ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობდა ხორვატი ფეხბურთელი ივიცა ზუნიჩი.
ფეხბურთელმა სახის არეში მძიმე ტრავმა „დინამო თბილისსა“ და „გაბალას“ მატჩზე (უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ეტაპის განმეორებითი შეხვედრა) მიიღო.
სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ ხორვატი მცველი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. მას ყვრიმალის კომპლექსი და თვალბუდის ფსკერი ჰქონდა მოტეხილი.
კლინიკაში შეყვანისას პაციენტი უჩიოდა შემდეგ სიმპტომებს:
- ზედა ყბის გაბუჟება;
- სახის ასიმეტრია;
- თავბრუსხვევა;
- ძლიერი თავის ტკივილი.
ჩატარდა თავის ტვინისა და სახის ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფია. კლინიკის ყბა–სახის ქირურგთა გუნდმა ჩაატარა სახის ძვლების მოტეხილი ფრაგმენტების რეკონსტრუქცია, რეპოზიცია–ფიქსაცია, მარცხენა ჰაიმორის წიაღის სანაცია. ოპერაციის დროს გამოიყენეს ტიტანის მინი ფირფიტები, ჭანჭიკები და ბიოლოგიური მემბრანები.
2–საათიანმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა – აღდგა სახის სიმეტრია, ყვრიმალის კომპლექსი, თვალბუდის ფსკერი. ფეხბურთელი ჯანმრთელობის გაუმჯობესებული მდგომარეობით კლინიკიდან 2 დღეში გაეწერა.
ხორვატმა მცველმა რამდენიმე საათის წინ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა.
„ფეხბურთის მატჩზე მიღებული სერიოზული ტრავმის შემდეგ ამ კლინიკაში გადამიყვანეს, სადაც ექიმმა შოთა ლობჟანიძემ ოპერაცია წარმატებით ჩამიტარა. ყველას დიდი მადლობა“, – ვკითხულობთ ივიცას პოსტში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!