ვენების ვარიკოზის მკურნალობის უნიკალური მეთოდი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

ვენების ვარიკოზის მკურნალობის უნიკალური მეთოდი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

„ლაზერული აბლაცია“ ეს არის სწრაფი, ეფექტური, უსისხლო ჩარევა თქვენს ვენებზე და ერთ დღეში მოგვარებული მტანჯველი პრობლემა!

გაცნობებთ, რომ ლაზერულ აბლაციაზე მოქმედებს საყოველთაო დაფინანსება!

ოფიციალური სტატისტიკით, ვარიკოზი აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალსა და ყოველ მეათე მამაკაცს.

ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინერგა ვარიკოზის მკურნალობა ლაზერული ტექნიკის გამოყენებით. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც განაკვეთების საჭიროება აღარ არის. მას ეწოდება “ლაზერული აბლაცია”.

მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.

„პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სუფთა ადამიანური დაავადებაა და უმეტესწილად ჩვენი სხეულის ვერტიკალური მდგომარეობით არის გამოწვეული. დიახ, არ გაგიკვირდეთ – ეს დაავადება ცხოველებში არ გვხვდება. მათი სხეული ჰორიზონტალურადაა განლაგებული და ვენური სისხლი გულისკენ თვითდინებით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიედინება. ადამიანის ქვემო კიდურებიდან კი სისხლმა ჯერ ვერტიკალურად განლაგებული ქვემო ღრუ ვენა უნდა გაიაროს სანამ გულში მოხვდებოდეს, მთელი ეს „სვეტი“ სისხლისა აწვება ქვემო კიდურების ვენების სარქველებს, რომლებიც საერთოდ არ არის გათვლილი ასეთ წნევაზე. ვენები ამ წნევის ზემოქმედებით ფართოვდება, სარქველები ვეღარ იჭერს. თუ ჯანმრთელი ვენური სარქველები უზრუნველყოფს სისხლის ცალმხრივ მოძრაობას ქვემოდან –ზემოთ, ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების სარქველები „აპარებს“ სისხლს ზემოდან ქვემოთ. ვენური სისხლი გუბდება ქვემო კიდურებში, რაც იწვევს შემდგომ გართულებათა მთელ წყებას. ბოლო კვლევებით დგინდება, რომ მოსახლეობის 50%–ს აქვს რაიმე ფორმით ვენური უკმარისობა, რაც ლოგიკურია – ჩვენ ყველანი ვერტიკალურად ვდგავართ“, – განაცხადა ბატონმა ირაკლიმ.

– რას გვეტყვით დაავადების წარმოქმნის ხელშემწყობ ფაქტორებზე?
– არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ უგრძვნია სიმძიმე წვივებში დიდხანს დგომისა თუ ჯდომის შემდეგ. ეს სიმძიმის შეგრძნება სწორედ ვერტიკალურ პოზიციაში ვენური სისხლის მოძრაობის შეფერხებითაა გამოწვეული. თუმცა დაავადება რომ ჩამოყალიბდეს, რამდენიმე ფაქტორის თანხვედრაა საჭირო. პირველ რიგში თანდაყოლილი მიდრეკილება – ვენური სარქველების გენეტიკური სისუსტე. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ფაქტორია, რაც პაციენტის ცხოვრების წესზე არ არის დამოკიდებული. ამასთან, დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია:
•    ორსულობა – ნაყოფი ძირითადად მენჯის ღრუს აწვება და ქვემო კიდურებიდან ვენურ ნაკადს აფერხებს. სწორედ ამით არის გამოწვეული ქალბატონებში მამაკაცებთან შედარებით ვარიკოზის მაღალი სიხშირე.
•    სიმსუქნე – ისევ და ისევ ვენური ნაკადის შეფერხების გამო.
•    ფეხზე დგომა და ჯდომა უმოძრაოდ – ქვემო კიდურების კუნთების შეკუმშვა ქვემო კიდურებიდან ვენური სისხლის გამოდევნის ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. უმოძრაობის დროს კუნთები არ იკუმშება და ვენური შეგუბების დონე ღრმავდება.
•    ცხელი აბაზანები, მზე – კიდურებზე სითბოს ზემოქმედება უფრო მეტად აფართოვებს ვენებს.
ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად კონტრაცეპტივები.

