ცოგ-1) შედარებით უფრო სელექტიური ინჰიბირებით.
Ex vivo ნაჩვენებია, რომ მელოქსიკამი რეკომენდებულ დოზებში არ ახდენდა გავლენას თრომბოციტების აგრეგაციასა და სისხლდენის დროზე, განსხვავებით ინდომეტაცინის, დიკლოფენაკის, იბუპროფენისა და ნაპროქსენისაგან, რომლებიც მნიშვნელოვნად თრგუნავდნენ თრომბოციტების აგრეგაციას და ახანგრძლივებდნენ სისხლდენის დროს.
ფარმაკოკინეტიკა
მელოქსიკამი პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება ინტრამუსკულარული შეყვანისას. პლაზმაში ლოქსიდოლის (მელოქსიკამის) კონცენტრაცია შეყვანილი დოზის პროპორციულია. 15 მგ მელოქსიკამის ინტრამუსკულარული შეყვანიდან 60 წუთის შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 1,62 მგ/ლ.
მელოქსიკამი ძალიან კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს, განსაკუთრებით – ალბუმინს (90-100%). აღწევს სინოვიურ სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია პლაზმური კონცენტრაციის 50%-ს შეადგენს. გადანაწილების მოცულობა დაბალია, საშუალოდ 11 ლ.
მელოქსიკამი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში 4 ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. ძირითადი მეტაბოლიტი 5’-კარბოქსიმელოქსიკამია (დოზის დაახლოებით 60%), მიიღება შუალედური მეტაბოლიტის, 5’-ჰიდროქსიმეთილმელოქსიკამის დაჟანგვით, რომელიც ასევე ექსკრეტირედება, თუმცაღა უფრო ნაკლები რაოდენობით (დოზის 9%).
ლოქსიდოლი ფეკალურ მასებთან და შარდთან ერთად თანაბარი რაოდენობით გამოიყოფა, ძირითადად მეტაბოლიტების სახით. უცვლელი სახით ფეკალურ მასებთან ერთად სადღეღამისო დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა, ხოლო შარდში პრეპარატი უცვლელი სახით მხოლოდ კვალის სახით შეიმჩნევა.
მელოქსიკამის ნახევრაგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 20 საათია. პლაზმის კლირენსი შეადგენს 8 მლ/წთ.
ხანდაზმულ პაციენტებში პლაზმური კლირენსის მაჩვენებელი შედარებით დაბალია.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი ლოქსიდოლი (მელოქსიკამი) საინექციო ხსნარის ფორმით ნაჩვენებია მკურნალობის საწყისი პერიოდისა და ტკივილის სინდრომის მოკლევადიანი, სიმპტომური თერაპიისათვის რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს.
მიღების წესი და დოზირება
ლოქსიდოლი ენიშნებათ ზრდასრულ პაციენტებს. პრეპარატის ინტრამუსკულარული შეყვანა ნაჩვენებია მკურნალობის მხოლოდ პირველი 2-3 დღის განმავლობაში. შემდგომში თერაპია გრძელდება პრეპარატის პერორალური ფორმის (ტაბლეტები) მიღებით.
მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა 15 მგ-ს შეადგენს.
გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკის შემთხვევაში, მკურნალობას 7.5 მგ-ით იწყებენ.
პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა არ შეიძლება.
უკუჩვენებები
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
- ღვიძლის უკმარისობის მძიმე ფორმა;
- თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა (თუ ჰემოდიალიზი არ ტარდება);
- 15 წლამდე ბავშვთა ასაკი;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლჩაქცევა ტვინში ან ნებისმიერი სხვა სახის სისხლდენა;
- ანტიკოაგულანტებით მიმდინარე თერაპია.
ლოქსიდოლი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც მომატებული მგრძნობელობა აქვთ მელოქსიკამის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. არსებობს აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა აასს-ებთან (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) ჯვარედინი მგრძნობელობის განვითარების შესაძლებლობა. ასევე, პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული იმ პაციენტთათვის, რომელთაც ასთმის, ნაზალური პოლიპოზის, ანგიონევროზული შეშუპების ან ჭინჭრის ციების სიმპტომები (დაკავშრებული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ების მიღებასთან) აღენიშნებათ.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა (>1%); ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების გარდამავალი ცვლილებები (მათ შორის ტრანსამინაზების ან ბილირუბინის დონის მატება), ყაბზობა, ბოყინი, ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებები, ფარული ან მაკროსკოპულად ხილული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (0.1 – 1.0%), კოლიტი (<0.1%)
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია(>1.0%), ჰემოგრამის ცვლილებები, მათ შორის ლეიკოციტარული ფორმულის ცვლილება, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია (0.1 – 1.0%).
