10 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა ქირურგიის ეროვნული ცენტრის რიგით მე-6 სამეცნიერო კონგრესი, რომელიც აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადებიდან 132–ე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 75-ე წლისთავს და ცენტრში ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ოფიციალურად გახსნის თარიღს მიეძღვნა. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება მოიცავდა ორ სხვადასხვა კონფერენციას შემდეგი მიმართულების თემებით:
- „ონკოლოგიურ დაავადებათა თანამედროვე დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები“;
- „ათეროსკლეროზისა და ცერებრო–ვასკულური სინდრომების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პრინციპები“.
გამართული კონგრესის უმთავრესი მიზანი საქართველოში ონკოლოგიური მიმართულების განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის აღნიშვნა და მისთვის ხელშეწყობა იყო, რომლის საფუძველიც, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულ ბირთვული მედიცინის დეპარტამენტში, მსოფლიოში პირველი ციფრული პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფის დაინსტალირება გახდა.