ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ცხოვრების ნახევარი და ძალიან ბედნიერი 44 წელი გაატარა.
სახელი, გვარი: ნათელა ჯაიანი–ფხაკაძე.
პოზიცია: ლაბორანტი.
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო საქმე.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.
ჰობი: კლასიკური ლიტერატურა.
"როგორ შეიძლება არ მიყვარდეს დაწესებულება, სადაც პროფესიულად განვვითარდი, ერთგული მეგობრები შევიძინე და მომავალი მეუღლე თამაზ ფხაკაძე გავიცანი. ეს დღე ყოველთვის გამორჩეულად მახსენდება. თამაზი ანგიოქირურგი იყო და სიცოცხლის ბოლომდე კლინიკას ერთგულად ემსახურა. თავის საქმეში პროფესიონალი, სამაგალითო მეუღლე და მამა იყო. ფაქტობრივად, ოჯახიდან ოჯახში მოვდიოდით, ჩვენთვის ქირურგიის ეროვნული ცენტრი მეორე სახლი იყო. 2 შვილი და 6 შვილიშვილი მყავს. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია, ყოველთვის ვიცოდი, რომ მომავალს მედიცინას დავუკავშირებდი. ჩემი ჰობი კლასიკური ლიტერატურის კითხვაა. კითხვა ბავშვობიდან მიყვარს. სახლში ბიბლიოთეკა გვქონდა და წიგნების გარემოცვაში არაერთი საათი გარინდულს გამიტარებია. წიგნის კითხვა დედამ და ბებიამ შემაყვარეს. ადრეული ასაკიდან მიკითხავდნენ და პერსონაჟებს შეცვლილი ხმითა და ინტონაციით განასახიერებდნენ. ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ და არაფერს შევცვლიდი. იგივე შეცდომებს დავუშვებდი, იმავე გადაწყვეტილებებს მივიღებდი – ეს ხომ ჩემი ცხოვრებაა თავისი წარმატებით, ბედნიერებით თუ მცირე იმედგაცრუებით“, – განაცხადა ქალბატონმა ნათელამ.