რა არის ენდოსონოგრაფია (EUS) ?
ენდოსონოგრაფია (EUS) - არის დიაგნოსტიკის მაღალტექნოლოგიური კვლევა, რომელიც აერთიანებს ენდოსკოპიური და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის შესაძლებლობებს.
- კვლევა ტარდება სპეციალური ინსტრუმენტით - ექოენდოსკოპით, რომელიც წარმოადგენს გვერდითი ხედვის გასტროსკოპს („გადასაყლაპ ზონდს“), რის თავზეც დამაგრებულია მცირე ზომის ულტრაბგერითი (ექოსკოპიის) სკანერი. „ზონდის“ მეშვეობით ულტრაბგერითი სკანერი მიგვყავს გამოსაკვლევ ორგანოსთან უახლოეს მანძილზე.
- ექოენდოსკოპი იყენებს 5-დან - 12 მჰც-მდე ულტრაბგერით სიხშირეს, რაც უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალ ხარისხს 1 მმ-ზე ნაკლები გარჩევადობით და 6 სმ. რადიუსზე ნათელ ვიზუალიზაციას. მას ასევე აქვს სპეციალური ინსტრუმენტური არხი, რომელიც იძლევა სამკურნალო მანიპულაციების და ბიოფსიის აღების საშუალებას.
- ენდოსონოგრაფია არის საყლაპავის და კუჭის-ნაწლავის კედლის შრეების ვიზუალიზაციის ერთადერთი მეთოდი.
ენდოსონოგრაფია გამოიყენება დიაგნოსტიკისთვის სხვა ხელმისაწვდომი კვლევების შემდეგ და ემსახურება შემდეგ მიზნებს:
- სიმსივნური წარმონაქმნის საბოლოო და ზუსტი შეფასება (სიმსივნის TNM-სტადირება: გავრცელება, ურთიერთობა ირგვლიმდებარე ორგანოებთან და ქსოვილებთან, მეტასტაზური ლიმფური კვანძების აღმოჩენა);
- სიმსივნური წარმონაქმნისბუნების დადგენა (სიმსივნის და საეჭვო ლიმფური კვანძების წვრილნემსიანი ასპირაცია და ბიოფსია, მიღებული მასალის შემდგომი მორფოლოგიური და ციტოლოგიური კვლევისთვის);
- სწორი სამკურნალო ტაქტიკის შერჩევა.
ჩვენება:
I. პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვალი) დაავადებები - „ოქროს სტანდარტი“.
- პანკრეასის, ფატერის დვრილის, ვირსუნგის სადინარის სხვადასხვა სიმსივნური წარმონაქმნების დეტალური დიაგნოსტიკა (TNM-სტადირება) და ბიოფსია;
- ქრონიკული პანკრეატიტის და მისი გართულებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
- მწვავე პანკრეატიტის ეთიოლოგიური ფაქტორის დადგენა.
II. კუჭის და საყლაპავის კიბო.
- კუჭის და საყლაპავის კიბოს წინასაოპერაციო T- და N-სტადირება და რეზექტაბელობის (ამოკვეთის შესაძლებლობა) შეფასება ოპერაბელურ პაციენტებში;
- კუჭის გასქელებული ნაოჭების მიზეზის დიაგნოსტიკა და ბიოფსია.
III. ლორწქვეშა სიმსივნური წარმონაქმნები.
- 1 სმ-ზე მეტი ლორწქვეშა წარმონაქმნი უნდა შეფასდეს ენდოსონოგრაფიით;
- ენდოსონოგრაფია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კედლის შრე, საიდანაც იზრდება წარმონაქმნი და დავადგინოთ მისი ნამდვილი ზომა და ზრდის მიმართულება;
- ულტრაბგერითი მახასიათებლების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ წარმონაქმნის ჰისტოლოგიური სტრუქტურა - 87,5 %-ის სიზუსტით განვსაზღვროთ წარმონაქმნის ავთვისებიანი ხასიათი;
- ლორწქვეშა წარმონაქმნის ბიოფსია;
- შეგვიძლია 100 %-ით გამოვრიცხოთ ექსტრაორგანული ზეწოლა.
IV. ფილტვის კიბო.
- საყლაპავთან ახლოს მდებარე ფილტვის წარმონაქმნის შეფასება და მისგან ბიოფსიის აღება (მგრძნობელობა - 92 %).
- შუასაყრის ლიმფური კვანძების ბიოფსია (მგრძნობელობა - 90 %, სპეციფიურობა - 97 %);
- წარმონაქმნის შუასაყარში ინვაზიის შეფასება (T4 სტადია) (თვით შუასაყარში, მსხვილ სისხლძარღვებში და ხერხემლის მალებში ჩაზრდა).
