გაიცანით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემატოლოგიური განყოფილების ექთანი
სახელი: ეკატერინე
გვარი: ჯიქია
პოზიცია: ჰემატოლოგიის ექთანი
განათლება: უმაღლესი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 2017 წლიდან ვმუშაობ და აქ მოსვლის დღიდან უდიდესი გამოცდილება მივიღე. აქვე გავხდი პროფესიული გუნდის წევრი და შევიძინე ბევრი კარგი ადამიანი. ხშირად მიფიქრია, ვინ ვიქნებოდი რომ არა ექთანი და ალბათ, მათემატიკოსი, რადგან ძალიან მიყვარს მათემატიკა. რაც შეეხება საინტერესო, არაორდინალურ კლინიკურ შემთხვევებს ძალიან ბევრი ყოფილა და დარწმუნებული ვარ მომავალშიც მრავლად იქნება. ასეთი კლინიკური შემთხვევები თითოეულ ჩვენგანს პროფესიულად ზრდის და ახალ უნარ-ჩვევებს სძენს. თავისუფალ დროს კი, რომელიც ასე მცირეა, შვილებთან ერთად ვატარებ. ალბათ, ამ დროის ნაკლებობის ბრალია, რომ ჰობი თითქმის არ მაქვს და ვცდილობ, დროს როგორც კი ვიხელთებ, გამოვიძინო. მიფიქრია ხოლმე, დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, სამედიცინო სფეროს არ ავირჩევდი-მეთქი, მაგრამ გამოჯანმრთელებული პაციენტის მადლიერი თვალები ყველაფერს მავიწყებს. ახალგაზრდებს, მომავალ ექთნებს ვურჩევდი, რომ არასოდეს შეწყვიტონ თვითგანვითარება და წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ. მითუმეტეს, მედიცინა გვავალდებულებს ფეხდაფეხ მივყვეთ სიახლეებს.