– ყველას გვინახავს ადამიანები, რომელთაც ფეხებზე აღენიშნებათ ვენური კვანძები – ისინი ტკივილს არ უჩივიან და ძირითადად სიმძიმის შეგრძნებაზე ამახვილებენ ყურადღებას. როგორც წესი თვლიან, რომ ეს მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა, თქვენ კი საშიში გართულებები ახსენეთ. გთხოვთ, მკითხველს განუმარტოთ.
– ვენური უკმარისობა ვლინდება სიმძიმის გრძნობით, რომელიც ძლიერდება დიდხანს დგომისა და/ან ჯდომისას, მოგვიანებით თავს იჩენს გამბრჯენი ტკივილები წვივებში, კანის ქავილი და წვა, ღამის კრუნჩხვები. საგულისხმოა, რომ ვენური კვანძების რაოდენობა და სიდიდე შეიძლება არც იყოს დაავადების სიმძიმის მაჩვენებელი, მცირედ გამოხატული კვანძები და უმნიშვნელო შეშუპებაც მძიმე გართულებების წინამორბედია. საკმაოდ შორსწასული ფორმების პირობებშიც, როდესაც მძიმე გართულებები პრაქტიკულად გარდაუვალია, პაციენტი შეიძლება არც უჩიოდეს ძლიერ დისკომფორტსა და ტკივილებს.
ვენურ უკმარისობას გართულებები სავალალო აქვს:  
•    ტროფიკული წყლული: შეუხორცებელი დეფექტი, უხშირესად წვივის შიდა ზედაპირზე, გოჯის ზონაში. ამის წინამორბედია კანის გამუქება, ე.წ. „ღვინის ლაქები“ წვივზე. ასეთი ლაქის ცენტრში საბოლოოდ წყლული ჩნდება. წყლული პერიოდულად თავად იხურება, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სერიოზული მკურნალობის გარეშე წყლული აუცილებლად ისევ წარმოიქმნება, უფრო დიდი ზომის და გართულებული ფორმის.  
•    ღრმა ვენების უკმარისობა, თრომბოზი და პოსტთრომბოზული სინდრომი – საზოგადოება ამ პროცესს დაავადების ღრმა ვენებზე გადასვლას უწოდებს და მინდა გითხრათ, რომ ეს მოსაზრება სიმართლესთან ახლოა: ზერელე ვენებით დაბრუნებულ სისხლის ნაკადს ღრმა ვენები ვეღარ აუდის, გადაიტვირთება და სარქველები აქაც ზიანდება. ამ დროს წვივები თვალშისაცემად შეშუპდება, კრუნჩხვები და გამბრჯენი ტკივილები გაძლიერდება. ღრმა ვენების მძიმე ხარისხის უკმარისობა თრომბოფლებიტმაც შეიძლება გამოიწვიოს. საწყის ეტაპზე ტემპერატურა იწევს, სივდება ქვემო კიდური, შეიძლება კანმა მოიისფრო ელფერიც მიიღოს და ამის მიზეზია ვენების ინფექციური ანთება და თრომბული მასებით სანათურის დახშობა, შედეგად კი ვენური სისხლის უკუდენის შეფერხება.  ყველაზე საშიში გართულება თრომბოემბოლიაა. ხშირად გაიგონებდით ფრაზას – თრომბმა დაარტყაო. თრომბოფლებიტის დროს სწორედ ეს თრომბები შეიძლება მოწყდეს ვენიდან და ვინაიდან არანაირი წინაღობა ხვდება, სისხლის ნაკადით მოხვდეს ფილტვის არტერიაში და დაახშოს. ეს კი ე.წ. „შოკოგენური ზონაა“ და თუ მოწყვეტილი თრომბი საკმარისად დიდია, შეიძლება მოხდეს სუნთქვისა და გულისცემის მომენტალური გაჩერება. უეცარ სიკვდილთა მიზეზებს შორის სწორედ თრომბოემბოლია იყოფს პირველ ადგილს მიოკარდიუმის ინფარქტთან. 