V. ღვიძლი და სანაღვლე გზები.
- ღვიძლის მეტასტაზების პუნქცია, თუ მეტასტაზი მიუწვდომელია კანიდან პუნქციისთვის და თუ კანიდან პუნქციის შემდეგ რამდენჯერმე არასარწმუნო შედეგი მივიღეთ;
- ბილიარული ტრაქტის სიმსივნური წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და მათი T- და N-სტადირება (კეთილთვისებიანის ავთვისებიანი სიმსივნისგან გარჩევა - 76-92 %);
- მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანაღვლე და ვირსუნგის სადინრის ტერმინალური მონაკვეთების და ფატერის დვრილის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის. ეს ზონები ნაკლებად მისაწვდომია სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებისთვის;
- ქოლელითიაზის დიაგნოსტიკა (სიზუსტე 93-100 %);
- პირველადი სკლეროზირებადი ქოლანგიტის დიაგნოსტიკა.
VI. სამკურნალო მანიპულაციები ენდოსონოგრაფიის ქვეშ.
- პანკრეასის ფსევდოკისტების, სანაღვლე და პანკრეასის სადინრების დრენირება.
- სხვადასხვა ანასტომოზების ფორმირება (ქოლანგიოდუოდენოსტომია, გასტროენტეროსტომია, პანკრეატიკოგასტროსტომია).
- ფაშვისწნულის ნეიროლიზი - არის ეფექტური საშუალება ქრონიკული ტკივილის წინააღმდეგ საბრძოლველად პანკრეასის და ღვიძლის სიმსივნეებით დაავადებულ არაოპერაბერულ (პალიატიურ) პაციენტებში.
- რადიოსიხშირის აბლაცია (EUS RFA) - მიზნობრივი ქსოვილის (კიბოს უჯრედების) თერმული დაზიანება ელექტრომაგნიტური ველის გამოყენებით. დაზიანებული უჯრედები რამოდენიმე დღე განიცდიან კოაგულაციურ ნეკროზს.
- ბრაქითერაპია - რადიაციული წყარო (იოდი-125) თავსდება პირდაპირ სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში (პანკრეასი და ღვიძლი), ან შიგნით სიმსივნეში ან სიმსივნის ზედაპირზე, შესაბამისად, მოიცავს მთელ წარმონაქმნს. ამ გზით მიზანმიმართულად, ზუსტად სხივდება სამიზნე ორგანო და მაქსიმალურად დაცული რჩება სხვა ჯანმრთელი ორგანოები თუ სტრუქტურები. ეფექტურია ქიმიოთერაპიასთან ერთად.
- სხივური თერაპიისთვის ავთვისებიანი სიმსივნის უბანში (პანკრეასი) რენტგენოკონტრასტული მარკერების განთავსება. საშუალებას გვაძლევს ზუსტად მივმართოთ სხივები მიზნობრივ უბანზე (სუნთქვითი მოძრაობებისდა მიუხედავად) და თავიდან ავიცილოთ გარშემო ქსოვილების არაადექვატური დასხივება.
- პანკრეასის ავთვისებიანი კისტის აბლაცია - კისტაში ციტოტოქსიური აგენტის (ეთანოლი, პაკლიტაქსელი) შეყვანა, რაც იწვევს კისტის კედლის აბლაციას (ქსოვილის ნეკროზს).
EU-ME3:
1) EU-ME2-თან შედარებითB-რეჟიმში გამოსახულება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა;
2) THE (Tissue Harmonic Echo)-რეჟიმი - უზრუნველყოფს უფრო დეტალურ მარცვლოვან გამოსახულებას, რაც აუმჯობესებს ქსოვილის გარჩევადობას და ამცირებს არტეფაქტებს;
3) Color Flow, Power Flow, Pulse Wave Doppler რეჟიმების გარდა, რომლებიც გვეხმარება საშუალო და დიდი კალიბრის სისხლძარღვების ამოცნობაში, დაემატა ახალი დოპლერ-რეჟიმი - H-Flow, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ უფრო მცირე კალიბრის სისხლძარღვები და თავიდან ავიცილოთ მათი დაზიანება წვრილი ნემსით პუნქციის დროს, რაც კიდევ უფრო უსაფრთხოს ქმნის ბიოფსიის ჩატარებას.
4) SWQ (Shear Wave Quantification)-რეჟიმი - ავტომატურად ითვლის ქსოვილის აბსოლუტურ სიხისტეს, რაც დამატებით გვეხმარება დიაგნოსტიკაში და საპუნქციო ნემსის არჩევაში;
5) S-Focus - ავტომატურად აყენებს ფოკუსს, რომელიც არ იცვლება ექოენდოსკოპის მცირე მანძილით მოცილებისას (სუნთქვითი მოძრაობების დროს არ იკარგება ფოკუსი).