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე (> 1.0%), ჭინჭრის ციება(0.1 – 1.0%), ფოტოსენსიბილიზაცია (<0.1%). იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს ბულოზური რეაქციები, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქული ასთმის მწვავე განვითარება(<0.1%).
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი (>1.0%); თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური‘ ძილიანობა (0.1 – 1.0%).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეშუპება (>1.0%); არტერიული წნევის მომატება, გულისცემის შეგრძნება, სახის არეში სისხლის მოწოლის შეგრძნება (0.1 – 1.0%).
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილებები (კრეატინინის და/ან შარდოვანას დონის მატება სისხლში) (0.1 – 1.0%).
განსაკუთრებული მითითებები
მელოქსიკამი გამოიყენება სიფრთხილით სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების არსებობისას, აგრეთვე იმ პაცინეტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს.
პეპტიური წყლულის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. აასს-ები შესაძლოა გახდეს მიზეზი თირკმლის პროსტაგლანდინების ინჰიბირების, რომლებიც კომპენსატორულ როლს თამაშობს თირკმლის სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფაში. აასს-ების მიღებამ იმ პაციენტებში, რომელთაც თირკმლის სისხლის მიმოქცევა დაქვეითებული აქვთ, შესაძლოა გამოიწვიოს ფარულად მიმდინარე თირკმლის უკმარისობის დეკომპენსაცია. აასს-ების მოხსნა თირკმლის ფუნქციის პირვანდელ დონემდე აღდგენის საშუალებას იძლევა.
იმ პაციენტთათვის, რომლებსაც თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია აქვთ და ჰემოდიალიზზე იმყოფებიან, პრეპარატის დოზა არ უნდა აჭარბებდეს 7.5 მგ-ს. ხოლო მათთვის, ვისაც თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მცირე დარღვევები აღენიშნებათ (ანუ კრეატინინის კლირენსი 25 მლ/წთ-ზე მეტია) დოზის შემცირება საჭირო არ არის.
იშვიათ შემთხვევაში, აასს-ებმა შეიძლება გამოიწვიოს ინტერსტიციური ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის მედულური ნეკროზი ან ნეფროზული სინდრომი.
არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენებისას (ისევე როგორც აასს-ების უმრავლესობის შემთხვევაში) შრატში ტრანსამინაზების ან ღვიძლის ფუნქციის სხვა მაჩვენებლების ეპიზოდური მატების შესახებ. შემთხვევათა უმრავლესობაში, ეს მატება მცირე და გარდამავალი იყო. თუკი გამოვლენილი ცვლილებები არსებითია და დროთა განმავლობაში არ კლებულობს, პრეპარატი უნდა მოიხსნას და დაწესდეს ლაბორატორიულ ცვლილებებზე დაკვირვება. იმ პაციენტებს, რომელთაც კლინიკურად სტაბილური ციროზი აქვთ, დოზის შემცირება არ ესაჭიროებათ.
დასუსტებულმა პაციენტებმა შესაძლოა უფრო ცუდად გადაიტანონ არასასურველი გვერდითი მოვლენები, შესაბამისად ისინი მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. სიფრთხილე (ისევე, როგორც სხვა აასს-ების შემთხვევაში) საჭიროა ხანდაზმული პაციენტების მკურნალობისას, რამეთუ მათ ღვიძლის, თირკმლისა და გულის ფუნქციის დარღვევების ალბათობა უფრო მაღალი აქვთ.
აასს-ების დიურეზულ საშუალებებთან ერთად მიღებამ შეიძლება ნატრიუმის, კალიუმისა და წყლის შეკავება გამოიწვიოს და გავლენა მოახდინოს შარდმდენი საშუალებების ნატრიურეზულ ეფექტებზე. წინასწარგანწყობის არსებობისას, პაციენტებს შედეგად შესაძლოა გაუძლიერდეთ გულის უკმარისობის ან ჰიპერტენზიის სიმპტომები.
მელოქსიკამმა, ისევე როგორც სხვა აასს-ებმა, შესაძლოა შენიღბოს ინფექციური დაავადებების სიმპტომები.
