პაციენტი, რომელმაც ქირურგიის ეროვნული ცენტრის დახმარებით მწვავე ლეიკემია დაამარცხა

პაციენტი, რომელმაც ქირურგიის ეროვნული ცენტრის დახმარებით მწვავე ლეიკემია დაამარცხა

ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე ექიმის ბიოგრაფიაში ერთ–ერთი ნათელი წერტილი და უდიდესი სტიმულია.

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

საბედნიეროდ, ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ბევრი მადლიერი პაციენტი ჰყავს. პაციენტები, რომლებმაც კლინიკას ჯანმრთელობა და სიცოცხლე ანდეს, განიკურნენ და მადლიერებას, დადებით ემოციას გამოხატავენ მკურნალი ექიმის, სამედიცინო პერსონალის მიმართ.

გულისამაჩუყებელი პოსტი, იმედისმომცემი წერილი

რამდენიმე საათის წინ, ჰემატოლოგიური დეპარტამენტის ჰემატოლოგის ლია კარკაძის მისამართით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე გულისამაჩუყებელი პოსტი გამოაქვეყნა პაციენტმა, რომელმაც მწვავე ლეიკემია დაამარცხა. 

„როდესაც სიკვდილის პირისპირ აღმოვჩნდი, მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ზეადამიანი, ექიმი, რომელმაც დედობრივი მზრუნველობითა და ღრმა რწმენით დაიწყო ჩემზე ზრუნვა. ერთხელ მითხრა „ნუ გეშინია, ჩვენ ამ რთულ გზას ერთად გავივლით და გავიმარჯვებთ!“. მას შემდეგ ბევრი ომი მოვიგეთ, მაგრამ საბოლოო ბრძოლა ჯერ კიდევ წინ იყო... ლია ექიმი ჩემი გულის ნაწილი გახდა. ათასჯერ გავიმეორებ, რომ მეამაყება და მიყვარს! მიყვარს მისი პიროვნება, თავდაჯერებულობა, ცოდნა, გამოცდილება, მისი ჩემდამი დამოკიდებულება, მზრუნველობა, საოცარი უნარი დარწმუნების, რომ სიკვდილზე ფიქრი არ უნდა გაბედო... ის მაღალი დონისა და უმაღლესი შეგნების ექიმია. ჩემი სხეულისა და სულის მკურნალი. ეს ის ადამიანია, რომელმაც ყველაზე მეტად იცის როგორ მტკიოდა, როგორ მიჭირდა, როგორ ვებღაუჭებოდი სიცოცხლეს... ჩვენ ერთად ვდევნიდით სიკვდილს პალატიდან. გამოგვივიდა, ჩვენ ომი მოვიგეთ!“, – ეს მცირე ამონარიდია ვრცელი პოსტიდან, რომელიც შეუძლებელია ცრემლების გარეშე წაიკითხო. თითოეული სიტყვა მადლიერებით, სიყვარულითა და იმედითაა აღსავსე.

შესაძლოა ნიუსს კითხულობდეს პაციენტი, რომელსაც ანალოგიური დიაგნოზი დაუსვეს, შეშინებულია და აქვს განცდა თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ეს დიაგნოზი დიდი ხანია განაჩენი აღარ არის, მისი მართვა შესაძლებელია, განკურნებულიც ბევრია და ყველა მათგანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

ამ პაციენტის შემთხვევა შესაძლოა კარგი მაგალითი გახდეს სხვისთვის და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგითხროთ ისტორია სიმპტომების პირველი გამოვლენიდან იმ ბედნიერ წუთამდე, როდესაც შეიტყო, რომ მკურნალობის კურსმა შედეგი გამოიღო და განიკურნა.

რა უნდა იცოდეთ კლინიკური შემთხვევის შესახებ?

პირველი სიმპტომები

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 2 წლის წინ მიმართა.

ახალგაზრდა ქალბატონს კბილის ექსტრაქციის (კბილის ამოღება) დროს დაეწყო ძლიერი სისხლდენა. მოგვიანებით შენიშნა კანზე სისხლჩაქცევები, უჩიოდა თავის ტკივილს, საერთო სისუსტეს. ჩივილებიდან გამომდინარე იფიქრა, რომ ექიმის დახმარება სჭირდებოდა.

სიმპტომთა დიფერენცირებისა და ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ჩატარდა სისხლის საერთო ანალიზი.

სისხლში გამოვლინდა თრომბოციტოპენია, ანუ მდგომარეობა, როდესაც სისხლის ფორმიანი ელემენტები (თრომბოციტები), რომლებიც სისხლის შედედებაში მონაწილეობენ, მკვეთრად შემცირებულია. 

ექიმმა, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემატოლოგმა ლია კარკაძემ ეჭვი ლეიკემიაზე მიიტანა.

რასაკვირველია, მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზით სრული სურათი ვერ მიიღება და დაინიშნა დამატებითი კვლევები, კერძოდ:

  • ძვლის ტვინის ციტომორფოლოგიური კვლევა;
  • იმუნოფენოტიპირება;
  • ციტოგენეტიკური კვლევა.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოსტიკური კვლევების საფუძველზე, დადასტურდა დიაგნოზი – მწვავე პრომიელოციტური ლეიკემია.

