ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ემორის უნივერსიტეტის კლინიკის ანესთეზიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის, პროფესორ მარკუს კლაასის პრეზენტაცია შედგა.
პროფესორის პრეზენტაცია მიეძღვნა ანესთეზიოლოგიის თანამედროვე მიდგომებს.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა. კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლაშა ბაზაძემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თეა გამეზარდაშვილმა და კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩადუნელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველთვის დიდი სიხარულით უმასპინძლებს მსგავს მნიშვნელოვან ღონისძიებებს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის, მთავარი კლინიკის და მისი ფილიალის, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ანესთეზიოლოგები და მოწვეული სტუმრები.
პროფესორის საპრეზენტაციო თემის დიდი ნაწილი მიეძღვნა NORA-ს (non operating room anesthesia) ანუ ე.წ. „საოფისე ქირურგიის“ დროს (ენდოსკოპიისას, რადიოლოგიური ინტერვენციების, რადიაციული ონკოლოგიისას, ემერჯენსში და სხვა) ჩატარებულ ანესთეზიებს და ამ საკითხში აშშ–ს გამოცდილებას.
პროფესორის განმარტებით, ბოლო ათწლეულში გაიზარდა ტენდენცია, რომ ანესთეზია ჩატარდეს საოპერაციო ბლოკის მიღმა და აღინიშნა, რომ ანესთეზიაში გართულებების სიხშირის მნიშვნელოვანი წილი სწორედ NORA–ზე მოდის. მან და მისმა გუნდმა ამ გართულებული შემთხვევების სტატისტიკა შეისწავლეს, პაციენტისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით.
პროფესორმა ასევე წარმოადგინა სტატისტიკა, საიდანაც ნათლად ჩანდა თუ როგორ მნიშვნელოვნად შემცირდა საოპერაციო გარემოში ანესთეზიის გართულებათა რიცხვი აშშ–ში ბოლო ათწლეულში.
პრეზენტაციის ბოლოს პროფესორმა კლინიკის ხელმძღვანელობას და დამსწრე საზოგადოებას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია კომპანია Drager–ის წარმოების საანესთეზიო აპარატებით, სისხლის გაზების ანალიზატორებით, საინფუზიო მოწყობილობებით, ინვაზიური და არაინვაზიური, ახალი თაობის კარდიომონიტორებით.
ანესთეზიოლოგიურ დეპარტამენტში გამოიყენება ანესთეზიის შემდეგისახეები:
- ზოგადი ბალანსირებული ანესთეზია;
- ტოტალური ინტრავენური ანესთეზია;
- რეგიონული ანესთეზიის სხვადასხვა მეთოდები;
- ინტრავენური სედაცია ამბულატორიულ ქირურგიაში და საოპერაციოს გარეთ დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარებისთვის;
- ტკივილის სინდრომის ეტიოპათოგენეზური პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- მექანიკური ვენტილაციით მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ფილტვის მწვავე დაზიანებისა და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე პაციენტებში;
- ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის ახალი მეთოდები.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
გისურვებთ ჯანმრთელობას!