მელოქსიკამის მიღებამ, ისევე როგორც იმ სხვა პრეპარატების, რომლებიც აბლოკირებენ ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სინთეზს, შეიძლება ფერტილობაზე იქონიოს გავლენა, ამიტომ, ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული მათთვის, ვინც დაორსულებას გეგმავს. ჩასახვის უნარის დარღვევის შემთხვევაში ან უნაყოფობის გამო გამოკვლევების ჩატარებისას, უნდა დადგეს მელოქსიკამის მოხსნის საკითხი.
ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
არ ჩატარებულა სპეციალური კვლევები ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის გავლენასათან დაკავშირებით. პაციენტებმა, რომელთაც მხედველობის დარღვევები, ძილიანობა ან ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები აღენიშნებათ, თავი უნდა შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციისას უკუნაჩვენებია.
გამოყენება პედიატრიაში
მელოქსიკამის ინტრამუსკულარული ინექციების სახით დოზირების რეჟიმი ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის, შესაბამისად, ლოქსიდოლი (მელოქსიკამი) მხოლოდ ზრდასრულ პაციენტებს შეიძლება დაენიშნოს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის სალიცილატები (აცეტილსალიცის მჟავა): ერთზე მეტი აასს-ის ერთდოული მიღება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და სისხლდენების განვითარების რისკს სინერგიული მოქმედების შედეგად. მელოქსიკამის სხვა აასს-ებთან ერთად მიღება არ არის რეკომენდებული. ლოქსიდოლის ერთდროული მიღება აცეტილსალიცილის მჟავასთან (1000 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში) ერთად ჯანმრთელ მოხალისეებში იწვევდა მელოქსიკამის AUC-სა (10%) და Сmax-ის (24%) ზრდას. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
პერორალური ანტიკოაგულანტები, ანტიაგრეგანტები, ჰეპარინი სისტემური გამოყენებისათვის, თრომბოლიზური საშუალებები: იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი. ამ პრეპარატების ერთდროული მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა მოხდეს ანტიკოაგულანტების ეფექტზე დაკვირვება.
ლითიუმი: აასს-ები ზრდიან ლითიუმის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირების გამო. პლაზმაში ლითიუმის შემცველობამ შესაძლოა ტოქსიურ მაჩვენებლებს მიაღწიოს. აასს-ებისა და ლითიუმის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული. ასეთი კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა პლაზმაში ლითიუმის შემცველობის კონტროლი მკურნალობის დაწყებისას, დოზის შერჩევისას და თერაპიის დასრულებისას.
საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები: აასს-ები ამცირებს საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების ეფექტურობას.
დიურეტიკები: დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში აასს-ების და დიურეტიკების ერთდროული მიღება ამაღლებს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკს. ასეთი კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში, პაციენტებმა უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობის სითხე. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა თირკმლის ფუნქციის გამოვკლევა.
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (მაგ., ბეტა-ადრენოლოკატორები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ვაზოდილატორები, დიურეტიკები): აასს-ები ამცირებს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტს, პროსტაგლანდინების ინჰიბირების გამო, რომელთაც ვაზოდილატაციური მოქმედება აქვს.
ქოლესტირამინი: ზრდის მელოქსიკამის გამოყოფას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი შეკავშირების შედეგად.
ციკლოსპორინი: აასს-ებს მეორადად, თირკმლის პროსტაგლანდინებზე ზამოქმედების გზით, შეუძლიათ გაზარდონ ციკლოსპორინის ნეფროტოქსიური ეფექტი. ლოქსიდოლისა (მელოქსიკამის) და ციკლოსპორინის ერთდროული დანიშვნისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
მელოქსიკამის ანტაციდებთან, ციმეტიდინთან, დიგოქსინთან ან ფუროსემიდთან ერთდროული მიღებისას არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები.
ჭარბი დოზირება
დღესდღეობით არ არსებობს მონაცემები ლოქსიდოლის ჭარბი დოზირების სპეციფიური სიმპტომების შესახებ. ასეთ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ზოგადი სიმპტომური მკურნალობა. ანტიდოტი არ არსებობს.
გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარის 1,5 მლ ამპულებში. 3 ამპულა კონტურულ შეფუთვაში მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის წესი
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
4 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).
მწარმოებელი
ლოქსიდოლი წარმოადგენს კომპანიის „ვორლდ მედიცინ“ (დიდი ბრიტანეთი) სავაჭრო მარკას.
დამზადებულია
"რომფარმ კომპანი ს.რ.ლ." -ის მიერ, ოტოპენი, ეროილორის ქუჩა 1ა, რუმინეთი.