სახელი, გვარი: ნინო ტაბატაძე.
პოზიცია: ენდოსკოპიური კაბინეტის მედდა.
განათლება: ახალციხის სამედიცინო სასწავლებელი, მედდა.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.
ჰობი: წიგნის კითხვა, კულინარია.
„მედიცინა ბავშვობიდანვე იმდენად მიყვარდა, რომ ჩემს წარმოდგენებში უკვე ექიმი ვიყავი და პლასტმასის თოჯინებს „ვმკურნალობდი“. სცენარიც კი მქონდა შექმნილი, თითქოს ჩემი თოჯინა ბაღში ცივდებოდა, შემდეგ სიცხეს ვუზომავდი, ტემპერატურის დამწევ წამლებს ვასმევდი და თქვენ წარმოიდგინეთ რამდენჯერმე სათამაშოს ნემსის გაკეთებაც კი დასჭირდა. ასე იყო, ყოველთვის მინდოდა ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ ცხოვრებამ მედდის პროფესიას დამაკავშირა. ვფიქრობ, მედდას თავისი სპეციალობა და პაციენტი ისე უნდა უყვარდეს, რომ მასში ნდობა დაიმსახუროს, თუმცა პირველ რიგში აუცილებელია პროფესიული ცოდნა და თავდაჯერებულობა. 42 წლის მანძილზე ვინ მოსთვლის რამდენი პაციენტის მკურნალობაში ვიყავი ჩართული, არაერთი რთული კლინიკური შემთხვევაც მინახავს, მაგრამ რატომღაც ყოველთვის მახსენდება ერთი. ეს მომენტი გონებაში სამუდამოდ ჩამებეჭდა. 1990–იან წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მოვლენების გამო პრაქტიკულად მოიშალა კლინიკის ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდებს ამის აღქმა გაუჭირდებათ, მაგრამ ჩემი თაობის წარმომადგენლები მიხვდებიან. წარმოიდგინეთ იყო პერიოდი, როცა კლინიკაში დენის წყაროზე ვრთავდით მხოლოდ საოპერაციოს. მიმღებში შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი. დაჭრილი პაციენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო და საოპერაციო ბლოკში უნდა აგვეყვანა. ელექტროენერგიის დაბალი მიწოდების გამო ვერაფრით ავამუშავეთ ლიფტი. სხვა გზა არ იყო, დრო არ ითმენდა და საკაცეზე მყოფი დაჭრილი ექიმებთან, ექთნებთან და დამხმარე სანიტრებთან ერთად ხელით ავიყვანე საოპერაციოში. ოპერაციაში როგორც მედდა ვმონაწილეობდი და საბედნიეროდ, ქირურგებმა მისი გადარჩენა შეძლეს. მოგეხსენებათ, 2011 წელს ქირურგიის ეროვნული ცენტრი შეიძინა კორპორაცია „ავერსმა“ და კლინიკის აღდგენა–განახლება უსწრაფესი ტემპით დაიწყო. მეამაყება, რომ ვმუშაობ მულტიპროფილურ საავადმყოფოში, ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ დეპარტამენტში. ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა მაჩუქა დიდი გამოცდილება და ბევრი ლამაზი წელი. თავისუფალ დროს მიყვარს შვილიშვილებთან ერთად ყოფნა და კერძების მომზადება; როგორც ამბობენ, ძალიან გემრიელად ვაცხობ“, – განაცხადა ქალბატონმა ნინომ.