მოგეხსენებათ, ტროფიკული წყლულის პირობებში ძველი მეთოდიკა ითვალისწინებდა თვეობით დამღლელ მკურნალობასა და წყლულის შეხორცების შემთხვევაში, ოპერაციის ჩატარებას. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში არის საშუალება აქტიური წყლულის პირობებშივე ჩატარდეს რადიკალური ოპერაცია. საინტერესოა პაციენტების გაკვირვებული სახე, როდესაც წლობით შეუხორცებელ წყლულს ოპერაციის შემდეგ დღეებში შეხორცებულს ხედავენ.  

ღრმა ვენების უკმარისობის დროს ოპერაცია ნაკლებად ეფექტურია. ასეთი პაციენტის მთელი ცხოვრება ერთ უწყვეტ მკურნალობად იქცევა. ამ შემთხვევაში გამუდმებით უწევთ ელასტიური ბინტებისა და სპეციალური კოლგოტების ტარება.

თრომბოფლებიტი კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, სასიკვდილო თრომბოემბოლიის მიზეზი შეიძლება გახდეს. ვარიკოზული კვანძის ანთების, გაწითლების, გამკვრივების ან კიდურის სწრაფად შეშუპებისა და ტემპერატურის მომატების დროს სასიცოცხლოდ ნაჩვენებია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და ოპერაცია. 

– რას გვეტყვით მკურნალობის მეთოდზე?

– სამწუხაროდ, ვარიკოზული დაავადების მკურნალობის ერთადერთ შედეგიან მეთოდად კვლავინდებურად რჩება ქირურგიული ჩარევა. კონსერვატული მკურნალობა წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე მეთოდების ნუსხას. 

– რას გვეტყვით ლაზერული აბლაციის შესახებ?
– ლაზერული აბლაციის შედეგად კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება. მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას ჭრილობის გარეშე, ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაყუჩებით, აღარ არის საჭირო “დაძინება”, ზოგადი ან სპინალური “წელს ქვემოთ” ანესთეზია. პაციენტი პროცედურის შემდეგ დგება და მიდის სახლში. შემცირებულია რეაბილიტაციის პერიოდი და ა. შ.
ლაზერული აბლაციის ის თანამედროვე ტექნოლოგია რასაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ვფლობთ, უმეტეს შემთხვევებში იგივე ეფექტურობით აღმოფხვრის პათოლოგიას, როგორც ოპერაცია. ამავე დროს კი ოპერაციისგან განსხვავებით უაღრესად კომფორტულია პაციენტისთვის. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ჩარევების მიზანი სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება და აღწერილი გართულებების თავიდან აცილებაა. ვენური გამობერილობების გაქრობა ხდება თავისთავად, ვინაიდან ნადგურდება პათოლოგიურად შეცვლილი ვენა, მისი შენაკადებიც “იფუშება” და იმ კოსმეტიკური პრობლემების 95% თავისთავად ქრება.

– როგორ მოვიქცეთ დაავადების პროფილაქტიკისთვის?
– დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაზე, როდესაც პაციენტს მხოლოდ სიმძიმის გრძნობა აწუხებს, პროფილაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვენური უკმარისობის მქონე ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები: თავისუფალი ტანსაცმელი ჩაიცვას, წონა გააკონტროლოს, ივარჯიშოს, იცურაოს, მაქსიმალურად მოერიდოს დიდხანს ჯდომასა და დგომას, ცხელ აბაზანასა და გარუჯვაზე უარი თქვას. შხაპის მიღება უნდა დასრულდეს ფეხებზე ქვემოდან ზემოთ მიმართული ცივი წყლის ნაკადით. შეიძლება საჭირო გახდეს ელასტიური ბანდის ან სპეციალური ტრიკოტაჟის გამოყენება, ვენოტონური პრეპარატების მიღება. თუმცა კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ყველა ზემოაღნიშნული რეკომენდაცია წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დამხარე მეთოდს და რასაკვირველია, ვერ ამცირებს ოპერაციის აუცილებლობას. პირველივე სიმპტომებზე მიმართეთ ექიმს. გვახსოვდეს – ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენს ხელთაა! 


გისურვებთ ჯანმრთელობას!