მკურნალმა ექიმმა დაიწყო ქიმიოთერაპიული მკურნალობა, რომელიც ლეიკემიასთან ბრძოლაში ძალიან ეფექტური აღმოჩნდა – ფაქტობრივად, დღეის მონაცემებით, მინიმალური ნარჩენი დაავადების შეფასების მიზნით ჩატარებულ, მოლეკულურ–გენეტიკურ კვლევაზე დაყრდნობით, პაციენტი ლეიკემიისგან სრულიად განკურნებულია.

ჰემატოლოგმა დაგვიდასტურა, რომ ამ ეტაპზე მკურნალობის კურსი დასრულებულია, პაციენტს ქიმიოთერაპია აღარ სჭირდება.

რა არის ლეიკემია?    

ლეიკემია სისხლის სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ღეროვანი უჯრედის მუტაციის შედეგად ვითარდება.

ბევრი კვლევის მიუხედავად, დღემდე მეცნიერებისთვის ლეიკემიის გამომწვევი უშუალო მიზეზი დაუდგენელია და თვლიან, რომ საქმე გვაქვს ჰეტეროგენულ, ანუ სხვადასხვა მიზეზით განპირობებულ დაავადებასთან.

ამ მოსაზრების საფუძველზე, როგორც წესი, განიხილავენ რამდენიმე შესაძლო გამომწვევ ფაქტორს, კერძოდ:

  • რადიაციულს;
  • ვირუსულს;
  • გენეტიკურს;
  • ქიმიურსა და სხვა.

ერთმანეთისგან განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.

მორფოლოგიურად კი გამოიყოფა 2 ძირითადი ჯგუფი: მიელოიდური და ლიმფოიდური, რომელიც თავის მხრივ ქვეჯგუფებად იყოფა. ასეთ დაყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს პროგნოზის, მიმდინარეობისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის. 

leikemia

ლეიკემიის სიმპტომები

კლინიკური სურათი მრავალფეროვანია.

ახასიათებს ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები:

  • საერთო სისუსტე;
  • ცხელება;
  • ოფლიანობა;
  • თავის ტკივილი;
  • ძვლების (განსაკუთრებით მკერდის ძვლის) ტკივილი;
  • ღრძილების ტკივილი და შეშუპება.

ხშირად უშედეგო მკურნალობის შემდეგ სტომატოლოგები პაციენტს სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევას სთხოვენ და საბოლოოდ ჰემატოლოგებთან გზავნიან. 

აღსანიშნავია, რომ სიმპტომები ხშირად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენადაა შეცვლილი სისხლის სურათი. მაგალითად, პაციენტი შეიძლება უჩიოდეს ანემიურ სიმპტომებს (თავბრუსხვევა, არითმია, გახშირებული გულისცემა, ჰაერის უკმარისობა და სხვა).

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება შესაძლოა სისხლდენითა და სისხლჩაქცევებით გამოვლინდეს. განსაკუთრებით დამახასიათებელია წერტილოვანი სისხლჩაქცევები სხეულზე, სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან: ღრძილებიდან და ცხვირიდან, ასევე საშვილოსნოდან, კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან. პაციენტმა შეიძლება შენიშნოს სისხლიანი შარდიც კი. 

გთხოვთ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე დროულად მიმართოთ ექიმს.

რა უნდა გაითვალისწინოს ყველა პაციენტმა?

„პირველ რიგში მინდა ყველა პაციენტმა და მისმა ახლობელმა კარგად გაიაზროს, რომ თანამედროვე მედიცინა წინ მიიწევს და ლეიკემიის მართვა შესაძლებელია. ჩვენ ერთად გადავლახეთ მძიმე პერიოდები, მაგალითად, ქიმიოთერაპიის დროს თმის ცვენა, ძლიერი ტკივილები, მაღალი ცხელება, საერთო სისუსტე – ერთი სიტყვით ყველა ის რიგი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება ონკოლოგიურმა პაციენტმა საკუთარ თავზე გამოსცადოს. თუმცა იმდენად ღრმად სწამდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა, იმდენად ძლიერი ემოციური ფონი ჰქონდა, რომ გულწრფელად ვიტყვი მისი განწყობა ლეიკემიის დამარცხებაში დამეხმარა. ოპტიმისტურად, შემართებით იყო განწყობილი; იბრძოდა მთავარი რამისთვის – დაავადების დასამარცხებლად. პირველ რიგში ამ მშვენიერმა ახალგაზრდა ქალბატონმა დამიჯერა, მენდო და საკუთარი შედეგით დაადასტურა, რომ ლეიკემია განაჩენი არ არის. ძალიან და ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტის დამოკიდებულება დაავადების მიმართ. ძვირფასო პაციენტებო, თქვენი სულიერი და ფსიქოლოგიური განწყობა მთელ ორგანიზმზე აისახება. აუცილებელია იმის რწმენა, რომ გამოჯანმრთელდებით, მკურნალობის პროცესში გადალახავთ ყველა სირთულეს. აქვე დავამატებ, რომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ექიმის ყველა რეკომენდაცია. ნებისმიერი სიმპტომი, ისეთიც კი, რომელიც შეიძლება სრულიად უმნიშვნელო მოგეჩვენოთ, საყურადღებოა. რასაკვირველია, ნებისმიერი დაავადების დროს მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანადგომა“, – განაცხადა ქალბატონმა ლიამ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!