არტერიულ ჰიპერტენზიას ხშირად „ჩუმ მკვლელსაც“ უწოდებენ.
ამ ზედმეტსახელს ნამდვილად ამართლებს, რადგან მანამდე არ ვლინდება, ვიდრე ორგანიზმს არ დააზარალებს. არტერიული ჰიპერტენზია გულის, თავის ტვინის, თირკმელების და სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკ–ფაქტორს წარმოადგენს.
განსაკუთრებული ყურადღება მართებთ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რადგან არტერიული ჰიპერტენზია სწორედ ამ ასაკიდან ვლინდება დიდი სიხშირით, ხოლო იშვიათად შეიძლება რომ 30 წლამდე ახალგაზრდასაც აწუხებდეს.
არტერიულ ჰიპერტენზიას, ისევე როგორც ზოგადად გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს, ახასიათებს სეზონური გამწვავება. ეს პერიოდებია გაზაფხული და შემოდგომა.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სიმპტომების ამოცნობას და წნევის დარეგულირებას, რადგან სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების, ინსულტისა და ინფარქტის პრევენცია.
სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ლიკა ხოსროშვილი.
– რა არის არტერიული ჰიპერტენზია?
– „წნევას“ პოპულარულად, ხოლო სამედიცინო ენაზე არტერიულ ჰიპერტენზიას უწოდებენ სისხლის „ზედა“ და „ქვედა“ ანუ სისტოლური და დიასტოლური წნევის ნორმაზე მეტად მომატებას. განასხვავებენ არტერიული წნევის ორ სახეს: პირველადს, ესენციურს ანუ იდიოპათიურ ჰიპერტენზიას, რომელიც შემთხვევათა 90–95%–ში ვლინდება და მეორადს (სიმპტომური), რომელიც დაკავშირებულია ორგანოების და სისტემების დაზიანებასთან, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებას ახდენენ არტერიული წნევის დონეზე. მეორადი არტერიული ჰიპერტენზიის კლასიფიცირება შემდეგნაირია: თირკმლისმიერი, ენდოკრინული, ნეიროგენული, ჰემოდინამიკური (კარდიოვასკულური, მექანიკური) და დანარჩენი. ამ შემთხვევაში ეტიოლოგიური ან პათოგენეზური ფაქტორის მოხსნა იწვევს არტერიული წნევის ნორმალიზებას.
– რა იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას და რამდენად შესაძლებელია კვების რაციონით წნევის დარეგულირება?
– ჰიპერტონული დაავადების მიზეზების ფორმირება სრულად დადგენილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია მემკვიდრული წინასწარგანწყობის შერწყმა გარეშე ფაქტორების არასასურველ ზემოქმედებასთან, მაგალითად, ჭარბი წონა, ნერვული სტრესი, დიდი რაოდენობით სუფრის მარილის მოხმარება, ალკოჰოლი, სიგარეტი, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის დონის მატება და ა.შ. ჰიპერტონიკების კვების რაციონი უნდა შედგებოდეს ხილისგან, ბოსტნეულისგან. სასურველია, მიირთვათ მაგნიუმით, კალციუმით, კალიუმით მდიდარი საკვები, რეკომენდირებულია დაბალი ცხიმის შემცველობის რძის პროდუქტები, მცენარეული ცხიმებით მდიდარი საკვები. ასევე უნდა გააკონტროლოთ მიღებული და გამოყოფილი სითხის რაოდენობა.
– რა სიმპტომებით ვლინდება ჰიპერტენზია?
– უხშირესად გაურთულებული ჰიპერტენზია მიმდინარეობს ასიმპტომურად. სიმპტომები, რომელიც თან ახლავს ჰიპერტენზიას შემდეგია: თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, გულის ფრიალი, სუნთქვის გაძნელება, მხედველობის დაბინდვა, ძილიანობა, კიდურების დაბუჟება. ასევე ხშირად მანიფესტირდება ცხვირიდან სისხლდენით. არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე გაზრდილია ინსულტის, ინფარქტის და გულის უკმარისობის შემთხვევები.
– როგორ მკურნალობთ არტერიულ ჰიპერტენზიას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყებამდე შემდეგი რეკომენდირებული კვლევები ტარდება: ეკგ– კვლევა (ელექტრო კარდიოგრამის გადაღება) შარდის საერთო ანალიზი, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, გლუკოზა სისხლში – უზმოზე და საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ, კალიუმის, კრეატინინის, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა სისხლში, ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში 24–საათიანი ჰოლტერმონიტორირება და არტერიული წნევის მონიტორინგი. ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე ინიშნება ორი ან მეტი ანტიჰიპერტენზიული, სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტი, სამიზნე არტერიული წნევის მისაღწევად. დაახლოებით 30%–ში ხდება მხოლოდ ერთი მედიკამენტით არტერიული წნევის ციფრების კარგად გაკონტროლება. ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებით (თიაზიდური დიურეზული საშუალებები, აგფ–ინჰიბიტორები, ბეტა ბლოკერები, კალციუმის არხების ანტაგონისტები, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკერები) მკურნალობისას არამარტო ვარეგულირებთ არტერიული წნევის ციფრებს, არამედ ამავე დროს ვახდენთ კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების პრევენციას.
– შეგიძლიათ გვითხრათ თუ რა მაჩვენებელი ითვლება ნორმალურ წნევად და რა ჰიპერტენზიად?
– ნორმად მიჩნეულია TA 119/79 მმვწყ.სვ–ზე;
ჰიპერტონული დაავადებაა, როცა არტერიული წნევის ციფრები აღემატება 140/90 მმვწყ.სვ–ს;
თუმცა, შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს ჰიპერტენზიად ითვლება არტერიული წნევის მაჩვენებელი 130/90 მმვწყ.სვ და მეტი;
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგს ლიკა ხოსროშვილს ნომერზე 577 37 33 35;
გისურვებთ ჯანმრთელობას!